თამარ შუკვანი
03.10.2018

 „ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ ცალსახად ადასტურებს იმ აუდიჩანაწერებს, რომელიც ტელევიზიით გავიდა. საერთოდ რატომ არის პროკურატურა უძრავად და ყოველდღიურ რეჟიმში რატომ არ გვამცნობს ანგარიშს იმის თაობაზე, თუ რა შედეგი დადგა, რა დასკვნები გაკეთდა?" - „ომეგა ჯგუფის" დამფუძვნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ „რუსთავი 2"-ს ეთერში გაკეთებულ განცხადებებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია აფასებს.

მუხაშავრიას განცხადებით, საგამოძიებო ორგანოებმა ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი უნდა გასცენ და მისი აზრით, ოქუაშვილის განცხადება სიმართლეს შეფერება და გავრცელებულ აუდიჩანაწერების რეალობაზე მიგვანიშნებს.

ლია მუხაშავრია.: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები არ არიან თავის სიმაღლეზე და არ არიან მიუკერძოებელნი და დამოუკიდებელნი. არც ამ ქვეყანაში და არც საზღვარგარეთ ქვეყანებში ეჭვი არავის ეპარება, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ გასაჯაროვებული ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება და ფაქტებს ადასტურებს, ეს არ არის მოგონილი.

„რეზონანსი": აღნიშნული განცხადების საფუძველზე, შესაძლოა თუ არა აღიძრას საქმე და ამ შემთხვევაში, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი?

ლ.მ.: ვფიქრობ, საქმე უნდა აღძრულიყო ჯერ კიდევ პირველი ფარული აუდიჩანაწერის გამოქვეყნებისთანავე, რაც მხოლოდ სამი კვირის წინ მოხდა და ამ სამ კვირაში ძალიან ბევრი კითხვა იქნებოდა პასუხგაცემული, მათ შორის, ამ ჩანაწერების ავთენტურობის შესახებაც, ავთენტურობის შემდეგ უკვე სხვა დასკვნებიც გაკეთდებოდა.

აშკარაა, რომ ადგილი აქვს ძალიან მაღალ ეშელონებში გავრცელებულ და დამკვიდრებულ სისტემურ კორუფციულ სქემას, რომელიც სწორედ გულისხმობს ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან ბიზნესისათვის მსხვილი თანხების გამოძალვას და ეს ხდება არა მარტო ამ კონკრეტული „ომეგა ჯგუფის" მიმართ, ალბათ ეს არის გავრცელებული სქემა სხვადასხვა ბიზნესების მიმართაც. ამიტომ ჩუმად არიან სხვა ბიზნესმენები და ხმას არ იღებს ხელისუფლებაც.

რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა იყოს უკვე დაახლოებით შუა ეტაპზე მისული და პრაქტიკულად, გარკვეული უნდა იყოს სხვა საკითხებიც, მაგრამ ჩვენი მთავარი პროკურორი პასუხისგებაში ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრს რომ არ მისცემს, გამოძიება და პროკურატურა ამიტომაც დუმს.

„რ": თუკი გაირკვა, რომ ოქუაშვილის განცხადებები სინამდვილეს არ შეეფერება, შესაძლოა თუ არა საქმე ოქუაშვილის წინააღმდეგ აღიძრას საქმე?

ლ.მ.: თუ საქმე აღიძვრებოდა, გაირკვეოდა, ტყუის თუ მართალს ამობს, დაზარალებულია თუ ბრალდება მის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ იმის გამო, რომ საქმე არ აღძრულა და ერთადერთი საქმე თაღლითობის მუხლით არის აღძრული, ცხადი ხდება, რომ ხელისუფლება ცდილობს იგნორირებას და ამიტომაც, ცდილობს მიჩქმალვის გზა დაადგეს.

მინდა შევახსენო იმათ, ვისთვისაც ეს საყურადღებოა, რომ ასეთმა მიდგომებმა შესაძლოა თავად ეს ხელისუფლება გადაიყოლოს და შესაძლოა დიდი წარმატებითაც მოხდება ეს ამბავი, რადგან როცა ხელისუფლება დუმს, სხვაგვარად საზოგადოება ვერ იფიქრებს.

„რ": „ქართული ოცნება" ოქუაშვილის განცხადების საპასუხოდ დუმს. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და რატომ არ პასუხობენ ისინი ბრალდებებს?

ლ.მ.: თუ „ქართული ოცნება" არაფერ შუაში არ არის, მაშინ ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს და პროკურატურამ რაც შეიძლება მალე უთხრას საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე და დაუდასტურებელი. მაგრამ რადგან ეს არ ხდება, ჩვენ ყველა ვფიქრობთ საპირისპიროს, რომ ეს ყველაფერი არის სიმართლე და ხელისუფლების მხრიდან იგნორირებაც სწორედ საპირისპიროს ადასტურებს.

მთავარი პროკურორი ახლა ალბათ ისეთ შავ დღეშია, რომ აღარ იცის რა ქნას და რა გზას დაადგეს. ამიტომაც უმოქმედობა არის ყველაზე კარგი პოზიცია მისთვის და მისი ტყავისთვის, მაგრამ ეს არავის არაფერში გამოადგება, არც ხელისუფლებას და არც მთავარ პროკურორს.

აშკარაა, რომ საქმე გვაქვს ელიტურ სისტემასთან და ეს განსაკუთრები თვალსაჩინოა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ნათელი ხდება, რომ ივანიშვილს არ სურს საკუთარი ფულის დახარჯვა საარჩევნო ხარჯისთვის."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×