საქართველოში ათონის მთიდან სასულიერო პირების 4-კაციანი დელეგაცია იმყოფება და რადგანაც დღეს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი მართლმადიდებელ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ათონის მთას კი მართლმადიდებელ სამყაროში არცთუ მცირე გავლენა აქვს, თეოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ათონიდან დელეგაცია სწორედ უკრაინის საკითხის განსახილველადაა ჩამოსული.
რა დავალებით არიან ჩამოსული ათონელი ბერები, უცნობია, თუმცა, თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას მტკიცებით, ათონში უმეტესად პრორუსული განწყობაა და ათონელი ბერებიც საქართველოს საპატრიარქოში პრორუსული განწყობის განმტკიცებას შეეცდებიან.
საპატრიარქოში მოსაყდრე შიოს თანაშემწე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს მოწვევით 29 სექტემბერს ჩამოვიდნენ ათონის მთის წმინდა ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარი, იღუმენი პროდრომი და მისი სამი თანმხლები ბერი; ათონიდან წელს უკვე ეს მეორე ვიზიტია და მას უკრაინის საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს.
რამდენიმე დღის წინ კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ გამოაქვეყნა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსსა და რუსეთის პატრიარქ კირილს შორის სტამბულში შემდგარი შეხვედრის სრული ჩანაწერი, სადაც მსოფლიო პატრიარქი ამბობს, რომ უკრაინის ეკლესიის მშობელი ეკლესია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოა და მე-17 საუკუნეში რუსეთს მხოლოდ დროებით გადაეცა უკრაინის მიტროპოლიტის დასმის უფლება, ახლა კი კონსტანტინეპოლი, როგორც დედაეკლესია, თავად გადაწყვეტს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს.
ეს შეხვედრა 30 აგვისტოს შედგა, თუმცა საუბრის ჩანაწერი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და სწორედ ამ შეხვედრის დეტალების გასაჯაროებას დაემთხვა კიდეც საქართველოში ათონიდან დელეგაციის ჩამოსვლა, რაც ინტერესს იწვევს.
თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას თქმით, ერთ-ერთი განსახილველი თემა აუცილებლად იქნება უკრაინის ეკლესიის საკითხი, რადგან მართლმადიდებელ სამყაროში დღეს ეს ნომერ პირველი თემაა. მისივე მტკიცებით, ათონის მთაზე ძალიან დიდია რუსული გავლენა, ამიტომაც ათონიდან ვიზიტი ეჭვს აჩენს.
"ჩემში ეჭვს იწვევს ის, რომ დაახლოებით 6 თვის წინ მეუფე შიოს მოწვევით საქართველოში ათონიდან სტუმრად იმყოფებოდა ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი ეფრემი, რომელიც რუსეთის ეკლესიის ინტერესების გამტარებელია და საჯარო განცხადებებშიც არ მალავს პრორუსულ პოზიციას. ეს კი ნიშანდობლივია იმის გასააზრებლად, თუ რა ტიპის ვიზიტებია ათონის მთის მონასტრებიდან.
"უნდა ვივარაუდოთ, რომ, დიახ, არის გარკვეული ტიპის ღონისძიებები, სადაც პატრიარქს კიდევ ერთხელ ასმენინებენ ათონის მთის წარმომადგენლების მოსაზრებებს უკრაინის საკითხზე," - აცხადებს ნარსია.
ცნობისათვის, ათონის მთის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი რუსეთის საპატრიარქოს მიერაა ათონის მთაზე წარგზავნილი და ინტერნეტში გავრცელებულია უკრაინის ეკლესიისადმი მისი მოწოდებაც, რომ დარჩეს მიტროპოლიტ ონიფრისა და კანონიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში და უკრაინამ ფანატიზმი უნდა შეაჩეროს. ონოფრი კი უკრაინაში რუსული ეკლესიის მიერ ხელდასხმული მიტროპოლიტია.
საგულისხმოა ისიც, რომ ათონის მთაზე გავლენის მოსაპოვებლად ბერძენი მღვდელმთავრების მოსყიდვაში გასულ ზაფხულს რუსეთს საბერძნეთის ხელისუფლებამაც დასდო ბრალი. მაშინ ითქვა, რომ ეს მოქრთამვა უკრაინის ეკლესიის საკითხს უკავშირდებოდა და ამის გამო ზაფხულში დიდი დიპლომატიური სკანდალიც აგორდა. ივლისში რუსეთის საელჩოს 2 თანამშრომელი გააძევეს, 2 დიპლომატი საბერძნეთში არ შეუშვეს, აგვისტოში კი რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის საბერძნეთის ვიზების გაცემაც თითქმის შეწყვიტეს. საპასუხოდ რუსეთმაც გააძევა საბერძნეთის საელჩოს 2 თანამშრომელი და ვიზების გაცემაც შეზღუდა.
ვლადიმერ ნარსიას თქმით, ათონის მთა არის კინოტი, სამონასტრო საძმო. მთაზე 20-მდე მონასტერია, სადაც უმრავლესობა ბერძენია, თუმცა არიან რუმინელები, რუსები. მათაც საკმაოდ დიდი წარმომადგენლობები აქვთ და მართლმადიდებელ სამყაროში დიდ ინტერესს იწვევს ათონის მთაზე მიმდინარე სამონასტრო პროცესები.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ, ფორმალურად, ათონის კინოტი კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარება, ის მაინც დამოუკიდებელია და წლებია, დაპირისპირებულია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან, რაც ზოგჯერ ძალიან მწვავდება კიდეც, ერთ დროს კი კონსტანტინეპოლის პატრიარქის მოხსენიებაც ჰქონდა შეწყვეტილი.
თეოლოგის თვალსაზრისით, საქართველოს ეკლესია შეცდომას უშვებს, როდესაც უკრაინის საკითხზე პოზიციის გამოხატვას აყოვნებს, ასევე, რომ არ განმარტავს, როგორ ესმის აფხაზეთის პრობლემატიკა და მისი მოგვარების პერსპექტივები.
"თუ ჩვენ სიფრთხილეს ვიჩენთ თითქოსდა იმის გამო, რომ კონსტანტინეპოლს შეუძლია, უკრაინის მსგავსად, აფხაზეთის საკითხი წამოწიოს, ეს სისულელეა. პირიქით, უნდა დაასწრო და წარადგინო საკუთარი ხედვა, რომელშიც ისტორიული რეალობა, რომ კონსტანტინეპოლს საკათალიკოსო ჰქონდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იმ რეალობის კუთხით იქნება გათვალისწინებული, რომელიც 21-ე საუკუნეში დამდგარი რეალობაა: საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი კანონიკური და აღიარებული იურიდიული პირია აფხაზეთში კანონიკური საზღვრების გასაკონტროლებლად.
"25 წელზე მეტია გასული აფხაზეთის კონფლიქტიდან და საპატრიარქოს არანაირი ხედვა არ გააჩნია, ამ კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობა რა ფორმით, გზით ესახება და ვინ შეიძლება ჩაერთოს მასში, როგორც მედიატორი, რომელიც, ჩემი აზრით, კონსტანტინეპოლი უნდა იყოს.
"აფხაზებთან სახელმწიფო დიალოგს მართავს ჟენევაში. ეს სხვა საკითხია, მაგრამ როდესაც დიალოგის ფორმატი პოლიტიკურად არსებობს, ამ ხნის განმავლობაში არ შეიძლება, რომ ეკლესიას ჰქონდეს ამგვარი დიალოგის სურვილი და ხედვა?!" - ამბობს ნარსია, რომლის თქმითაც, დღეს, როდესაც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ავტოკეფალიური ეკლესიების პოზიციაზე მიდის მსჯელობა თეოლოგებში, საქართველოს ეკლესია, სამწუხაროდ, რუსეთის ეკლესიის პოზიციის მომხრედ მიიჩნევა.