ავტონაწილებზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა. მიზეზი სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ამოქმედებაა. მფლობელებს უჭირთ, განსაზღვრულ ვადაში სათადარიგო ნაწილები შეცვალონ და მანქანა მწყობრში მოიყვანონ. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ავტონაწილები კიდევ უფრო გაძვირდება, რადგან საქონელი იმპორტირებულია, რასაც ემატება მოთხოვნის ზრდაც. დედაქალაქში არსებული მანქანების დიდი ნაწილი კი ტექნიკურად გაუმართავია.
ავტომფლობელებს ძალიან უჭირთ, დააკმაყოფილონ ახალი ნორმები. მანქანების 80% ტექნიკურად გაუმართავი და საფრთხის შემცველია, თუმცა მათი მეპატრონეები ვერ უზრუნველყოფენ ხშირად შეკეთებას, რადგან ეს არცთუ მცირე თანხებთან არის დაკავშირებული.
ავტონაწილების ტოტალურ გაძვირებას არ ვარაუდობს, მაგრამ საფასო ცვლილებას ნამდვილად ელოდება იმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძეც. მისი აზრით, მსხვილი ბიზნესი არსებულ გამოწვევას გაცილებით უპრობლემოდ გაართმევს თავს.
"მანქანების 70-60% ძველია, რომელთაც გაუჭირდებათ ტექდათვალიერების გავლა. მეორეული ნაწილებიც არის ბაზარზე, თუმცა მათი გამოყენება არ იქნება ეფექტური. ლოგიკურია, მძღოლებს ფინანსური ხარჯი აწვებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებელია, მე მესმის მათი. ძალიან ბევრი ხარჯი ემატება ერთმანეთს.
განსაკუთრებით ტაქსისტები არიან რთულ ვითარებაში. მათ ლიცენზირებაში ფულის გადახდა უწევთ, ტექნიკური დათვალიერება და სხვა ხარჯები, რაც, საბოლოო ჯამში, არავისთვის არის მარტივი გადასახდელი. ჩვენ ვზრუნავთ, რომ არ იყოს გამონაბოლქვი, უსაფრთხო იყოს გადაადგილება, ლიცენზია ჰქონდეთ ტაქსებს და ა.შ.
მერიის განცხადებით, 10 000-მა მანქანამ გაიარა ტექდათვალიერება. ამ მანქანებიდან, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ, მინიმუმ, 30% ვერ გაივლის ტექდათვალიერებას და მძღოლს მოუწევს სასწრაფო ზომების მიღება, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ავტომობილი მისი სარჩენი ერთადერთი წყაროა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ელგუჯა ჯამაგიძემ.
ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება განსაკუთრებით პრობლემური გახდა ტაქსის მძღოლებისთვის, რადგან მათ არ აქვთ რესურსი, განაახლონ ავტომობილები, თუმცა იძულებით მაინც მოუწევთ, რათა მუშაობა არ შეაჩერონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტაქსის მძღოლებს ყოველდღე დიდი მანძილის დაფარვა უწევთ, რაც განაპირობებს მანქანის ცვეთას და ნაწილების შეცვლა უფრო ხშირად არის საჭირო.
რაც სავალდებულო გახდა ტექდათვალიერება, საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება. მოქალაქეებმა დღესაც არ იციან, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ავტომობილმა სავალდებულო ინსპექტირება გაიაროს. ისინი ავტონაწილების გაძვირებას სწორედ ამ პროცესს უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ ყოველი ახალი ეტაპის ამოქმედების შემდგომ ნაწილები კიდევ უფრო გაძვირდება.
"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორ ვასო ურუშაძის ინფორმაციით, საქართველოში შემოდის საერთაშორისო და ევროსტანდარტების აკრედიტაციის გარეშე დამზადებული სატრანსპორტო საშუალებების არალიცენზირებული ნაწილები, რომლებიც ბაზარზე ხელმისაწვდომიცაა და იაფიც.
"უხარისხო ნაწილების იმპორტიორ ქვეყნად მხოლოდ ჩინეთი არ უნდა მივიჩნიოთ, სხვა ქვეყნებიც არ აკლებენ. საქართველოში ასეთ პროდუქციას არავინ აკონტროლებს. ამიტომ დაბალი ხარისხის ავტონაწილების წარმოება და იმპორტზე გატანა ყველა ქვეყანაში შესაძლებელია. მძღოლებმა ერთ კონკრეტულ მარკას უნდა მიანიჭონ უპირატესობა და იმ ბრენდის ტექნიკური აგრეგატები გამოიყენონ, იქნება ეს მეორეული თუ ახალი სათადარიგო ნაწილები. რა თქმა უნდა, ახალი დეტალების გამოყენება კარგია, მაგრამ ძნელია, ყველას ვურჩიოთ მათი შეძენა.
ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ხარისხზე გადაიტანონ აქცენტი და გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ავტომობილების ნაწილების მწყობრიდან გამოსვლამ არ მოახდინოს გავლენა მოძრაობის უსაფრთხოებაზე და ადამიანების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენოს. რთული იქნება მძღოლებისთვის ტექდათვალიერების გავლა და არც ფინანსურად არ არის მარტივი. მეორე მხრივ, თუ კარგ დეტალებს დააყენებენ, მანქანა ხშირად არ იქნება სარემონტო, რაც მათთვისაც უკეთესია", - აღნიშნა ვასო ურუშაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
ცალკე თემაა მეორეული საბურავები, რომელთა რეალიზაციას ტექდათვალიერების პროცესი ხელს შეუშლის. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ ამ ბიზნესს ქვეყანაში ძალიან გაუჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლების უმრავლესობას ე.წ. ნახმარი ნაწილების იმედი აქვს, სპეციალისტების აზრით, ეს არ არის გამოსავალი და პირიქით, შესაძლოა, ორმაგი ხარჯიც გამოვიდეს.