
დედაქალაქში ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ტაქსების მოძრაობა შესაძლოა, აიკრძალოს. თბილისის მერიის მიერ ტაქსების რეგულირების თემაზე დაწყებული რეფორმა ერთ-ერთ მოთხოვნად, იდეის დონეზე, ამ საკითხსაც ითვალისწინებს. თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ლექვინაძის, ინფორმაციით, საკითხი სპეციალისტებთან საუბრის დროს გამოიკვეთა.
"ტაქსების რეგულირების ჩარჩო-დოკუმენტი სპეციალისტებთან ერთად განიხილება. საუბარია სხვადასხვა რეგულაციაზე და მათ შორის, ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვის საკითხიც ერთ -ერთი იდეაა, საუბარი არ არის რაიმე გადაწყვეტილებაზე, საკითხი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა", - განაცხადა „ფორტუნასთან" თბილისის ვიცე-მერმა.
"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის, ინფორმაციით, ტაქსების რეგულირების თემაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ამ საკითხმა მხოლოდ იდეის დონეზე გაიჟღერა, თუმცა რა რისკების შემცველია ორკარიანი მარჯვენა საჭიანი ტაქსი, არანაირი ოფიციალური კვლევა არ არსებობს.
„სხვა კომპლექსურ საკითხებთან ერთად, საუბარი იყო ორკარიან მარჯვენასაჭიან ავტომობილზე. რეალურად, ასეთი მანქანა მგზავრის გადაყვანისთვის გარკვეულ რისკებს მაინც შეიცავს, რადგან მგზავრის ჩაჯდომა და გადმოსვლა მანქანიდან მოძრაობის ზოლის მხარეს უნდა მოხდეს. რამდენად ხშირად ხდება ინციდენტი მარჯვენასაჭიან ორკარიან ტაქსებთან დაკავშირებით და გარდა თეორიულისა, რამდენად რეალურია საფრთხე, ამას შესაბამისი კვლევა და არგუმენტებით გამყარება სჭირდება, რაც მერიას არ გააჩნია", - ამბობს მესხიშვილი.
რეგისტრირებული ტაქსის მძღოლები რამდენიმე შეღავათით ისარგებლებენ, მათ შორის ისინი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
ტაქსებს, რომელთაც ლიცენზია 10 ოქტომბრამდე ექნებათ, გადაღებვის ვაუჩერს გადასცემენ. ასევე, ტაქსის მძღოლები, რომლებიც ავტომობილის უსასყიდლოდ გადაღებვის ვაუჩერის მიღების სურვილს გამოთქვამენ, ვალდებულნი იქნებიან 2 წლის განმავლობაში მანქანებზე შესაბამისი კომპანიის რეკლამა განათავსონ.
2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს თეთრი ფერის მანქანებით მოძრაობის ვალდებულება ექნებათ.
bpn.ge - ს ინფორმაციით, საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი 27 ივლისს დაამტკიცა.რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა.
თბილისის მერმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან. ტაქსების რეგულაციაზე საუბარი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაშიც არის, რომელიც კახა კალაძემ 24 ივლისს წარადგინა.
ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება ავტომობილების შეღებვასთან დაკავშირებით, ლიცენზიის მქონე მძღოლებს გადავცეთ ვაუჩერი, რომ მათ მოახდინონ ავტომობილების თეთრად გადაღებვა. მათ ეს არ დაუჯდებათ არც ერთი თეთრი. ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ტაქსის მძღოლების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას", - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ამ ვაუჩერებში თანხა მერიის ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება. ტაქსის მძღოლებს აღნიშნულ ვაუჩერებს მერიის მეირ გამოცხადებულ კონკურსში გამაჯრვებული კომპანია გადასცემს, რომელსაც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭება.
დედაქალაქიც მერის თქმით, პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს 12 000-მდე ნებართვა აქვს გაცემული.
დედაქალაქში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან კი, ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა.ტაქსის მძღოლები ვალდებულნი იქნებიან 2 წლის განმავლობაში საკუთარ მანქანებზე იმ კომპანიის რეკლამა განათავსონ, რომელიც მათ ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვაუჩერს უსასყიდლოდ გადასცემს.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ტაქსის მძღოლების გადასაწყვეტია, აღნიშნული სერვისით ისარგებლებენ თუ არა.
მისივე თქმით, კომპანია ტენდერის საშუალებით, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გამოვლინდება.
"გამოვლინდება ერთი კომპანია, რომელიც ვალდებული იქნება, გააკეთოს ტაქსის მძღოლებთან ავტომანქანის შეღებვის შეთავაზება. მძღოლებისთვის ეს არის საუკეთესო შეთავაზება, 2 წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ. დღეს, სანამ ამ შეთავაზებას გავაკეთებდით, ტაქსის მძღოლები იძახდნენ, სად გვაქვს მანქანის გადასაღები ფულიო, არადა, იცოდნენ, რომ რეკლამები ჰქონდათ და მათგან მიღებული შემოსავლით შეეძლოთ ავტომანქანა გადაეღებათ. ცდილობდნენ ნეგატივში გაეყვანათ ეს საკითხი. ჩვენ ვითამაშეთ როლი ტაქსის მძღოლებს და კერძო სექტორს შორის, რომ საუკეთესო წინადადება მიეღოთ. ტაქსის მძღოლის ნებაზეა დამოკიდებული, ამ შეთავაზებას მიიღებს თუ არა", - განაცხადა ხმალაძემ.
მისივე განცხადებით, იგივე კომპანია მისცემს ტაქსის მძღოლებს მანქანის ქიმიური წმენდის ვაუჩერებსაც.
"შეღებვის ფასები დიფერენცირებულია, 350 ლარიდან 1000-ლარამდე. ჯერ არ ვიცით, საშუალო ფასი რა დაჯდება. მთავარია ის, რომ ორივე მომსახურებას ტაქსის მძღოლებს ეს კომპანია დაუფინანსებს. სად გადაიღებება, რა ლოკაციაზე, ამ საკითხში მერია არ ჩაერევა. ჩვენი მიზანი იყო ტაქსის რეფორმის ფარგლებში მიგვეღო ვიზუალურად გაუმჯობესებული ტაქსი, ეს ყველაფერი კი გაკეთებულიყო ეკონომიკურად ყველაზე ეფექტური და მომგებიანი მოდელით, რომელიც არც მძღოლებს დააწვებოდა ტვირთად და მეორე მხრივ, სარგებლიანი იქნებოდა მომხმარებლისთვისაც.
რაც შეეხება ქიმიურ წმენდას, ეს აპრობირებული სერვისია. ყველამ კარგად ვიცით, ქიმწმენდამდე და ქიმიური წმენდის შემდეგ რამხელა სხვაობაა სალონში, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს სერვისიც შეგვეთავაზებინა. ტაქსის მძღოლებს ამ ეტაპზე არ ექნებათ ვალდებულება კონკრეტული პერიოდულობით ქიმიური წმენდა ჩაუტარონ მანქანას, თუმცა, რეფორმა ჯერ კიდევ გრძელდება. ახლა დავაანონსეთ 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ასამოქმედებელი რეგულაციები და დაველოდოთ შემდეგ ეტაპს", - განაცხადა ხმალაძემ.
მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც მძღოლებს 35 ლარი დაუჯდებათ. ამასთან, 2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურება აიკრძალება.