"2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები "ოცნებისთვის" არის ამხანაგური შეხვედრა, მაგრამ მაინც უნდა, რომ მოიგოს, თუმცა მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ისე არის კონტექსტიდან ამოვარდნილი, რომ "ოცნებას" ფინანსურად გაუძვირებს მის გაპრეზიდენტებას," - ამბობს პოლიტმარკეტინგის სპეციალისტი კახაბერ ჯაყელი, რომელსაც "რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნებზე ესაუბრა.
"რეზონანსი": პოლიტმარკეტინგის კუთხით როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს და რა ახალი მესიჯებით შემოვიდნენ პოლიტიკურ ბაზარზე არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატები?
კახაბერ ჯაყელი: პოლიტიკურ ბაზარზე სიახლე არ ჩანს და არც პრეზიდენტის არჩევის პოლიტიკური პროცესის მთავარი მესიჯი, რაც, ერთი მხრივ, დაბლა წევს ამ პოლიტიკური არჩევნების ხარისხსა და მნიშვნელობას.
მიუხედავად იმისა, რომ 49 რეგისტრირებული კანდიდატის ბრძოლა მაინც ძველ პოლიტიკოსებს შორის მიმდინარეობს, წინასაარჩევნო გარემოს მთავარ ინტრიგად რჩება ყველაზე ბიუჯეტიანი კანდიდატის საკითხი და მის მიერ არჩეული პოლიტიკური ბრძოლის სტილი.
პოლიტიკური მარკეტინგის დასავლელი სპეციალისტების აზრით, არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ ძალას ხელში უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ბრენდი, რომელიც უნიკალური უპირატესობით გამოირჩევა და პოლიტიკურ ბაზარზე პოლიტიკურ პროდუქტს შექმნის, ანუ სწორ დროსა და სწორ ადგილას თავისი ამომრჩევლისთვის მისაღებ დაპირებებს გასცემს. ჯერჯერობით ამგვარი პოლიტიკური პროდუქტის შემქმნელი კანდიდატი არ ჩანს.
"რ": ამ მოცემულობაში გამარჯვების რა შანსი აქვთ პოლიტიკური ძალების მიერ შერჩეულ კანდიდატებს?
კ.ჯ: "ოცნებას" არ გააჩნია თავისი პოლიტიკური ბრენდი, რომელზეც შეიძლება ფსონი დაედო, ამიტომაც სწორი ნაბიჯი გადადგა და შეარჩია ისეთი პიროვნება, რომელიც დაუნდობელი იქნება პაექრობაში. ანუ მის მხარდამჭერებს მისცა მებრძოლი კანდიდატი, რომელიც პაექრობას გაუწევს მიშა სააკაშვილის მიერ დაყენებულ კანდიდატს.
"რ": სალომე ზურაბიშვილს "ოცნების" მხარდაჭერით გარანტირებული აქვს გამარჯვება?
კ.ჯ: როგორც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიიდან ჩანს, "ოცნება" მას ირიბად დაეხმარება. ანუ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მას დაჰყვებიან საარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ ის მაინც მარტოა.
რაც შეეხება გამარჯვების შანსს, ჯერჯერობით მისი საარჩევნო კამპანია შეცდომებზეა აგებული, რისი მიზეზიცაა მისი ფრაგმენტულობა, მას არ გააჩნია მთავარი კონცეფცია და არც მესიჯებია კარგად შედგენილი. თითქოს იგი ხალხს კი არა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ელაპარაკება.
ზურაბიშვილი კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და "ოცნებას" ფინანსურად გაუძვირდება მისი გაპრეზიდენტება. თუ "ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი მაინც გაიმარჯვებს, ეს იქნება პაროსის გამარჯვება, რომელიც დამარცხებაზე უარესია.
"რ": სხვა კანდიდატებზე რას იტყვით, მათ საარჩევნო კამპანიას როგორ შეაფასებდით?
კ.ჯ: გრიგოლ ვაშაძის კამპანია მთლიანად დამყარებულია "ოცნების" დამხობაზე. მის კამპანიას ვნებს სააკაშვილის აპეკუნობა, ანუ მიშას მესიჯები, რომლებიც ამოვარდნილია დღის წესრიგიდან. ჩემი აზრით, სჯობს, სააკაშვილი საერთოდ არ გამოჩნდეს და მან დამოუკიდებლად წარმართოს საარჩევნო კამპანია. თუ ვაშაძე მიშა სააკაშვილის ბრენდი არ არის, გამოდის, რომ იგი მიზანდასახულად უშლის ხელს მის კამპანიას.
რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, მისი საარჩევნო კამპანიის მამოძრავებელი ძალა არის ბოკერია, თავად ბაქრაძე კი ცდილობს, მხოლოდ საჯარო ლიდერის სახე გამოავლინოს.
"რ": თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე ოპოზიციისთვის?
კ.ჯ: "ოცნებისთვის" ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იგი ისევ ძლიერია, თუმცა უნდა, რომ ჰყავდეს ისეთი პიროვნება, რომელიც ამ თანამდებობაზე მის პოზიციას გაატარებს. ჩემი აზრით, "ოცნებისთვის" 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არის ამხანაგური შეხვედრა, მაგრამ მაინც უნდა, რომ მოიგოს.
რაც შეეხება ოპოზიციას, კერძოდ "ნაცმოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს", ეს არჩევნები ამ ორი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია, რათა მსოფლიოს დაანახონ, რომ რაღაც კიდევ შეუძლიათ, თუნდაც ერთი გამარჯვება მოიპოვონ. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს სერიოზული დაღმასვლა აქვთ.
"რ": სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს პოლიტიკურ დებატებში იწვევს, რასაც უკვე დათანხმდნენ ვაშაძეც და ბაქრაძეც. თქვენ რას ელით ამ დებატებისგან?
კ.ჯ: ეს დებატები იქნება ძალიან დაბალი დონის და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს პოლიტიკური პროცესების არაადეკვატურობას.