დედაქალაქის მასშტაბით 179 დაუსრულებელი მშენებლობა და ათასობით დაზარალებული მენაშენეა. ამ პირობებში კიდევ ერთი მსხვილი კომპანიის გაკოტრება და მისი ხელმძღვანელის დაპატიმრება აჩენს შიშს მშენებლობის სექტორისადმი, რომელიც ბოლო დროს ისედაც მცირდება. ახალმა რეგულაციამ, დევალვაციამ და დეველოპერებისადმი უნდობლობამ სამშენებლო სფერო რთულ ვითარებაში ჩააყენა.
გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დეველოპერული კომპანია "სვეტის" ერთ-ერთი დირექტორი, გივი ჯიბლაძე დააკავა. ამ კომპანიის მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 29 მაისს გამოძიება დაიწყო კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე. შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, დეველოპერული კომპანია "სვეტის" ყველა მენაშენე, რომელთაც კომპანიის ხელმძღვანელების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიადგათ მატერიალური ზიანი, ცნეს დაზარალებულად.
დაზარალებულად არიან ცნობილი, ასევე, კომპანია "ცენტრ პოინტის" მენაშენეები, თუმცა, მიუხედავად ამისა, წლებია, მათ ზარალი არ ანაზღაურებიათ. შეჩერებული მშნებლობისა და დაზარალებული მოქალაქეების რიცხვი კი წლიდან წლამდე იზრდება. არაოფიციალური ინფორმაციით, პრობლემების წინაშე კიდევ რამდენიმე კომპანია დგას, რომლებიც ან სამთავრობო ლობისტს ეძებენ, ან აქტივების სასწრაფოდ გასხვისებას გეგმავენ.
სამშენებლო დარგის ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი მიიჩნევს, რომ ბაზარზე ახალი პირობების დადგენით პრობლემა შეექმნათ მხოლოდ მათ, ვინც "ჰაერს ყიდდა."
"კომპანიების არცთუ მცირე ნაწილი, სამწუხაროდ, ჰაერის გაყიდვით იყო დაკავებული, რაც, რასაკვირველია, უნდა დასრულდეს. მეორე მხრივ კი, არ შეიძლება, დაპატიმრება იყოს გამოსავალი, როცა ამდენი დაზარალებული მენაშენე და შეჩერებული მშენებლობაა ქვეყანაში.
ასეთ დროს უნდა იყოს შინა პატიმრობა, ფულადი სანქცია ან სხვა მსგავსი რამ. "ცენტრ პოინტის" საქმემ აჩვენა, რომ დასჯის ეს ფორმა გამოსავალი არავისთვისაა. ვერ ვიტყვი, რომ სამშენებლო სფეროში რამე სისტემური პრობლემა არსებობს. უბრალოდ, ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშეების გამოჩენა რაღაც ნაწილის გაქრობას იწვევს და ეს ბუნებრივიცაა", - აღნიშნა "რეზონანსთან" ფალავანდიშვილმა.
სამართლის დოქტორი, სამშენებლო სამართლის ლექტორი უჩა ზაქაშვილი ადასტურებს, რომ ვითარება სამშენებლო ბაზარზე უფრო და უფრო მძიმდება.
"აქამდე არსებულ მძიმე სიტუაციას აუცილებლად მიემატება "სვეტის" დაუსრულებელი კორპუსებიც. ზოგადად, მერიამ სადამსჯელო ოპერაციები უნდა გაამკაცროს, რათა დეველოპერებს ჰქონდეთ განცდა, რომ ვადისა და ნორმების დაცვა მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოქმედდება სანქციები.
"ცენტრ პოინტის" შემთხვევაში კომპანია ვაჭრობს პირობებით და ამ დროს ზარალდებიან მენაშენეები. დღეს შეჩერებულ ბიზნესში დიდი თანხის მოთხოვნა ხდება, რაც, ცხადია ზრდის პრობლემებს. არ ვამბობ, რომ კიდევ ახალი ცვლილებაა საჭირო. ის კანონი უნდა ამოქმედდეს, რომელიც ისედაც არსებობს. გაკოტრებული კომპანიები უნდა გადიოდნენ ნულოვან აქტივზე, რაც ახალი ინვესტორებისათვის იქნება უფრო მიმზიდველი", - აღნიშნა ზაქაშვილმა.
სამშენებლო სამართლის ლექტორი, ასევე, მიიჩნევს, რომ დარგში კრიზისის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქაოსური და ქართულ რეალობასთან არაადაპტირებული რეგულაციაა.
"სამშენებლო სექტორს უდგას ერთი ძალიან დიდი პრობლემა, ეს არის ქაოსური ნორმები. სახელმწიფომ მიიღო ე.წ. 41-ე დადგენილება სახანძრო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც კოპირებაა ამერიკული კოდექსიდან და თავად აშშ-შიც კი შტატების მიხედვით ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო. ის სრულიად არ არის ადაპტირებული ქართულ რეალობასთან და ძალიან აძვირებს მშნებლობის პროცესს.
იგივეა მშნებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომ მოაჯირები უნდა უძლებდეს 90-კილოგრამიან დატვირთვას, რასაც ვერც ერთი საექსპერტო ბიურო ვერ ამოწმებს. თქვენ შეგიძლიათ, დარეკოთ სამხარაულის ბიუროში და იკითხოთ, ხდება თუ არა ამ ტოპის ანალიზი და პირდაპირ გეტყვიან, რომ არ ხდება.
ამ დროს რაღაც ნაწილში ვიღებთ კანონმდებლობას მშნებლობის შესახებ, რომელიც ევროპაშია და სრულიად არაჰარმონიზებულია ქართულ რეალობასთან. ბაზრის შემცირებისა და სფეროს კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად, სხვა ფაქტორებთან ერთად, ესეც უნდა განვიხილოთ", - აცხადებს უჩა ზაქაშვილი "რეზონანსთან".