"ეს იგივეა, სიკვდილმისჯილს დახვრეტა შეუცვალონ ჩამოხრჩობით"
მარი ჩიტაია
02.10.2018

 საქართველოში ეკონომიკური ზრდა საფრთხეშია, ხოლო ინფლაცია ნამდვილად გადააჭარბებს დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს. მთავრობა ვერ ასრულებს იმ ძირითად პარამეტრებს, რომლებსაც შესწირა ყველაფერი - კურსი სიტაბილურობიდან დაწყებული მოსახლეობის კეთილგანწყობით დასრულებული.

სოციალური ფონი არათუ უკეთესობისაკენ არ იცვლება, დღითი დღე უარესობისაკენ მიდის. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია, მაგრამ უკვე 8 თვის მონაცემით 4,8%-მდე ჩამოვიდა. თანდათან საგანგაშო ხდება ინფლაციაც, რომელიც უკვე დაგეგმილ 3%-ს გადასცდა.

2018 წლის ბიუჯეტი 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო დაგეგმილი, ხოლო 2019 წლის ასევე 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა. ბიუჯეტის პირველადი პროექტის კონსერვატიული მიდგომით დაგეგმვა სამინისტრომ რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური ვითარების ფონზე გადაწყვიტა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, პირველადი პროექტის გადამუშავების შემდეგ შესაძლოა, მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი გადაიხედოს. ასე მოხდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც მთელი მთავრობა და ეროვნული ბანკი ირწმუნებოდა, რომ მშპ-ის ზრდა 5%-ს გადააჭარბებდა.

ახლა კი თანდათან აშკარა ხდება, რომ ქვეყნის ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშეა. როგორც ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, მთავრობამ და სებ-მა ვერ შეძლეს, ქვეყნისათვის მზარდი ინფლაცია აეცილებინათ თავიდან, რის გამოც საქართველოს ეკონომიკური განვითარება ჩიხშია და გამოსავალი არ ჩანს.

"დღეს საქართველოს მინიმუმის დონეზეც არ აქვს რეალური სექტორი, ხოლო ეკონომიკის ზრდას სწორედ ეს სექტორი, ანუ საქონელწარმოება განაპირობებს. ახალი დოვლათი არ არის ამ ქვეყანაში წარმოებული, ახალი საქონელი და მომსახურება. ამ მხრივ სერიოზული კლებაა, რაც საგადასახდელო დეფიციტს იწვევს.

კონვერტირებადი ვალუტა გადის ბევრად მეტი, ვიდრე შემოდის და ამან არ შეიძლება, არ გამოიწვიოს დოლარზე მოთხოვნის ზრდა, ლარის მსყიდველუნარიანობის ვარდნა და ინფლაცია. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი სახელმწიფო ფუნქციაა, უარყოფითი მომენტები გაიწელოს დროში, რათა მისი ზემოქმედება ეკონომიკაზე არ იყოს შოკური. ეს ეროვნული ბანკის ფუნქციაა.

დევალვაცია იქნება, ამას ვერ გავექცევით, მაგრამ ეს მყისიერად არ უნდა ხდებოდეს. ეს არის ხელისუფლების, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის ამოცანა, სხვა ფუნქცია სებ-ს არც აქვს. სინამდვილეში, იგი ზრუნავს ბანკების მომგებიანობის ზრდაზე, რათა თვითონაც სარგებელი ნახოს.

სავალუტო ბირჟაზე ის ტრეიდერის როლსაც ასრულებს, ყიდის და ყიდულობს ვალუტას და იღებს მოგებას, რის უფლებასაც სებ-ს, სამწუხაროდ, კანონი ანიჭებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მან ვერ შეძლო, ქვეყნისათვის ინფლაციური პროცესები თავიდან აეცილებინა", - აცხადებს სიმონიშვილი.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ეკონომისტის შეფასებით, ამისთვის სტაბილური ვალუტა და იაფი კრედიტია აუცილებელი, რა მხრივაც ქვეყანაში ვითარება კატასტროფამდეა მისული.

"იმის ნაცვლად, რომ პრობლემა მოგვარდეს, ეროვნული ბანკი მხოლოდ ბანკებსა და საკუთარ თავზე ზრუნავს. ეს გამოიხატება იმაში, რომ იღებს ისეთ რეგულაციებს, რომლებიც კრედიტის გაძვირებას იწვევს, მაქსიმალურად ზღუდავს ეკონომიკაში ფულის რაოდენობას. მონეტარიზაცია ჩვენთან არის 20%-მდე, ანუ 80%-იანი დეფიციტია. თავისუფლად შეუძლია სებ-ს, ეს მდგომარეობა შეცვალოს, რაც იქნება ეკონომიკური ზრდის წინაპირობა.

სწრაფი პრივატიზაცია და ფულის დეფიციტის აღმოფხვრა ორი მთავარი ფაქტორია, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. ერთიც და მეორეც მოგვარებადია, მაგრამ ამას არავინ აკეთებს. აბსოლუტურად არ აინტერესებთ, რომ ქვეყანა კატასტროფამდე მიდის.

ვხედავთ, რომ ყოველ შემოდგომაზე ინფლაცია იზრდება, ლარის კურსი ეცემა, რისი სიპტომებიც გაზაფხულიდან შეიმჩნევა და პიკს შემოდგომაზე აღწევს. მთელი წლის განმავლობაში ბანკები კურსის ხელოვნურად აწევაზე ან შენარჩუნებაზე აკეთებენ ფულს და ამით დიდ მოგებაზე გადიან. ყველა ფაქტორი ერთად იყრის თავს უკვე წლის ბოლოს და ლარი უფასურდება. შესაბამისად, ფასები გარბის და ამ პროცესის მოსათოკად ვერც მთავრობა და ვერც ეროვნული ბანკი რეალურად ვერაფერს აკეთებენ", - აცხადებს სიმონიშვილი.

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შეფერხების მიზეზზე საუბრობს ანალიტიკოსი გიორგი ღაღანიძე, რომლის შეფასებითაც, ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად საქართველოს მინიმუმ 7%-იანი ეკონომიკური ზრდა სჭირდება.

"დღეს არსებული ფაქტორებიდან ჩანს, რომ ეკონომიკური ზრდა მომავალ წელსაც დაბალ ნიშნულზე იქნება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია. საქართველოსთვის ეს არის უზარმაზარი პრობლემა. ჩვენ რომ დანიის, ჰოლანდიის ან ბელგიის დონის ქვეყანას წარმოვადგენდეთ, 4%-იანი ზრდა კარგი მაჩვენებელი იქნებოდა. რეალურად, საქართველოს დიდი მანძილი აქვს დასაფარი, რომ ევროკავშირის წევრ ყველაზე ღარიბ ქვეყანა ბულგარეთს მიუახლოვდეს.

მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორ მოვახერხოთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, რა მხრივაც სერიოზული პრობლემა გვაქვს. ჩვენი რეალობა დაახლოებით ისეთ შემთხვევას ჰგავს, რომ სიკვდილმისჯილს დახვრეტა შეუცვალონ ჩამოხრჩობით. ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად მინიმუმ 7%-იანი ეკონომიკური ზრდა მაინც გვიჭირდება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უზარმაზარი სხვაობა, რომელიც არის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, დავფაროთ.

ჩემი აზრით, საქართველო მუდმივად არის "ოქროს თევზის" ძიებაში, მუდმივად ვეძებთ გამოსავალს, მაგრამ - უშედეგოდ. რეალურად აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთ დარგებზე, რომლებსაც აქვს განვითარების პოტენციალი. ასეთი, ჩემი აზრით, მომსახურების ექსპორტია, რომლის განვითარებაზეც უნდა ვიზრუნოთ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთნ" ღაღანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×