ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს და საქმეში მნიშვნელოვან პროცესუალურ და მატერიალურ-სამართლებრივ ხარვეზებზე უთითებს, რომელიც მთლიანობაში დეკანოზის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და განაჩენში ბრალდების აშკარად სუსტი დასაბუთების პრობლემას აჩვენებს.
EMC-ის შეფასება არსებითად დეკანოზის სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი სასამართლო განაჩენების სამართლებრივ ანალიზს ეფუძნება და მას სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და სასამართლო პროცესების დეტალური შეფასების შესაძლებლობა არ ჰქონდა პროცესის დახურულობისა და ბრალდებული პირისა და მისი ადვოკატებისთვის გაუხმაურებლობის პირობის ჩამორთმევის გამო.
დამდგარი განაჩენების ანალიზი საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის რამდენიმე ფუნდამენტურ პრობლემას აჩვენებს, მათ შორის:
საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები კანონის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით განხორციელდა, რაც მთლიანობაში ამოღებული დანაშაულის საგნის ვალიდურობასა და ნამდვილობას ეჭვს ქვეშ აყენებს.
"მამალაძის დაკავება განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მას შემდეგ რაც მან საპასპორტო კონტროლი გაიარა და ბარგი ჩააბარა. საგამოძიებო ორგანოს მიერ ბარგის ამოღება მსჯავრდებულის დაუსწრებლად, ვიდეოგადაღების გარეშე განხორციელდა და ბარგი მას დაკავებიდან დაახლოებით ცხრა საათის შემდგომ წარედგინა. ბარგის წარდგენის შემდგომ, საგამოძიებო ორგანომ დათვალიერება კვლავ ვიდეოგადაღების გარეშე განახორციელა და განაჩენების თანახმად, სწორედ ამ დროის იქნა აღმოჩენილი დანაშაულის საგანი (ციანიდი), რაზეც მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა და სავარაუდოდ ჩაუდეს.
მნიშვნელოვანია, რომ მამალაძის კუთვნილი ბარგის აეროპორტის სკანერში გატარებისას არ დაფიქსირდა დანაშაულის საგანი. დაცვის მხარის განმარტებით, მათ მოწმეს შეეძლო სასამართლოსთვის დაედასტურებინა, რომ სკანერის მეშვეობით მცირე ზომის, საეჭვო ნივთების აღმოჩენა შესაძლებელი იყო. თუმცა, აღნიშნულის შესაძლებლობა მათ სასამართლოში არ მიეცათ, რადგან მოსამართლემ მოწმის სრულყოფილად დაკითხვის შესაძლებლობა არ შექმნა.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო აეროპორტში განთავსებული ვიდეოჩანაწერების ამოღება და მამალაძის ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ ამის საშუალება მათაც არ მისცა", - ნათქვამია EMC-ის ინფორმაციაში.
EMC-ში აცხადებენ, რომ მითითებული პროცესუალური დარღვევებიდან გამომდინარე, სასამართლოებს ეჭვი უნდა შექმნოდათ წარმოდგენილი მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით, თუმცა არცერთი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული საკითხი არ შეაფასა, რითაც დაარღვია ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესახებ კონსტიტუციური პრინციპი.
მათივე თქმით, საქმეზე ასევე დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი, რამაც საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა არსებითად შეამცირა.
EMC მიიჩნევს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ჩხრეკასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს.
EMC შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით მხარს დაუჭერს დეკანოზი მამალაძის უფლების დაცვის პროცესს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.