თამარ შუკვანი
03.10.2018

 "ამ ისტორიაში რაღაც-რაღაცები დამაჯერებლად არ გამოიყურება. ფაქტია, რომ ოქუაშვილს ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ აქვს ჩაწერილი. ჩვეულებრივ, ასეთ შეხვედრებს, სადაც ბიზნესმენებმა კონკრეტულ თემებზე უნდა მოილაპარაკონ, ჩამწერი აპარატით არ ესწრებიან. გამოდის, რომ მას თავიდანვე განზრახული ჰქონდა, თუკი გაუჭირდებოდა, შანტაჟისთვის გამოიყენებდა ამ მასალას, რაც არც ისე კარგად განაწყობს ადამიანს," - ასე აფასებს "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და "რუსთავი 2"-ის ეთერში ზაზა ოქუაშვილის განცხადებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის - ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხსა და 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რამაზ საყვარელიძე: გაუჭირდა და არ გადაიხადა გადასახადი. მაგრამ ბიზნესმენი, რომელიც თავის ვალდებულებას პასუხისმგებლობით არ ეკიდება, ადამიანს დადებითად არ განაწყობს. ასეთი ბიზნესმენი არ ტოვებს იმ გრძნობას, რომ მის მიერ წარმოდგენილ მასალას ვენდოთ.

შემდეგ ოქუაშვილმა პოლიტიკური ელემენტებიც შემოიტანა - რომ ვაშაძეს უჭერს მხარს. ყველანაირად იბრძვის იმისთვის, რომ თუ სახელმწიფო მოსთხოვს გადასახადის გადახდას, იტყვის, რომ ავიწროებენ, როგორც ოპოზიციის მხარდამჭერს. იგი ყველაფერზე წამსვლელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ოპოზიციამ აიტაცა მისი ჩანაწერები და ოპოზიციის გამოა ლაპარაკი იმაზე, რომ "საშინელი ქვეყანა გვაქვს". ანალოგიურად გაიძახიან ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც უმეტესწილად ეხმიანებიან ხოლმე ოპოზიციას შესაბამისი პოლიტიკური განცხადებებით. ამ ყველაფრის ფონზე გვაქვს პოლიტიკური ბრძოლა.

ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს სიტუაციას და ართულებს იმის შანსს, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს. რომც დადგინდეს ჭეშმარიტება, ოქუაშვილმა არ უნდა გადაიხადოს გადასახადი? ამ შეკითხვაზე მაინტერესებს მისი პასუხი. ამ კითხვას კი არც სვამს და არც პასუხობს. ასეთი ადამიანი, არ მგონია, სანდოდ გამოიყურებოდეს.

"რეზონანსი": შვილმოკლული მამის - ზაზა სარალიძისა და თბილისის მერ კახა კალაძის კამათს როგორ შეაფასებთ? სარალიძემ თქვა, რომ კალაძემ "საკუთარი ძმა მოაკვლევინა".

რ.ს.: კალაძემ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა. მან სარალიძე მაქსიმალურად დაინდო, ჭირისუფლობა გამოუცხადა მასაც და საკუთარი ჭირიც ახსენა. აღარ დაუთმო სამართლის გარკვევა ადამიანს, რომელთანაც ალბათ სიმართლის გარკვევას არც აქვს აზრი, არ არის იმ მდგომარეობაში, რომ სიმართლისთვის ეცალოს.

"რ": თქვენი აზრით, ვანო მერაბიშვილი უნდა შეიწყალონ თუ არა?

რ.ს.: არა. რატომ უნდა შეიწყალონ?

"რ": როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

რ.ს.: მერე რა?! ციხეში არ არიან ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია?! ადამიანს დანაშაული ჯერ არ დამტკიცებია, მაგრამ იმისთვის, რომ გარეთ ის სახიფათო არ იყოს, ციხეში ამყოფებენ ის პერიოდი, სანამ საქმე გაირკვევა. თუკი პირი დამნაშავეა, ციხეში მისი გარემოსგან იზოლირება ხდება იმისთვის, რომ სოციალურ გარემოში დანაშაული ხელახლა არ ჩაიდინოს.

იმ იურიდიული სამსახურის კონკრეტული წარმომადგენლების გარდა, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული, თუკი საზოგადოებაც დარწმუნებული იქნება, რომ გარეთ გამოსული მერაბიშვილი საზოგადოებისთვის სახიფათო არ იქნება, განთავისუფლება და ჰუმანურობა არ შეუშლის ამ საქმეს ხელს.

მაგრამ ამ ადამიანს არ მოუნანიებია თავისი დანაშაული. მას საკმაოდ ბევრი აგრესიული მხარდამჭერი ჰყავს დღესაც და ისინი ბევრ რამეზე არიან წამსვლელები. ამ დროს მისი გარეთ გამოშვება ჰუმანიზმი კი იქნება მერაბიშვილის მიმართ, მაგრამ საზოგადოების დანარჩენი წევრები, შესაძლოა, ამ არეულობის მსხვერპლი გახდნენ.

"რ": საპრეზიდენტო არჩევნებით რომ დავასრულოთ: 28 იქტომბერს რას უნდა ველოდოთ?

რ.ს.: 28 ოქტომბერს კიდევ უფრო უნდა ველოდოთ ზურაბიშვილის გამარჯვებას, ვიდრე აქამდე. რა ნაბიჯებიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადადგა, ეთიკისა და სხვა თვალსაზრისითაც, საკმაოდ მიუღებელი ნაბიჯები იყო.

ეს ყველაფერი სიფრთხილეს გაზრდის და მოსახლეობა გააცნობიერებს, რომ თუ ზურაბიშვილმა არ გაიმარჯვა, "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ბევრი ტყუილის თქმა შეუძლია, შეუძლია ძალადობა და ა.შ., სწორედ ის "ნაციონალური მოძრაობა" მოვა.

"რ": მეორე ტურს გამორიცხავთ?

რ.ს.: ადრე არ გამოვრიცხავდი მეორე ტურს, მაგრამ ახლა, როდესაც გამძაფრდა სიტუაცია და "ნაციონალები" უფრო დაემსგავსნენ "ნაციონალებს", ვიდრე აქამდე, გამოვრიცხავ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×