რეზონანსი
04.10.2018

 (რეზონანსი) დეკანოზ თამაზ ლომიძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"ხალხი წუხს რაღაც გაურკვეველი გრძნობების შეურაცხყოფაზე. ზოგს თვით ყოვლისშემძლე ღმერთის დაცვაც მოუნდომებია. დაუბრუნდით დედამიწას, ხმა ამოიღეთ და დაიცავით ის, რისი დაცვაც გევალებათ და საჭიროა. როგორ შეიძლება, ეს ვერ შევიგნოთ ამდენი წელი?! რაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში, ვინც არ უნდა მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, ვინც არ უნდა დამარცხდეს ან გაიმარჯვოს არჩევნებში და ა.შ.

"ვერასდროს, ვერავინ უნდა გაბედოს, რომ პირადი მიზნებისთვის ხელი შეახოს სასამართლოს, პროკურატურას, პოლიციას, ჯარს და სახელმწიფო უწყებებს. ესენი უნდა იყვნენ ვიწრო პარტიული თუ პირადი მიზნების მიღმა, მკაცრად ხელშეუხებელნი და უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს ყველა - ხელისუფალიც, თვით ამ უწყებების თანამშრომელიც და ნებისმიერი მოქალაქეც, ვინც გაბედავს და შეეცდება მათი ავტორიტეტის გასვრას და გაუფასურებას. უნდა შევიგნოთ, რომ ამათზე დგას სახელმწიფო.

"როცა მე, უბრალო მოქალაქე ვხედავ, რომ ვინმე დროებით ხელისუფალს თუ დიდი ქონების გამო აღზევებულს, ამ სუფთად სახელმწიფო ავტორიტეტებზეც მიუწვდება ხელი, მეკარგება რწმენა სახელმწიფოს მიმართ და ეს არის სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი. მათდამი ნდობის გაუფასურება და მათი ავტორიტეტის შეურაცხყოფა არის უკიდურესად საშიში სახელმწიფოს არსებობისთვის. თუ დავანგრევთ სახელმწიფოს, ოხრად დაგვრჩება სხვა ყველაფერიც", - წერს დეკანოზი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×