თამარისდროინდელმა ვაზის ჯიშებმა ოთხასწლიანი შესვენების შემდეგ ფესვი კვლავ მოიკიდა მესხეთის ტერასებზე და პირველი ნიშან-მტევნებით გაგვახარა - 3 ოქტომბერს კომპანია "ვარძიის ტერასებმა" ვაზის აღდგენილი უიშვიათესი ისტორიული ჯიშების პირველი მოსავალი აიღო. რთველში მონაწილეობდნენ კომპანიის მესვეურები, ჟურნალისტები და რალის "Peaks of Caucasus" -ის პილოტები. აქვე აღვნიშნავთ, რომ რალმა სტარტი 2 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აიღო და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მონაწილეების უმრავლესობა უცხოელი ბიზნესმენია. ისინი კლასიკური მანქანებით თითქმის მთელ საქართველოს შემოივლიან. ჩვენი ქვეყნის სახელით რალიში მონაწილეობს მამუკა ხაზარაძე.
მესხეთში ვაზის კულტურისა და მეღვინეობის განვითარებაზე შემორჩენილი საუკუნოვანი ვაზის ჯიშები და ქვაში ნაკვეთი უნიკალური საწნახელები მეტყველებენ, აწყურის, ჭაჭკარის, გოგაშენის, მილახევის, საროს, უნწის, ხიზაბავრას ტერასები... ეს სამცხე-ჯავახეთის იმ ადგილების მცირე ნაწილია, სადაც ვაზი მეცხრამეტე საუკუნეშიც ხარობდა, თუმცა ისტორიული სირთულეების გამო ძველი ჯიშების უმრავლესობა ნელ-ნელა მანამდეც იკარგებოდა. რთველი კი ხიზაბავრას ტერასებზე ბოლოს 400 წლის წინ იყო.
წლების წინ ნათენაძეების ოჯახმა ყურძნის ძველი ჯიშების მოძიება და გახარება დაიწყო. შემდეგ პარტნიორებიც გამოჩნდნენ და 2015 წელს ბიზნესმენების - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მესხური ვაზის ჯიშების კოლექციონერ გიორგი ნათენაძის ერთობლივი ძალისხმევით სოფელ ხიზაბავრაში აღდგა თამარ მეფისდროინდელი ტერასები.
გიორგი ნათენაძე კომპანია "ვარძიის ტერასების" დირექტორი, დამფუძნებელი და იდეის ავტორი: "მე და ჩემმა ოჯახმა დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ დავიწყეთ ვაზის იშვიათი მესხური ჯიშების მოძიება, აღდგენა და საცდელი ღვინოების დაყენება ოჯახურ მარანში. დღეს უკვე შვიდ ქვეყანაში გამაქვს ექსპორტზე მესხური ღვინო ნათენაძის მარნიდან.
ტერასებზე მყავს პარტნიორები - ბატონი მამუკა და ბატონი ბადრი. მათი დახმარებით აღვადგინეთ ისტორიული ტერასების ნაწილი 12 ჰა და გავანაშენიანეთ 8 ჰა. დღეს პირველი რთველი გვაქვს. ეს პროექტი იყო საპილოტე, კლიმატიდან გამომდინარე, არსებობდა მთელი რიგი რისკფაქტორები. ჩვენ არ დავიშურეთ ძალა და ენერგია - ზამთრის პერიოდში ხდება ვაზის შეფუთვა, აპრილში ცეცხლის დანთება, პროექტი საკმაოდ შრომატევადი და, აქედან გამომდინარე, ძვირადღირებულია. აქ არ გვყავს მექანიზაცია - ტერასებზე ყველა სამუშაო ხელით სრულდება, მაგრამ შედეგი გვაქვს ძალიან კარგი. არის შესაძლებლობა, რომ აქედან მთელ სამცხე-ჯავახეთში გავრცელდეს ყურძნის ეს იშვიათი ჯიშები და ხალხმა თავის ოჯახებში დაიწყოს მესხური ღვინის დაყენება."
პირველი რთველის დაწყებამდე გაწეული სამუშაოს ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს კომპანიის მესვეურებმა.
მამუკა ხაზარაძე, ბიზნესმენი: მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფს, რომელმაც ეს საქმე ამ გამარჯვებამდე მოიყვანა. ეს არის ისტორიული ფაქტი. 4 საუკუნეზე მეტია, ამ ტერასებზე ვაზი არ აყვავებულა და რთველი არ ყოფილა. აქ არის ძირძველი საქართველო და ჩვენ, როგორც ნამდვილ ქართველებს, გვეკუთვნის, რომ ასეთი ადგილები ავაღორძინოთ. მახსენდება სამი წლის წინანდელი დღეები, როდესაც პირველად დავრგეთ ვაზის 27 უნიკალური ჯიში, რომელიც გიორგი ნათენაძისა და არაჩვეულებრივი მეცნიერის - ლევან უჯმაჯურიძის დახმარებით იქნა მოპოვებული და აღდგენილი, მიყვანილი ამ კონდიციამდე. დღეს გვაქვს დიდებული შედეგი - არაჩვეულებრივი მოსავლიანობა და ყურძნის შესაშური შაქრიანობა. ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ მევენახეობასა და მეღვინეობას ოთხი საუკუნის შემდეგ დაემატა, დაუბრუნდა ყურძნის 27 ჯიში, რომელიც იქნება წარმოებაში გაშვებული და რომელთაგანაც ჩვენ მივიღებთ არაჩვეულებრივ ღვინოებს. მთელი გულით ვულოცავ, პირველ რიგში, ამ ძირძველ მიწაზე მცხოვრებ ქართველებს, მესხებს და მინდა წარმატება ვუსურვო ყველას და მოვიწვიო მეღვინეობაში ჩართული ადამიანები - აქ უამრავი ტერასაა გასაშენებელი."
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია კიდევ 11 ჰა ფართობის განაშენიანება. პროექტის განხორციელებაში ჩართულია საგურამოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სადაც ხდება ვაზის მესხური ჯიშების იდენტიფიცირება. პირველ რთველზე აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლევან უჯმაჯურიძე: "ეს ალბათ 8001-ე მოსავალია, რომელიც საქართველოში დაიწურება. დაიწურება ძირძველ ქართულ მიწაზე! ერთია ქართული ვაზის ჯიშების მოძიება, მისი კონსერვაცია და დამაგრება საკოლექციო ნაკვეთში და მეორეა მისი პრაქტიკული რეალიზაცია - ენდემურ კუთხეში დაბრუნება, რაც განხორციელდა ამ პროექტის ფარგლებში. ღვინის დამზადება მოხდება როგორც ძველი, ასევე ახალი ტექნოლოგიებით და ღვინო გაიგზავნება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე."
გამრავალფეროვნება იგეგმება ინტერიერ-ექსტერიერშიც - კომპანია აპირებს, აღადგინოს მესხური ტრადიციული არქიტექტურის ოდა და ქართული მეღვინეობის ძირძველი მდგენელი - საქვევრე მეურნეობა. აქ მოსულ სტუმრებს მესხური პურ-ღვინით უმასპინძლებენ. პროექტი სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებასაც წაადგება.