"2018 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს 9,312 კორეელი ეწვია. ეს არის 139%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს არის ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი.
"საქართველო კორეელებისათვის უფრო და უფრო პოპულარული ხდება თავისი კულტურის, ბუნების, ღირსშესანიშნაობების, საკვების, ღვინისა და მეგობრული ხალხის გამო.
"ეს კარგი შანსია საქართველოსა და კორეის ურთიერთობის გასაღრმავებლად და იმედი მაქვს, რომ ეს ორი ქვეყანა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში", - განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში კორეის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში კიმ სე ვუნგმა. მას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე გავესაუბრეთ.
"რეზონანსი": აშკარაა, რომ მიმდინარე წელს კორეელი ტურისტების რაოდენობა იზრდება საქართველოში. როგორ აფასებთ ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს ორ ქვეყანას შორის?
კიმ სე ვუნგი: მე ვფიქრობ, რომ არსებობს მაღალი პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული საქართველოში ტურიზმის სფეროში.
როგორც ახლახან გამოცხადდა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ (გ#ცეწ), საქართველომ ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.
იანვარ-აგვისტოში, საქართველოს 6 მილიონი ადამიანი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია. ეს მართლაც მნიშვნელოვანი შედეგია არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ კორეისთვისაც.
2018 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს 9,312 კორეელი ეწვია, ეს არის 139%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს არის ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი.
ჩვენ ვიცით, რომ ამ ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სეული-თბილისის მიმართულებით განხორციელებული ჩარტერული ავიარეისების დამსახურებაა, როდესაც კორეის 3 ტურისტული ჯგუფი ეწვია საქართველოს ამა წლის მაისში (17, 24 და 31-მაისი, 2018წ).
საქართველო კორეელებისთვის უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თავისი კულტურის, ბუნების, ღირსშესანიშნაობების, საკვების, ღვინისა და მეგობრული ხალხის კუთხით.
ეს კარგი შანსია საქართველოსა და კორეის ურთიერთობის გასაღრმავებლად და იმედი მაქვს, რომ ეს ორი ქვეყანა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.
"რ": ტურიზმის ამგვარი პოტენციალისა და უკვე შექმნილი პრეცედენტის გათვალისწინებით რამდენად რეალურია, რომ დაინიშნოს პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ქვეყნებს შორის?
კიმ სე ვუნგი: ჩარტერული პირდაპირი ავიარეისებით კორეელი ტურისტები საქართველოში ვიზიტის დროს ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ. ამ ჯგუფის ტურნეს ორგანიზების მენეჯერმა (ჰანჯიინი) გვითხრა, რომ არსებობს მაღალი შესაძლებლობები სეული-თბილისის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესახებ.
ძალიან ბევრი კორეელი ითხოვს, იყოს პირდაპირი ფრენები ამ ორ ქვეყანას შორის, ამიტომ კორეის ავიაკოპმანია "კორეან ეარ" ეცდება, გაითვალისწინოს ეს მოთხოვნა. ჩვენ არ ვიცით, როდის იქნება ზუსტი თარიღი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოსა და კორეას შორის ახლო მომავალში განხორციელდება.
"რ": ამასთან მიმართებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. კორეამ უკვე შეამსუბუქა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის. მოსალოდნელია ამ მიმართულებით შემდგომი პროგრესი და სავიზო რეჟიმის შემდეგი შემსუბუქება ან საერთოდ გაუქმება?
კიმ სე ვუნგი: საქართველოსა და კორეას შორის დღესდღეობით არ არის უვიზო მიმოსვლა, გარდა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტის მქონე პირებისა. იმ ქართველების რიცხვი, რომლებიც კორეაში ვიზიტით მიემგზავრებიან, იზრდება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ორ ქვეყანას შორის იზრდება მეგობრული და საქმიანი ურთიერთობაც.
ეს გვაძლევს საფუძველს, რომ კიდევ გავამარტივოთ ვიზის გაცემა და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ იმ ეტაპამდე, როცა საქართველოსა და კორეის შორის იქნება უვიზო მიმოსვლა.