ია აბულაშვილი
04.10.2018

 "როგორც წესი მე ბისზე არ ვმღერი, მაგრამ დღეს, აქ, ჩემს სამშობლოში გამონაკლისს დავუშვებ, რაც მხოლოდ ერთხელ მოხდა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემს სამშობლოში ვმღერი, ვარ ჩემს მშობლიურ კუთხეში, ეს ნატვრა ამიხდა. მეამაყება რომ საქართველოს შვილი ვარ"- ამ სიტყვებით მიმართა ლეგენდარულმა ფრაგნმა მომღერალმა შალ აზნაურმა ქართველ მსმენელს ახალციხეში გამართულ კონცერტზე.

შარლ აზნაური სამჯერ ჩამოვიდა თბილისში, მისი სტუმრობის საინტერესო დეტალებს კი საქართველოში სომხეთის სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდერი ვან ბაიბურთი "რეზონანსთან" ასე იხსენებს.

ვან ბაიბურთი: შარლ აზნაურის ოჯახი ახალციხიდან იყო, მამამისი 11 წელი საფრანგეთში ემიგრაციამდე, თბილისში ცხოვრობდა. ძველ კინოსტუდიასთან მიხეილ ბუზოღლის აშენებულ სახლში ცხოვრობდა და მუშტაიდის ბაღში მღეროდა.

შარლ აზნაურს ყოველთვის უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა, საბჭოთა პერიოდში ვერ მოახრხა და პირველად 1996 წელს ესტუმრა თბილისს, მაშინ გავიგე, რომ თურმე სალომე ზურაბიშვილის დედას ქალბატონ ზეინაბს კარგდა იცნობდა, ამბობდა პარიზში ყველაზე ლამაზი ქალიაო.

მეორედ 2005 წელს ეწვია საქართველოს, მაშინ საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს ტურნე ჰქონდა ერევანსა და თბილისში, იცოდა რომ შარლ აზნაური აქედან იყო და კარგი დიპლომატიური ჟესტი გააკეთა, რომ დელეგაციაში შარლ აზნაური ჩართო.

შარლ აზნაურსაც უთქვამს მისთვის, რომ მამაჩემმა თავისი შემოქმედება სწორედ თბილისიდან დაიწყოო. მათი ჩამოსვლა დაემთხვა პერიოდს, როცა მაისში ტრადიციულად მეიდანში საიათნოვას საპატივცემლოდ "ვარდების დღე" იმართება, ამ ღონისძიებს დაესწრო, ძალიან ბედნიერი იყო, ამბობდა საიათნოვაც თბილისში მღეროდა და მამაჩემიცო.

მაშინ მითხრა ერთი რამ მაწუხებს ექვსი შვილი მყავს და არცერთი საქართველოში არ ყოფილაო.

მესამედ 2012 წელს ჩამოვიდა. ახალციხეში გამართა კონცერტი, ხალხი ოვაციებით შეხვდა, ვარსკვლავიც გაუხსნეს.

ძალიან უნდოდა რომ თბილისის საპატიო მოქალაქე ყოფილიყო. როცა ახალციხის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს, გზაში თბილისში რომ ვბრუნდებოდით მითხრა - "ვან, თუ ახალციხის მოქალაქეობა მომანიჭეს, თბილისის საპატიო მოქალაქობაც ხომ შეიძლება მომანიჭონო.

მე ვუთხარი მთელი მსოფლიოს საპატიო მოქალაქე ხარ, თბილისის მოქალაქეობა ასე რატომ გინდა მეთქი, მითხრა - მამაჩემი თბილისში მღეროდა და თანაც თბილისზე ლეგენედები დადისო.

მე ვუთხარი საგასტროლო კონცერტებით ჩამოდი საქართველოში და აუცილებლად მოგანიჭებენ მეთქი. მითხრა 95 წლის რომ გავხდები საიუბილეო კონცერტს თბილისში ჩავატარებო. გული მწყდება რომ ეს სურვილი ვერ აუსრულდა.

საქართველოში სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები ვაპირებთ შარლ აზნაურის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი ფოტოგამოფენა გაიხსნას. ჩვენც გვაქვს ბევრი მისი ფოტოსურათი და ხალხშიც ბევრი ფოტომასალაა დაგროვილი.

მე უკვე ვესაუბრე ამის შესახებ კულტურის, განათლების და სპორტის მინისტრის მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს, რომელიც პირადად იცნობდა შარლ აზნაურს, იმედია ეს ფოტოგამოფენა თბილისში აუცილებლად გაიხსნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×