"მხარეები აღიარებენ, რომ შეხვედრა შედგა. აქ პრობელმა ის კი არ არის, რაზე ილაპარაკეს, პრობლემა ისაა, ვინ უნდა დახმარებოდა ბიზნესს, კერძო პირი თუ სახელმწიფო სტრუქტურები.
"თუ ივანიშვილი იტყვის, მაშინ კერძო პირი ვიყავიო, გამოდის, რომ არსებობს ხელისუფლების ვერტიკალის პარალელური სტრუქტურა. ამას როგორ ახსნის? ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, "ოცნებას" გაუჭირდება ამ ამბების გადაფარვა, თანაც იმ ფონზე, როცა მისი რეიტინგი ეცემა" - ბიზნესმენ ზაზა ოქრუაშვილის სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ საზოგადოებაში უამრავი კითხვა დაგროვდა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.
"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილთან და სამთავრობო წრეებთან დაკავშირებით და, თქვენი აზრით, რამდენად წამგებიანია ხელისუფლებისთვის ასეთი სკანდალი?
ვახტანგ ძაბირაძე: არ მჯერა, რომ ივანიშვილი მილიონების გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები და პასუხი უნდა გაეცეს. "ოცნებას" გაუჭირდება ამ ამბების მიჩქმალვა და გადაფარვა.
ცალკე თემაა, რა დავალიანება აქვს "ომეგას", რაც კვლევის საგანია, მაგრამ არის კითხვა, რატომ წყებოდა ეს საკითხი კერძო პირთან.
"რ": ბიძინა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ საზოგადოებას თავის მოსაზრებას რამდენიმე დღეში გააცნობს. ფიქრობთ, რომ რაიმე განსაკუთრებული განცხადებით გამოვა?
ვ.ძ: ნებისმიერ კითხვას შეიძლება გაეცეს პასუხი, მთავარია, ამ პასუხებს რამდენად დაიჯერებს მოსახლეობა. მხარეები აღიარებენ, რომ შეხვედრა შედგა. აქ პრობლემა ის კი არ არის, რაზე ილაპარაკეს, პრობლემა ისაა, ვინ უნდა დახმარებოდა ბიზნესს, კერძო პირი თუ სახელმწიფო სტრუქტურები.
თუ ივანიშვილი იტყვის, მაშინ კერძო პირი ვიყავიო, გამოდის, რომ არსებობს ხელისუფლების ვერტიკალის პარალელური სტრუქტურა. ამას როგორ ახსნის? ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, "ოცნებას" გაუჭირდება ამ ამბების გადაფარვა, თანაც იმ ფონზე, როცა მისი რეიტინგი ეცემა.
"რ": მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თუ ივანიშვილს რევოლუცია უნდა, მიიღებსო, რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ ქვეყანაში 2003 წლის ნოემბრის მოვლენები განმეორდეს?
ვ.ძ: 2003 წელს სააკაშვილს მხარს უჭერდა მოსახლეობა და ამიტომაც შეძლო, გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. დღეს შეიძლება ხალხს "ქართული ოცნება" არ მოსწონს, მაგრამ "ნაცმოძრაობის" რეიტინგი არ იზრდება, პირიქით, ეცემა.
არც სააკაშვილს და არც "ნაცმოძრაობას" დღეს იმის რესურსი არ გააჩნიათ, რომ რევოლუცია მოაწყონ, მაგრამ შეუძლიათ, ქვეყანაში ქაოსი და არეულობა გამოიწვიონ.