29 სექტემბერს სოფელ ხურვალეთიდან 36 წლის სამი შვილის დედა მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს. „რეზონანსთან“ მისი ოჯახი აცხადებს, რომ ცხინვალიდან მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებიათ და გატაცებული ქალის შესახებ არაფერი იციან. მათივე ინფორმაციით, გატაცება საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიდან მოხდა.
3 შვილის დედა ქმართან ერთად კაკლის ასაკრეფად იყო წასული იმ ნაკვეთში, რომელზეც ამ დრომდე მოსავალს იღებდა. მაია ოთინაშვილს საკუთარ ბაღში ჩაუსაფრდნენ. სავარაუდოდ, მას უთვალთვალებდნენ და როდესაც ქმრისგან მოშორებით აღმოჩნდა, თავს დაესხნენ და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მავთულხლართებზე გადაიყვანეს.
როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, ქალი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, მაგრამ დახმარება ვეღარ მოასწრეს.
„ბაღში გავიდა კაკალზე, უნდა დაეკრიფა. იქვე ბაღში „სარაიაა“, იქ ყოფილან ჩამალულები და სახე ნიღაბით ჰქონიათ დაფარული. ორნი იყვნენ, გოგოს ხელკავი გაუყარეს და მავთულხლართზე გადაათრიეს. ყვიროდა თურმე - მიშველეთო, მაგრამ შველა ვეღარ მოასწრეს. მანქანაში ჩასვეს და გააქციეს. ბიჭი მორბოდა იქიდან - შენი რძალი დაიჭირეს და წაიყვანეს და ჩქარა პოლიციაში დარეკეო. ჩვეულებრივად ჩვენი ტერიტორიიდან გაიტაცეს. ცხინვალიდან ჯერ არავინ დაგვკავშირებია“, - განაცხადა გატაცებული გოგონას დედამთილმა „რეზონანსთან“.
სოფლის მცხოვრებლები ყვებიან, რომ რუსი ჯარისკაცები სოფელ ხურვალეთში ადგილობრივებზე უბრალოდ ნადირობენ. ამის მიზეზი კი მათ დასახსნელად გადასახდელი ფულადი ჯარიმაა. ერთი გატაცებული სოფლის მცხოვრებლის გათავისუფლებაში ისინი ორას ლარამდე ჯარიმას იღებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სიტუაცია დღითი დღე უფრო მძიმდება. მათ საკუთარ ბაღებში შესვლის და მუშაობის ეშინიათ. განსაკუთრებით ეს გამყოფ ზოლთან მდებარე ბაღებშია საშიში, რადგანაც დღის განმავლობაში ე.წ. მესაზღვრეები ჩასაფრებულები არიან და სოფლის მცხოვრებლების გამოჩენას ელოდებიან.
„გატაცება ფაქტობრივად ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებიდან ხდება. მაიაც ასე გაიტაცეს. ქმართან ერთად საკუთარ ბაღში იმყოფებოდა. კაკალს კრეფდნენ. როგორც ჩანს, უთვალთვალეს, ქალი რომ მეუღლეს გასცდა და მის დახმარებას ვეღარ შეძლებდა, თავს დაესხნენ.
„კბილებმადე შეიარაღებულები დადიან. ან მისი ქმარი რა წინააღმდეგობას გაუწევდა, მასაც დაიჭერდნენ. სანამ ქალმა ყვირილით გააგებინა, რომ ეშველა, მათ მავთულხლართებზე მისი გადაყვანა მოასწრეს.
„ჩვეულებრივი ადამიანებზე ნადირობა მიდის, მეტი საქმე არ აქვთ. დილიდან ღამემდე აქ, ჩვენს ბაღებში სხედან. წინააღმდეგობას ვინ გაუწევს, როგორც უნდათ გადმოდიან და გადადიან. ჩვენზე ფულს აკეთებენ. საცოდავი ხალხი ვმუშაობთ, ესენი კიდევ გაგივიტაცებენ და 200 ლარამდე ფულს ითხოვენ.
„განსაკუთრებით მაშინ აქტიურდებიან, როცა მოსავლის აღების დრო დგება. იციან, რომ სოფლის მცხოვრებლები მოსავლის ასაღებად ბაღებში მივლენ და იქ ელოდებიან. აი, ასეთია ჩვენი ცხოვრება, კაცი არაა ჩვენი დამხმარე. ისე შევეჩვიეთ უკვეე, რომ ფულსაც კი გადავდებ ხოლმე, გატაცების შემთხვევაში ჩემმა ოჯახმა რომ გადაიხადოს“, - აცხადებს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები „რეზონანსთან“.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ 36 წლის მაია ოთინაშვილის გატაცების შესახებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქმის კურსშია.
გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი,აღნიშნავს, რომ ეს რუსი სამხედროების მხრიდან ქალების გატაცების მეორე შემთხვევაა.