სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ ახალ სკანდალში ეხვევა. ამჯერად მას ქვეყნისათვის სახიფათო განცხადების გაკეთების გარდა, ქსენოფობიასა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წაქეზებაში ადანაშაულებენ ოპოზიციაც და ექსპერტებიც სამცხე-ჯავახეთში გაკეტებული იმ განცხადების გამო, რომ "სააკაშვილმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ სომხებს - არა".
გარდა ქსენოფობიური განცხადებისა, ასევე სახიფათოდ აფასებენ მისი მხრიდან ეთნიკური სომხებისათვის მიცემულ იმ პირობას, რომ ვინც რუსული პასპორტების აღების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, მათ მოქალაქეობა აღუდგებათ.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ორი დღის წინ სამცხე-ჯავახეთში სომხურ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, სადაც უარყოფით კონტექსტში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
„აქამდე მოქალაქეობის მინიჭება იყო მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა", - ასე მიმართა ზურაბიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას და მოუწოდა, რომ ვისაც რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო ავტომატურად გაუუქმდათ საქართველოს პასპორტი, მოქალაქეობის აღდგენაზე შეეტანათ განაცხადი.
„ამ წელს კონსტიტუციაში მივიღეთ ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში არ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა. ასევე მივიღეთ კანონი, რომელიც ამას არეგულირებს და უკვე შესულია ძალაში. ამიტომ, უკვე დღეიდან შეგიძლიათ განცხადება შეიტანოთ არა გამონაკლისის წესით, არამედ ჩვეულებრივი წესით ორმაგი მოქალაქეობის აღდგენაზე. თუმცა ერთი მაგრამ არის, უნდა საუბრობდეთ ელემენტალური ქართულით და ისტორია უნდა იცოდეთ ელემენტარულად. ეს არის მინიმალური ქართული", - განაცხადა ზურაბიშვილმა ნინოწმინდის კულტურის სახლში შეკრებილებთან.
ზურაბიშვილის ამ განცხადების გამო დიდი ხმაური იყო გუშინ პარლამენტში, სადაც „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი სამარცხვინოა და ქვეყნისთვის საშიში. „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა კი „ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი რუსული ნარატივს განმეორებაში და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა.
შეფასებები გააკეთეს ანალიტიკოსებმაც. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ზურაბიშვილი ძალიან სახიფათო თემით თამაშობს
„ზურაბიშვილმა განცხადებით, ერთი, რომ თამაშობს ამ ძალიან სახიფათო თემით, რომელიც არის სომხურ- თურქული ისტორიულად მტრული ურთიერთობები და ეს ის თემაა, რომელთან თამაშიც არ შეიძლება იმიტომ რომ, თურქეთი არის ჩვენი მეზობელი, პარტნიორია და ამავე დროს, ჩვენ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ჩვენი ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქები. მეორე - ეს რეგიონი იყო პრობლემატური. წლების წინ იქ რუსული სამხედრო ბაზა იყო და ბაზის გაყვანა პრობლემატური იყო, რადგან რუსები სპეციალურად ნერგავდნენ შიშს და იყო ეს შიში, რომ როგორც კი გავიდოდა რუსული ჯარი, საქართველო შევიდოდა ნატოში და იქ თურქი სამხედროები შევიდოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, სისულელე იყო, თუმცა ამაზე ძალიან კარგად თამაშობდნენ. ეს ქალი ამ განცხადებით ცარიელ ადგილზე ხელოვნურად აღვივებს პრობლემას და ამას პლუს, ეთამაშება ძალიან სახიფათო თემას, როგორიცაა სომხურ-თურქული ისედაც რთული ისტორიული ურთიერთობები,"- აღნიშნავს შარაშენიძე.
მისივე თქმით, საკითხავია ისიც, პრივილეგირებულ მდგომარეობაში მაინცდამაინც სომხებს რატომ აყენებს ზურაბიშვილი, როცა მათ ეუბნება, რომ თქვენ მოგცემთ მოქალაქეობას და არ მივცემ თურქებს და სხვებს.
„ეს საერთოდ რა არის? გაუგებარია! აქამდე შორს ვიყავი იმ აზრისგან, რომ ზურაბიშვილი რუსულ ინტერესებს ატარებდა, მიმაჩნდა, რომ მთლად ბოლომდე ადეკვატური არ არის და ამით ვხსნიდი მის განცხადებებს, თუმცა ახლა ეს განცხადება მაფიქრებინებს, რომ ის მართლა შეგნებულად ხომ არ მიდის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ?" - ამბობს შარაშენიძე.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ეს განცხადება ქსენოფობიურია და ქვეყნისთვის სახიფათო.
„ეს სერიოზული შეცდომაა და ასეთი შეცდომა ზურაბიშვილს წინასაარჩევნოდ უკვე რამდენიმე დაუგროვდა და წესით, მას მიმართვების დაწერაში მრჩევლები და კონსულტანტები უნდა ეხმარებდნენ. მესმის, რომ ქართულთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ ეს განცხადება ქართლის პრობლემასთან დაკავშირებული არ არის, ეს აშკარად ერთი ეთნიკური ჯგუფის გულის მოსაგებად მეორე ჯგუფის სტიგმატიცაზიაა და ასეთი ქსენოფობიური ლექსიკა არ უნდა იყოს დამახასიათებელი პრეზიდენტობის კანდიდატისათვის. ეს ქვეყნისთვის საზიანოა და ამ კუთხით ზურაბიშვილი რამდენჯერმე გააფრთხილეს, მათ შორის როგორც საზოგადოებამ, ასევე ექსპერტებმაც, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც, რომ უფრო მოზომილად ისაუბროს. თუმცა დრო და დრო სერიოზული შეცდომები ისევ მოსდის, რაც მის წინასაარჩევნო კამპანიას დიდი ჩრდილს აყენებს,"- მიიჩნევს კაკაჩია.
„მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი ამბობს, სამცხე-ჯავახეთში სომხური მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთში მუშაობს, რის გამოც რუსული პასპორტები აიღეს და ავტომატურად გააუქმდათ საქართველოს მოქალაქეობა, რაც მოსახლეობისთვის პრობლემაა და ეთნიკური სომხების უკმაყოფილებასაც იწვევდა, თუმცა სტეპანიანი მიუღებლად მიიჩნევს ზურაბიშვილის განცხადების კონტექსტს.
„ამ განცხადებაზე ორი მიმართულებით შემიძლია საუბარი. ფაქტია და პრობლემაა ის, რომ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების დიდმა ნაწილმა რამოდენიმე წლის წინ მასობრივად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა აქვთ და ამ დროს სააკაშვილმა რამდენიმე ათას უცხოელს დაურიგა ქართული პასპორტი. თუმცა კონტექსტი, როგორც ეს განცხადება გაკეთდა, ძალიან არ მომწონს. თურქებს დაურიგა მოქალაქეობა, მაგრამ სომხებს არა - აქ სიტყვა „მაგრამ" ქსენოფობიურ ელფერს აძლევს,"- ამბობს სტეპანიანი.
ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადება ჩვეულებრივი სახელმწიფო ღალატია.
მისი თქმით, მან მოქალაქეობა დაურიგა თურქეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები არიან, საუბრობენ ქართულად და მთელი ცხოვრება საქართველოს პატრიოტები არიან.
„ზურაბიშვილის სიგიჟეები უცნაურად ემთხვევა იმას, რაც ძალიან სურს რუსეთს. მე მგონი, სიგიჟე არ არის, ეს არის ჩვეულებრივი სახელმწიფო ღალატი. ეს არის ძალიან საშიში და ეს ჩვენს ხალხს კარგად ესმის... ის, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ის საუბრობს არა ჩვენს სომხებზე, რომელთაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, ის საუბრობს ეთნიკურ სომხებზე, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას, 90%-ს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და ის ჰპირდება მათ, რომ დააკანონებს ორმაგ მოქალაქეობას რუსეთის მოქალაქე სომხებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ის, რის საფუძველზეც რუსეთი ყირიმში შევიდა, რის საფუძველზეც, ვითომ, ცხინვალსა და აფხაზეთში შემოვიდა,"- განაცხადა სააკაშვილმა.