მარიამ კუპატაძე
01.10.2018

 თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ელბაქიძის დაღმართზე, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმართულებით.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ელბაქიძის დაღმართზე, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმართულებით.

აღნიშნული შეზღუდვა "თბილისობის" დასრულებამდე გაგრძელდება, " - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წელს თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის ინფორმაციით, უამრავ საინტერესო ღონისძიებასთან ერთად, 7 ოქტომბერს „თბილისობა 2018" გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, სადაც საპატიო თბილისელებსაც დააჯილდოებენ.

„არა ერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ თბილისობის თარიღი იყოს ფიქსირებული, განსაკუთრებით გვთხოვენ ტურისტული კომპანიები და მინდა განვაცხადო, რომ ამიერიდან თბილისობის დღესასწაული ყოველთვის გაიმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას," - განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილისობის" დღესასწაული პირველად 1979 წელს ჩატარდა. ინიციატორი იყო ცნობილი მოგზაური, მხარეთმცოდნე და ჟურნალისტი გვანჯი მანია. 2010-იანი წლების დასაწყისიდან დღესასწაულს, როგორც ქართული კულტურის ფესტივალს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნავენ.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×