რეგიონში სავალუტო კრიზისი პიკზეა. თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 25%-მდე მოიმატა და 15-წლიანი რეკორდი მოხსნა. რთული ვითარებაა რუსულ სავალუტო ბაზარზეც, ქვეყანა ფართომასშტაბიანი დედოლარიზაციის დაწყებაზე ფიქრობს.
საქართველოს ახლო სამეზობლოში სავალუტო კრიზისი მძვინვარებს. თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 15-წლიანი ანტირეკორდი დაამხო. მარტო აგვისტოში ფასების ზრდა 17.9%-ს აღწევდა. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი განაკვეთი 24%-მდე უკვე გაზარდა.
ლირამ წელს ღირებულების 40% დაკარგა, ვალუტის მოშორებამ კი ყველა სასაქონლო ჯგუფზე ფასების ზრდა განაპირობა. თვიური ინფლაციაც 6.3%-ზეა, რამაც ანალიტიკოსთა პროგნოზს გადააჭარბა და ნათლად ასახა სავალუტო კრიზისის მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.
ახლა ინვესტორების მთელი ყურადღება ცენტრალური ბანკისკენ არის მიმართული. შეძლებს კი მარეგულირებელი, კიდევ ერთხელ მკვეთრად გაზარდოს მთავარი განაკვეთი, რაც ძალიან არაპოპულარული ნაბიჯია.
რთული ვითარებაა რუსეთშიც. ე.წ. შავი სამშაბათის შემდეგ ეროვნული ვალუტის კურსმა შედარებით აიწია, თუმცა კრიზისი გრძელდება.
რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის დედოლარიზაციის გეგმას ამზადებს. რუსული მედიის ინფორმაციით, გეგმის პროექტი უახლოეს კვირაში დასამტკიცებლად პრემიერ-მინისტრს წარედგინება. პროექტი არ ითვალისწინებს დოლარში ანგარიშსწორების აკრძალვას, თუმცა ის მიმართული იქნება შექმნას ნაციონალური ვალუტებით ანგარიშსწორების ხელსაყრელი საშუალებები, შეარბილოს სავალუტო კონტროლი და მოახდინოს სავალუტო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია.
გეგმის მიზანია, რუსეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან (ჩინეთთან და ევროკავშირთან) ანგარიშსწორების იუანსა და ევროზე გადაყვანა. რაც შეეხება ევრაზიული კავშირის ქვეყნებს, რუსეთს სურს, ამ ქვეყნებთან ვაჭრობისას უპირატესობა რუბლს მიენიჭოს.
გეგმის განსახორციელებლად მთელი რიგი ტექნიკური საკითხების მოგვარება გახდება საჭირო, მათ შორის ქვეყნების ცენტრალური ბანკების დონეზე, რათა ვალუტების ლიკვიდობა სავალუტო ბირჟებზე მათი შესყიდვის გარეშე გახდეს ხელმისაწვდომი.
პროფესორი პაატა აროშიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთშიც და თურქეთშიც რეალურად ბევრად მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკით ჩანს. რეალობის ლამაზ ფერებში წარმოჩენა დიქტატურისკენ მიდრეკილი ქვეყნების საერთო ქცევაა.
"ფაქტი ერთია - ორივე ქვეყანაში ბევრად მძიმე ვითარებაა, ვიდრე ეს გარეგნულად ან ციფრებში აისახება. უბრალოდ, დიქტატურისაკენ მიდრეკილ დიდ ქვეყნებს ახასიათებთ, რომ ვითარება შეალამაზონ და სიმართლე დამალონ. ეს ჩვენც გამოვლილი გვაქვს, როცა საბჭოთა პერიოდში, ბოლო წლებში, ძირგამომპალი ეკონომიკის ისე ჩვენებას ცდილობდნენ, თითქოს ის მსოფლიოს უმძლავრესი ბაზარი იყო.
რუსეთში მდგომარეობის დამძიმება მთელ სამეზობლოში რთულ სიტუაციას შექმნის, მათ შორის სომხეთშიც, რომელიც მთლიანად მიბმულია რუსეთზე. რაც შეეხება მოსკოვის გეგმას დედოლარიზაციის შესახებ, მას არავითარი ეფექტი არ ექნება და არც მგონია, რომ ეს ვინმეს ინტერესში შედიოდეს. საქართველოში არ მოჰყოლია ამას სერიოზული ეკონომიკური აღმავლობა, როცა ჩვენ დიდად არ ვართ ჩართულნი საერთაშორისო პროცესებში.
როგორ შეიძლება დოლარის მოხმარებიდან ამოღება იქ, სადაც არსებობს ტრანსნაციონალური კომპანიები და აქედან ყველაზე დიდი "გაზპრომია", რომელიც კაპიტალიზაციით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. დედოლარიზაცია ვერ მოიტანს შედეგს და გააღრმავებს კრიზისს, მით უფრო, თუკი ამერიკა სანქციებს გაამკაცრებს. ამ შემთხვევაში რუსეთს რესურსებით მოუწევს ძლიერების დამტკიცება, რასაც ისედაც აკეთებს. ეს არის იარაღი და გაზი. მხოლოდ ამის ხარჯზე შეუძლია ჟანდარმის როლის შენარჩუნება", - განაცხადა აროშიძემ.
მისივე თქმით, თურქეთში, მიუხედავად ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა, ინფლაცია იმაზე დაბალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ლირის კურსი კატასტროფულად გაუფასურდა, ფაქტია, მოქალაქეებს ეს არ შეხებიათ. მარტივი მაგალითითაც შეიძლება ამის დადასტურება. საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი დადის მედიკამენტების შესაძენად მეზობელ ქვეყანაში. იქ ბოლო თვეების განმავლობაში, მიუხედავად სავალუტო კრიზისისა, 1 ლირაც კი არ მომატებია წამლების ფასს. შესაძლოა, გადასახადი გაიზარდა რამეზე, მაგრამ რადგანაც თურქეთი არ არის იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, რასაკვირველია, შიგნით კრიზისი იმდენად არ იგრძნობა", - აცხადებს "რეზონანსთან" აროშიძე.