მარიამ კუპატაძე
03.10.2018

 ,,დატოვე პარლამენტი ქუთაისში" - ამ სლოგანით ქუთაისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს, რადგან ამ გადაწყვეტილებით რეგიონის განვითარება შეფერხდება.

აქციაზე სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები მივიდნენ.

მანამდე, მსოფლიო ჩემპიონმა ბესო მიქელთაძემ ქუთაისში პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო. მიქელთაძე საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადმოტანას აპროტესტებს.

მიქელთაძის განცხადებით, თუ პარლამენტის ქუთაისში დარჩენის გარანტიას არ მიიღებს, შიმშილობას არ შეწყვეტს.

 აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ხვიჩა ვაშაყმაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ აქციის მიზანია ხელისუფლებას უთხრან, რომ შეცდომას უშვებენ:

"ქუთაისისთვის [საპარლამენტო] სტატუსის ჩამორთმევა ნიშნავს ქალაქის განვითარების შეჩერებას. ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას. ხელისუფლებამ არ უნდა იზრუნოს საკუთარ კომფორტზე, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ქალაქების თანაბრად განვითარებაზე. ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დატოვებს ქალაქს და გადაბარგდება თბილისში".

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი იანვრიდან პარლამენტი სრულად გადმოვა თბილისში.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია, სავარაუდოდ, უკვე თბილისში გაიხსნება. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო საქმიანობა ქუთაისიდან თბილისში სრულად გადმოვა. თუმცა ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებებს დაამტკიცებს და ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. ამ საკითხის გარშემო უმრავლესობაში ჯერ ისევ აზრთა სხვადსახვაობაა.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას, ის, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის, საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, გართულებულია პარლამენტის მუშაობა ორ შენობაში და მისივე განცხადებით, ეს პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას ძალიან აზიანებს:

"ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ბიუჯეტიდან იხარჯება ეს თანხები".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×