საწვავის ფასმა ბოლო 4 წლის რეკორდი მოხსნა. ზედიზედ რამდენიმე თვეა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ღირებულება მატულობს. ბარელი ნავთობის ფასმა უკვე 82 დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება სექტემბრის მაჩვენებელს, წინა თვესთან შედარებით, საწვავი დაახლოებით 7%-ით გაძვირდა.
საწვავის საფასო დინამიკაზე სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა გავლენა, თუმცა ფასები, ძირითადად, გაიზარდა იმის გამო, რომ ირანს დაუწესდა სანქციები, რომლებიც ნოემბრიდან ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ გაძვირების ტენდენცია გრძელდებოდა სექტემბრის განმავლობაში. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, სექტემბერში ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჟაზე მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა. კერძოდ, წინა თვეში საწვავის ღირებულება გაიზარდა საშუალოდ 5,29 დოლარით 1 ბარელზე, ანუ 6,83%-ით და დღეისათვის შეადგენს 82,72 დოლარს, აგვისტოს დასაწყისიდან კი ნავთობის ფასი გაზრდილია საშუალოდ 8,47 დოლარით 1 ბარელზე, ანუ 10,06%-ით.
ცნობისათვის, წლის დასაწყისში ბარელი ნავთობი შეადგენდა საშუალოდ 67 დოლარს. უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის ამჟამინდელი ფასი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას 2014 წლის ნოემბრის თვის შემდეგ.
საფასო ცვლილების მიზეზი, ძირითადად, ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი ეკონომიკური სანქციები გახდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის თქმით, მოლოდინია, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება.
"მიმდინარე ეტაპზე ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: როგორც ცნობილია, ნოემბრიდან ძალაში შედის სანქციები ირანის წინააღმდეგ. შესაბამისად, არის მოლოდინი იმისა, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება. უნდა ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე ინდური და ჩინური კომპანიები მასობრივად აცხადებენ უარს ირანული ნავთობის შესყიდვაზე.
აშშ ავლენს პრინციპულ პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც თავად გახლავთ და მისი მიზანია, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი დავიდეს ნულამდე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ "ოპეკი პლუსის" შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე ეტაპზე გეგმის მიხედვით ხორციელდება, თუმცა შესაძლებელია, ნავთობის ფასზე პოზიტიური გავლენა (შემცირებისკენ) მოახდინოს იმან, რომ საუდის არაბეთმა უახლოეს პერიოდში დაიწყოს ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის გაზრდა ყოველდღიურად 0.5 მლნ ბარელით. ეს, თავის მხრივ, დამოკიდებულია კუვეიტთან მოლაპარაკებებზე ამ ორი ქვეყნის ნეიტრალურ ზონაში ნავთობის მოპოვების განახლებასთან დაკავშირებით", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.
აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საუბარი, თუ რა მოხდება მომავალში, ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირში განმარტეს, არ არის გამორიცხული, პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს და ამანაც შეცვალოს მდგომარეობა, რამდენადაც გლობალური პოლიტიკური საკითხები ნავთობის ფასის კორექტირებაში დიდ როლს ასრულებს.
"ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რის გამოც გრძელვადიან პროგნოზზე საუბარი ჭირს. სხვადასხვა საინვესტიციო ორგანიზაციის ვარაუდი ფასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მართლდება, რამდენადაც სიტუაცია მუდმივად იცვლება. ვხედავთ, რომ ამ ეტაპზეც ფასები მაღალ დონეზე, ბოლო წლების მაქსიმალურ მაჩვენებელზეა და სამომავლოდ ვითარება უფრო გაირკვევა", - დასძენს მთვრალაშვილი.
ცხადია, ფასები მატულობს საქართველოშიც. ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასები შეადგენს: "რეგულარი" ტიპის ბენზინი - 2,34-2,52 ლარი ერთ ლიტრზე, "პრემიუმი" - 2,47-2,60 ლარი, "სუპერი" - 2,57-2,68 ლარი, ევროდიზელი კი 2,50-2,64 ლარი ღირს.
როგორც მთვრალაშვილი განმარტავს, ქართულ ბაზარზე გავლენა ლარის კურსმა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასმა მოახდინა.
"ბოლო პერიოდში ლარი უფასურდება დოლართან მიმართებით, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს საწვავის ფასზე საქართველოში. ჩვენ ვხედავთ, რომ სექტემბერში ლარი დოლართან გაუფასურდა. კერძოდ, აგვისტოს დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი შეადგენდა 2,4484-ს, სექტემბრის დასაწყისში - 2,5789-ს, ხოლო თვის ბოლოს მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2,6151-მდე ავიდა.
შესაბამისად, საერთაშორისო ფასების მატებიდან გამომდინარე და ბოლო 1 თვის განმავლობაში ლარის მკვეთრი ვარდნის გამო, მოხდა საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასის მატება. სექტემბერში ფასი გაიზარდა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე, საშუალოდ, 3-8 თეთრით ლიტრზე.
საბოლოო ჯამში, ლარის კურსი და საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს ნავთობპროდუქტების ფასს ადგილობრივ ბაზარზე. ჯერჯერობით სახეზეა საერთაშორისო ფასების ზრდა, რომელიც დაკავშირებულია ერთ კონკრეტულ მიზეზთან. ლარის ვარდნას ვაკვირდებით, რაც ადგილობრივი ბაზრისათვის ნეგატიური მოვლენაა.
აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, პროგნოზი თითქმის შეუძლებელია. ბაზარზე პანიკაა და ეს მოსალოდნელიც იყო, საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა, მაგრამ თუკი ლარის კურსი დასტაბილურდება, უახლოეს პერიოდში საწვავის ფასი შესაძლოა, არ შეიცვალოს. ცხადია, ამას საერთაშორისო ფაქტორმაც ხელი უნდას შეუწყოს", - აცხადებს მთვრალაშვილი.