ელზა პაპოშვილი
02.10.2018

 დღეს დილით 4-მა რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია, ოკუპაციის ხაზი გადმოკვეთა და სოფელ მეჯვრისხევს გადაუფრინა. ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი საფრანგეთის მხრიდან საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვითი ტექნიკის პომპეზურად გადაცემაა.

როგორც არეშიძემ „რეზონანსს“ განუცხადა, მსგავსი ინციდენტები მომავალშიც იქნება, რადლან რუსეთს ამით იმის ჩვენება სურს, რომ საქართველოს ახალი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უბრალოდ ფიქციაა.

„ეს პირველი შემთხვევა არ იქნება და უფრო მეტია მოსალოდნელი. მიზეზი საფრანგეთის მხრიდან საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვითი ტექნიკის პომპეზურად გადაცემაა. რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება იმის დამტკიცებას, რომ ეს საჰაერო თავდაცვითი სისტემა ფიქციაა. მას  პოლიტიკურად უნდა დაამტკიცოს, რომ მსგავსი საჰაერო სისტემები მას ვერ შეაშინებს. 

„ამ ყველაფერს ცივი გონებით უნდა ვუყუროთ და ისტერიკაში არ უნდა ჩავვარდეთ. დიპლომატიური არხებით შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, - აცხადებს არეშიძე.

საფრანგეთის მიერ საქართველოსათვის გადაცემული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების საზეიმო დემონსტრირება გუშინ ალექსეევკის შერეულ სამხედრო ბაზაზე მოხდა, რასაც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×