მთავრობა საწვავის აქციზზე ფასის გადახედვას 2019 წლისათვისაც არ გეგმავს. ასე რომ, გაიაფების ყველა შესაძლებლობა მოისპო. არადა, აქციზის 2 წლის წინანდელ ნიშნულზე დაბრუნებით საწვავის 20-25 თეთრით მომენტალური გაიაფება შეიძლება. როგორც ჩანს, ხელისუფლებას არც გაზრდილი ფასები აღელვებს და არც ხალხის გაღარიბება-გაღატაკება.
2017 წელს, როცა აქციზის გადასახადმა მოიმატა, საწვავის ღირებულება 1,80 ლარს არ აჭარბებდა, ახლა კი 60-70 თეთრით არის გაზრდილი. მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების მუდმივი გაძვირებისა და ლარის გაუფასურების ფონზე, ფინანსთა სამინისტრო აქციზის განაკვეთის დაწევას არც კი განიხილავს. არადა, უკვე რამდენიმე თვეა, საწვავის ფასის ზრდის ტენდენცია შეუქცევადია.
ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 83 დოლარს უახლოვდება. ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე 1 ლიტრი საწვავის ღირებულება 3 ლარს მიაღწევს. ამ რეალობაში, დღის წესრიგში დგება საკითხი, უნდა დაიწიოს თუ არა აქციზის განაკვეთმა, რომელიც 2017 წელს ყველასათვის მოულოდნელად გაიზარდა.
როგორც "ბიზნეს-რეზონანსს" ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, საწვავზე აქციზის კლების საკითხი 2019 წლისთვის არც განიხილება. ეს ჩანს კიდეც ბიუჯეტის პროქტის პირველად ვარიანტში, რომელიც განსახილველად უკვე პარლამენტშია შეტანილი. როგორც ჩანს, მთავრობა არც ბიზნესისა და არც მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებას არ აპირებს.
ამასობაში საუბარია, რომ 1 ბარელი ნავთობის ფასი წლის ბოლომდე შესაძლოა, 100 დოლარამდე გაძვირდეს. ასეთ პროგნოზს აკეთებენ სასაქონლო ბაზრებზე მომუშავე ჯგუფები "ტრაფიგურა" და "მერკურია". ამის მიზეზი ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი ეკონომიკური სანქციებია.
მოლოდინი მკვეთრად უარყოფითია და არც ლარის გამყარების არავითარი ობიექტური ფაქტორი არ იკვეთება. ამიტომ აქციზის ღირებულების გადახედვა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის დაუყოვნებლივი აუცილებლობაა.
კომპანია "ტრანს ლოგისტიკის" დირექტორი ჯაბა თარიმანიშვილი მიიჩნევს, რომ თუ აქციზის გადახედვა არ მოხდება, მთავრობამ სხვა გზა უნდა იპოვოს გადასახადების შემცირებისათვის, რათა მომხმარებელსა და ბიზნესს ოდნავი შეღავათი მაინც მიეცეს.
"ვფიქრობ, მთავრობისათვის აქციზის გადასახადის დაწევა რთული საკითხია. თავის დროზე, განაკვეთის მატებაც სხვა შეღავათებით დაკომპენსირდა, თუმცა მაშინ ცალსახად სხვა რეალობა იყო, მსოფლიო ბაზარზეც ნავთობი გაცილებით იაფი ღირდა.
საწვავი კიდევ გაძვირდება და ეს მძიმე ტვირთად დააწვება მომხმარებელს. შესაბამისად, თუკი ფინანსთა სამინისტრო არ ფიქრობს აქციზის გადახედვაზე, უნდა იფიქროს სხვა გზებზე. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დღგ-ისაგან გათავისუფლება. დღგ ამ შემთხვევაში არ არის ხარჯი აქციზისაგან განსხვავებით, რომელიც ფიქსირებული შემოსავლის სახით შედის ბიუჯეტში. მე ამ გზას უფრო რეალურად მივიჩნევ.
უმჯობესი იქნება, აღდგეს დღგ-ის დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი, რომელიც ადრე მოქმედებდა და ხადურის მინისტრობის დროს გაუქმდა. ის გარკვეულწილად უსაფრთხო იყო, ვიდრე ახლანდელი რეჟიმი. აქედან გამომდინარე, არსებობს სხვადასხვა ეფექტიანი მექანიზმი გადასახადების კუთხით, რაც ფასის დასტაბილურებას მოახერხებს, თანაც ისე, რომ არ იზარალოს ბიუჯეტმა და მცირედი შეღავათი მაინც მიიღოს მომხმარებელმა, ფასის კატასტროფული ზრდის პირობებში", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ჯაბა თარიმანიშვილმა.
მისივე თქმით, პროგნოზი მართლაც საგანგაშოა, რადგან არსებობს ფასის კიდევ უფრო მეტად მომატების მოლოდინი მსოფლიო ბაზარზე.
"პროგნოზი ცალსახად საგანგაშო იყო მაშინ, როცა ითქვა, რომ 80-დოლარიან ნიშნულს გადაკვეთდა 1 ბარელი ნავთობი და რასაკვირველია, გაცილებით საგანაშოა დღეს. ნებისმიერი მცირეოდენი გამწვავება, რაც ნებისმიერ დროს შეიძლება წარმოიშვას სპარსეთის ყურეში, კატასტროფულ ნიშნულზე აიყვანს ნავთობის ფასს.
ჯერჯერობით, უკეთეს შემთხვევაში, ეს ფასი შენარჩუნდება და კლებაზე საუბარიც გამორიცხულია. ამიტომ აუცილებელია, მთავრობამ მოიფიქროს რამე მექანიზმი საწვავის გასაიაფებლად", - აცხადებს თარიმანიშვილი.
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს აქციზის განაკვეთის გადახედვაზე ფიქრი. საწვავის გაძვირების გარდა, ლარის დევალვაციის გამოისობით, ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწევს.
"როცა აქციზმა მოიმატა, მაშინ 2 ლარზე გაცილებით იაფი ღირდა საწვავი და ბევრად მყარი იყო ეროვნული ვალუტა. ასე რომ, ახლა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს დღის წესრიგში გადასახადის გადახედვის აუცილებლობა. საწვავის მაღალი ფასი აძვირებს აბსოლუტურად ყველაფერს, დაწყებული ტრანსპორტირებით, დამთავრებული პირველადი დანიშნულების საკვებით.
სამწუხაროდ, ხშირად ამ ყველაფერს ისე ხედავენ, თითქოს მხოლოდ ავტომფლობელებს ეხება პრობლემა, რაც ტყუილია. დღეს, როცა საწვავის ფასი კატასტროფულად მაღალია და უარესის მოლოდინი არსებობს, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემცირებაზე. მერწმუნეთ, როგორც საწვავის მცირედი გაძვირება აისახება მომხმარებელზე უარყოფითად, ზუსტად ისევეა გაიაფებაც. მცირედი შეღავათიც რომ იყოს, ისედაც უკიდურეს სიღარიბეში მყოფ მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა", - აცხადებს სილაგაძე.
ნავთობიმპორტიორთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ აქციზის შემცირების საკითხზე ხელისუფლებასთან საუბარიც კი არ ყოფილა. "ბიზნეს-როზონანსთან" საუბარში კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საბიუჯეტო გადასახადების მცირე კლებაც კი პოზიტიურად აისახება ბაზარზე.