პრაქტიკულად ყველა გაჩერებული მშენებლობა უნდა დაინგრეს. მათი უმეტესობა კონსერვაციის პირობებშიც სეისმომდგრადობასთან დაკავშირებულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. პრობლემა კი ისაა, რომ მიტოვებული შენობების 90%-ს არავითარი საკონსერვაციო სამუშაო არ უტარდება და წლების განმავლობაში უპატრონოდაა მიგდებული.
მერია დაუსრულებელი მშენებლობების შენების გაგრძელებას გეგმავს. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილის თქმით, დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების აშენება გაგრძელდება ან მათი დემონტაჟი განხორციელდება. ქალაქში ამგვარი მშენებლობა 170-ზე მეტია. თბილისში 4 ტიპის გაჩერებული მშენებლობებია და თითოეულ მათგანთან სხვადასხვა მიდგომა იქნება.
"ერთია მშენებლობა, რომელიც შეჩერებულია, მაგრამ მფლობელი ადგილზეა და ამასთანავე, არიან სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც სურთ სამშენებლო პროცესის დასრულება. აქ მოლაპარაკებები შესაძლებელია და თითოეულ მათგანთან ვაწარმოებთ ინდივიდუალურ მოლაპარაკებას;
არის მეორე ტიპის მშენებლობები, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამოა გაჩერებული. აქ საჭირო იქნება თითოეული მათგანის განხილვა და განსაზღვრა, რა შეუძლია ქალაქის მთავრობას, შემოსავლების სამსახურს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს;
გარდა ამისა, არის იურიდიული დავები და აქაც ამ კუთხით იქნება გადასახედი, რა შეიძლება გაკეთდეს; გარდა ამისა, არის მშენებლობები, რომლებსაც პატრონი არ ჰყავთ. აქ საჭირო იქნება საკანონმდებლო გადაწყვეტილება და შენობების დაკონსერვება ან კერძო საკუთრების ხელყოფის გარეშე დემონტაჟი", - განაცხადა ელოშვილმა და დასძინა, რომ ყოველი მშენებლობის ნებართვის გაცემისას მერიამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, გარკვეული პირობები წამოაყენოს, რომ ნაგებობები დაუსრულებელ მშენებლობად არ გადაიქცეს.
მერის ამ მიდგომას სპეციალისტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით, დიდი რისკის შემცველია არა მარტო დაუსრულებელი შენობების მშენებლობების გაგრძელება, არამედ იმ ძველი, საბჭოური ნაგებობების გამაგრება, რომლებიც რეალურად დასანგრევია.
ორგანიზაციის "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ნებისმეირი შენობის მიმართ გადაწყვეტილება ღრმა და საფუძვლიან კვლევას უნდა ემყარებოდეს. მიტოვებული შენობების უმეტესობა სტანდარტს არ აკმაყოფილებს და დასანგრევია.
"შემოწმების გარეშე მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელია. შესაძლოა, ყველა მათგანი ბოლომდე არ დაინგრეს, მაგრამ რაღაც სართულამდე "მოიჭრას", თუმცა, როგორც წესი, მთლიანად კარკასი უნდა შემოწმდეს. 2010 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს კანონი "სეისმომდგრადობის შესახებ", რომლის მიხედვითაც შენობები 8 ბალზე უნდა იყოს გათვლილი. შესაბამისად, დაუსრულებელი შენობის კარკასი 8-ბალიან სეისმომდგრადობაზე უნდა შემოწმდეს.
კონსერვაციის პირობებშიც კი ძალიან საეჭვოა მათი მდგრადობა, ზოგი იმდენი წელია გაჩერებულია, რომ საუბარიც არ შეიძლება იქ სამშენებლო პროცესის განახლებაზე. 2010 წლამდე შენობები 7-ბალიან სეისმომდგრადობაზე იყო გათვლილი. ცხადია, მანამდე აშენებული კორპუსები სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებენ.
რამდენადაც ვიცი, დაუსრულებელი შენობების მშენებლობის გაგრძელების პარალელურად ავარიული და დაზიანებული მრავალსართულიანი კორპუსების გამაგრებაზე საშუალოდ 15 მლნ ლარის დახარჯვას აპირებენ. ეს თანხა წყალში გადაყრილია. სისტემატურად ხდება კანონის დარღვევა", - ამბობს საკანდელიძე.
მისი შეფასებით, დაკონსერვების შემთხვევაშიც არსებობს საფრთხე, რადგან მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა პროცესი - მიშენება, მოშენება, დაშენება, რეკონსტრუქცია, გამაგრება - სეისმურ საშიშროებას ზრდის.
"საშიშია, რომ ასეთ მიტოვებულ მშენებლობებზე მუშაობა კონსერვაციის პროექტის გარეშე გრძელდება. მარტო პროექტი კი არ უნდა იყოს, კონსერვაციის სპეციალური სამუშაოებიც უნდა იყოს ობიექტებზე ჩატარებული. ისე შენობის მიტოვება არ შეიძლება. დაკონსერვებამდე შენობა აუცილებელ კონსტრუქციულ მდგრადობამდე უნდა მივიდეს, ხოლო თუ კარკასულია, უნდა შეიკრას და სართულს დამთავრებული სახე მიეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა დაუმთავრებელი სართული მოსახსნელია.
მშენებლები ურთულეს პირობებში არიან, შენობების დამთავრება უნდათ, მაგრამ ეს ხალხის უბედურების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ასეთ შენობებში საცხოვრებლად როგორ უნდა შეხვიდე, არ მესმის", - ამბობს საკანდელიძე.
საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველო მიწისძვრების თვალსაზრისით ძალზე აქტიურ და საშიშ ზონაში შევიდა. 2010 წლიდან ქვეყანაში საპროექტო ბალიანობა ერთი მაჩვენებლით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 ბალზე დაპროექტებული შენობა-ნაგებობები უნდა გადაპროექტებულიყო. ქვეყანაში, რომელიც სეისმურად საშიშ ზონაშია, დაგეგმილმა ყველა პროექტმა სეისმური უსაფრთხოების თვალსაზრისით სპეციალური ექსპერტიზა უნდა გაიაროს.
დეველოპერულ კომპანიებში აცხადებენ, რომ წლობით შეჩერებული შენობის მშენებლობის გაგრძელება სერიოზული რისკის შემცველია, ამიტომ უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი ექსპერტიზა და გადაწყვეტილება კონსტრუქციის მდგრადობის გათვალისწინებით მიიღონ.
კომპანია "აიჯიეს ჯგუფის" ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დიდი რისკია არასწორი კონსერვაცია, რის გამოც შენობის დასრულებამ შესაძლოა, მომეტებული საფრთხე გამოიწვიოს.
"დიდი მნიშვნელობა აქვს შენახვის წესებსა და ნორმებს. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. გაჩერებული მშენებლობის შემთხვევაში, თუ ის წლების განმავლობაში იყო ღია, ხდებოდა მისი საძირკვლის დატბორვა და დაზიანება, უნდა გაკეთდეს ანალიზი, ექსპერტიზა, რამდენად ექვემდებარება მშენებლობის გაგრძელებას. მეორე მხრივ, ყველა გაჩერებული შენობის დანგრევა კატასტროფამდეც კი მიგვიყვანს.
კომპლექსურად გადასაჭრელი პრობლემაა. უნდა შედგეს რაღაც ფორმატი, რომლის მიხედვითაც, შენობა მოთხოვნას თუ დააკმაყოფილებს და მდგრადობის თვალსაზრისით არ შექმნის საფრთხეს, შესაძლებელი იქნება მისი მშენებლობის ბოლომდე მიყვანა. კონსერვაცია არქიტექტორებსა და კონსტრუქტორებს ტყუილად არ მოუგონიათ, მთავარია სწორი ექსპლუატაცია. ბუნებრივია, რომ დაუკონსერვებლად შენობის დატოვება სახიფათოა, მაგრამ ამაზე ვარაუდის დონეზე ვერ ვისაუბრებთ, კონკრეტულ კვლევასა და მაჩვენებელს უნდა დავეყრდნოთ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" გუჯაბიძემ.