თამარ შუკვანი
04.10.2018

 „ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი აზრი ვრცელდება და უნდა დაიწყოს სრულფასოვანი გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს რაღაცნაირად „მიაჩუმათოს" ეს საკითხი, ამას უკვე ჰქონდა საზოგადოებაში ისეთი ფართო რეზონანსი, რომ არამგონია უკვალოდ ჩაიაროს. ეს კი აისახება ხელისუფლების რეიტინგზე და მათ კანდიდატზე წინასაარჩევნო პერიოდში," - ასე აფასებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებას.

მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსანი „რაღაცას მალავს" და ამ ეტაპზე ყიფიანმა უკეთესი არგუმენტით წარდგენა ვერ მოახერხა. კაკაჩიამ ასევე დასძინა, რომ „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილიც „არ არის უცოდველი," რომელიც წლების განმავლობაში აგროვებდა ჩანაწერებს.

კორნელი კაკაჩია.: თვითონ ყიფიანის განცხადება არასერიოზულ შთაბებჭდილებას ტოვებს და იქმნება წარმოდგენა, რომ თითქოს ლევან ყიფიანმა ბევრი განსჯის შემდეგ „რაღაც მოიფიქრა," რაც აბსოლიტურად არადამაჯერებელია. მისმა განცხადებამ უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა, ვიდრე ის, რომ საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს სერიოზული პასუხი გასცა.

შესაბამისმა ორგანოებმა დროულად უნდა მოახდინონ რეაგირება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიულობის განვითარებისათვის.

საუბარია ყოფილი ჩინოვნიკების არაფორმალურ გავლენებზე, ფინანსურ მაქინაციებზე და ა.შ. ეს უკვე საკმარისი საბაბი უნდა იყოს იმისათვის, რომ გამოძიება დაწყებულიყო. ეს ყველაფერი მთავრობის ინტერესებში უნდა შედიოდეს. საქმე საკმაოდ მასშტაბურია და ხელისუფლებას მოუწევს უფრო მეტად მოინდომოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ საქმის ასე „ჩაფარცხვა" ადვილი არ იქნება.

„რ": ყიფიანმა განაცხადა, რომ თანხა ბანკიდან თავად გამოიტანა, მაგრამ „სად წავიდა," - ამის შესახებ არაფერი იცის. რამდენად შესაძლებელია, რომ უკანასკნელთან მიმართებაში მას ინფორმაცია არ ჰქონდეს?

კ.კ.: ეს წარმოუდგენელია, რომ პირმა, რომელიც „ომეგა ჯგუფის" სრულუფლებიანი წარმომადგენელია, როგორც თავად ამბობს, არ იცოდეს თანხები სად წავიდა. აქ არის უამრავი შეკითხვა, რომელზეც პასუხების მიღება ძალზე საჭიროა. ამ პასუხებმა უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა და ნათელი ვერ მოჰფინა ვერაფერს.

„რ": შეიძლება ითქვას, რომ ის რაიმეს მალავს?

კ.კ.: რა თქმა უნდა, მალავს და შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე დაბნეულიც იყო, იგი არ ელოდა ამას. თავის ადვოკატებთან ერთად მოითათბირა ალბათ და უკეთესი ამ ეტაპზე ვერ მოიფიქრეს. დამაჯერებელი არგუმენტის მოფიქრება მას გაუჭირდებოდა და ორაზროვანი წინადადებებით ოდნავ ჩააცხრო ინტერესი ამ საკითხზე ადამიანების მხრდან.

„რ": ყიფიანიმა „სარდაფის ეპიზოდი" უარყო, სადაც თითქოს პროკურორი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ამ შემთხვევაში, რატომ დასჭირდა ოქუაშვილს ამ „სცენარის დადგმა?"

კ.კ.: ფაქტია, რომ ოქუაშვილიც არ არის მთლად უცოდველი ამ საქმეში და მის მიმართაც ბევრი შეკითხვა იბადება, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რატომ გამოაჩინა ახლა ეს სამხილები? იგი წლების განმავლობაში აგროვებდა ამ ჩანაწერებს. გამოდის, რომ როდესაც მის ინტერესებს შეეხნენ და გარკვეული პრობლემები შეექმნა, მხოლოდ მაშინ გამოამჟღავნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×