უკვე მეორე დღეა, ვანო მერაბიშვილი უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში რჩება. ყოფილი პრემიერი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი "მედიკლაბში" გუშინ მოათავსეს. ორთვიან უშედეგო მკურნალობაზე ადვოკატები და ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და კონსილიუმში მათ მიერ შერჩეული ექიმების ჩართვას ითხოვენ.
ვანო მერაბიშვილს დღემდე არაერთი კვლევა ჩაუტარეს, თუმცა ზუსტი დიაგნოზი უცნობია. გაურკვეველია ისიც, მოწამლეს თუ არა ყოფილი პრემიერი. მისი მონახულების უფლებას უშედეგოდ ითხოვენ მეუღლე და ოპოზიციის წარმომადგენლები. მიუხედავად მკურნალობისა, მერაბიშვილის ჯანმართელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
ოჯახის და ადვოკატის ინფორმაციით, მკურნალობა, რომელიც მერაბიშვილს უტარდება, უშედეგოა, ვინაიდან ებრძვის სიმპტომებს, ხოლო ექიმებმა სიმპტომების გამომწვევი მიზეზი დღემდე არ იციან.
"თუკი ისინი ვერ ახერხებენ, დასვან დიაგნოზი, რა სჭირს ამ ადამიანს, მაშინ ჩვენ მოგვცენ იმის შესაძლებლობა, რომ დიაგნოზის დასმა მოწვეული ექიმებით მოვახერხოთ.
"უკვე ორ თვეზე მეტია, გვეუბნებიან, რომ არის ჰორნერის სინდრომი, გვეუბნებიან, რომ ჰორნერის სინდრომის უკან შეიძლება იდგეს უმძიმესი დაავადებები, როგორიც არის სიმსივნე, ინტოქსიკაცია, ინსულტი.
"თუმცა ამავდროულად გვეუბნებიან, რომ არ აქვთ დადგენილი, რამ გამოიწვია ეს ჰორნერის სინდრომი. მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩავრთოთ უცხოელი ექიმები იმ კლინიკაში და ჩვენ მაინც მივაღწიოთ, რომ სწორი დიაგნოზი დაისვას და მას სწორად უმკურნალონ. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს ან არ ახერხებს", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
კლინიკა "მედიკლაბთან" ოპოზიციური პარტიების ლიდერები მივიდნენ და ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ. ისინი ითხოვენ პასუხს, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ყოფილი პრემიერისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება. ეჭვსაც გამოთქვამენ, რომ ვერსია, რომელიც ვანო მერაბიშვილის შესაძლო მოწამვლას უკავშირდება, სავარაუდოდ, რეალურია.
კლინიკა "მედიკლაბ ჯორჯიაში" ბრალდებულის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი ადვოკატები იმყოფებოდნენ. სალაყაია ამბობს, რომ მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო მეუღლის ნახვის საშუალება არ ეძლევა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო ითხოვს ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, რომ მას შეუძლია, ნახოს მეუღლე კლინიკაში, ოჯახისთვის კი უცნობია, ვინ არის მისი მკურნალი ექიმი.
"გუშინ გავიგეთ, რომ ის კვლავ კლინიკაში იყო გადაყვანილი. მოვითხოვე მისი ნახვა, შევიტანე განცხადება. დღეს გამცეს პასუხი და მოითხოვეს ჩემგან: განმცხადებელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მსჯავრდებულთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი და მკურნალი ექიმის რეკომენდაცია. არ ვიცი, რატომ არ მიშვებენ ვანოს სანახავად. ჩემი აზრით, უბრალოდ, გვაწვალებენ, ალბათ დაგვცინიან კიდევაც", - თქვა სალაყაიამ.
საპირისპიროს ამბობენ პენიტენციურ სამსახურში. მათი თქმით, ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება და 2 ოქტომბერს სამოქალაქო კლინიკაში მხოლოდ ადვოკატების ეჭვის გასაფანტად გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, 2018 წლის 26 სექტემბერს კლინიკა "ავერსში" ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მკურნალობის შედეგად ჰორნერის სინდრომი რეგრესირებს და, როგორც მსჯავრდებული ექიმებთან თავადვე ადასტურებს, 2 კვირაა, რაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა როგორც სუნთქვის პრობლემის, ასევე, თვალის ლორწოვანის ჰიპერემიისა და ქუთუთოს შეშუპების მხრივ