დღეიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება. ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია. დღეს საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაათვალიერეს, სადაც სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთისგან შეძენილი საზენიტო-სარაკეტო სისტემები მსოფლიოში ამ კლასის საშუალებებს შორის საუკეთესოა და ეფექტურია როგორც მხარდამჭერი ოპერაციებისთვის, ისე მაღალი მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად. ფრანგული ტექნიკის ექსპლუატაციის მიზნით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში განხორციელდა კადრების რეორგანიზაცია, შეიქმნა ახალი შტატები და მოეწყო ტექნიკის მისაღებად საჭირო საწვრთნელ-სატესტო ბაზა.
ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მფრინავების მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და წუთიერი დუმილი შემდეგ, პირად შემადგენლობას სიტყვით პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიმართეს.
„ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნებას ნატოს სტანდრატებთან. ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საქართველომ სტრატეგიულ პარტნიორთან, საფრანგეთთან დაასრულა საჰაერო თავდაცვის ფარგლებში სამხედრო ტექნიკის მიღების პირველი ეტაპი. იზორიას თქმით, საქართველო მზად არის გადავიდეს თანამშრომლობის მეორე ეტაპზე, რათა ქვეყანა მაქსიმალურად აღიჭურვოს საჰაერო თავდაცვის კომპონენტებით და საქართველოს საჰაერო სივრცე მაქსიმალურად დაცული იყოს.
"ამიერიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებადი იქნება" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რომელმაც სამხედროებს ავიაციის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურისთვის. ბახტაძის თქმით, მთვრობის მიზანია თანამედროვე სტანდარტების, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც თანხვედრაში იქნება ნატოს სტანდარტებთან და საქართველოს ამ პროცესში ეხმარებიან მოკავშირე და პარტნიორი სახელმწიფოები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ტექნიკის დათვალიერებით დასრულდა.
საავიაციო ბაზაზე ფრანგული კომპანიისგან Thales LAS SAS და MBDA-დან შესყიდული რადიოლოკაციური სადგურები, მართვისა და მოხსენების მობილური ცენტრი და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები გამოიფინა. საზენიტო-სარაკეტო სისტემები მსოფლიოში ამ კლასის საშუალებებს შორის საუკეთესოა და მეტად ეფექტურია როგორც მხარდამჭერი ოპერაციებისათვის, ასევე მაღალი მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.
ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე გამოფენილი იყო ასევე, ვერტმფრენები, რომლის პარკის განახლება და მოდერნიზაცია აშშ-ის მხარის დახმარებით მიმდინარეობს. ვერტმფრენების პარკის განახლების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებლობების მქონე შვეულმფრენები ეყოლება, რომლებიც ეფექტიანად შეძლებენ არამარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებების შესრულებას, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩაერთვებიან.
საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა სამხედრო ავიაციის დღეს სხვა სიახლეებითაც ხვდება. ფრანგული ტექნიკის ექსპლუატაციის მიზნით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში კადრების რეორგანიზაცია განხორციელდა, შეიქმნა ახალი შტატები და მოეწყო ტექნიკის მიღებისათვის საჭირო საწვრთნელ-სატესტო ბაზა.