რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 30 სექტემბერს „დამოუკიდებლობისა და გამარჯვების“ დღე აღნიშნეს. სოხუმში „გამარჯვების აღლუმი“ გაიმართა, თუმცა, წინა წლებისაგან განსხვავებით, წელს პირველად აღლუმი აფხაზურ ენაზე ჩაატარეს. ადრე აღლუმები სოხუმში მხოლოდ რუსულად ტარდებოდა.
როგორც ჩანს, ამ დეტალს სოხუმში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგალითად, „გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით სოხუმში მიწვეულ ყოფილ „მოხალისეთა“ შორის ერთ-ერთმა, რუსლან გვაშევმა აღფრთოვანება გამოხატა იმ ფაქტის მიმართ, რომ აფხაზეთში აღლუმის აფხაზურ ენაზე ჩატარებას მოესწრო და ამის გამო დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას საგანგებო მადლობა გადაუხადა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი“ ყოფილ სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აღლუმის აფხაზურ ენაზე ჩატარების მთავარ მიზანს აფხაზური ენის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
„აფხაზური ენის განვითარებას ყურადღებით ეპყრობიან და ყველა ღონისძიებას ხმარობენ იმისთვის, რომ აფხაზური ენის პოპულარიზაცია მოხდეს. ეს არის გარკვეული ეტაპი აფხაზური ენის დაცვისა.
„ამას უფრო პიარული და პროპაგანდისტული ხასიათი აქვს, ვიდრე რეალური. რეალურად აფხაზურში რუსული ენა უფრო ფეხმოკიდებულია და უფრო ვრცელდება. აღლუმზე აფხაზური ენის გამოყენება იყო მცდელობა ცნობიერებაში ჩაენაცვლებინათ, რომ აფხაზური ენა უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული. გონებაში კი ტოტალურად რუსული ენაა,“ - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მისივე ცნობით, აფხაზური ენის სწავლას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს და ამ ყველაფერთან ერთად ის პრაქტიკაში არ გამოიყენება და მოსახლეობას მისი ცოდნა „ხელსაც კი უშლის.“
„მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კიდევ უფრო მეტად რუსულ ენას ფლობს და კიდევ უფრო ნაკლებად - აფხაზურს. აღლუმზე აფხაზური ენის გამოყენება უფრო იყო სავალდებულო ღონისძიება იმისათვის, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად მოსახლეობაში ინფორმაციის შეტანა, რომ აფხაზური ენა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ურთიერთობებისთვის. ასე ვიტყოდი, კარგი ცხოვრებისთვის არ გააკეთეს ეს.
„მხოლოდ აღლუმებზე ამ ენის გამოყენება საკმარისი არაა, რადგან ეს ენა იკარგება. ინტერნეტიზაციამ ყველა ენას შეუქმნა პრობლემა. ამ ყველფრის ფონზე უფრო და უფრო ჩანს აფხაზურ საზოგადოებაში, რომ აფხაზური ენის ცოდნა მათ ხელს უშლის, რადგან დიდი დრო მიაქვს აფხაზური ენის სწავლას, თანაც საკმაოდ რთული ენაა და შედეგად მისი ცოდნა არაფერში გამოიყენება. ჯობია ეს დრო დაუთმონ რუსული ენით თავის პროფესიულ წარმატებას. ეს საერთო გამოწვევაა ყველა პატარა ენისათვის და მათ შორის აფხაზურისთვის, მითუმეტეს, რომ მას არ აქვს არანაირი გამოყენება თანამედრო ტექნოლოგიებში,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.