ეკატერინე ბასილაია
04.10.2018

  2019 წელს ნატო-საქართველოს ორი მრავალეროვანი სამხედრო სწავლება გაიმართება, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტო რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, თბილისმა ნატოს ინიციატივით მიმართა, რომ საქართველოში ფართო სპექტრის ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრი შეიქმნას. ეს გზავნილები გაკეთდა ბრიუსელიდან, სადაც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს თავდაცვის მინისტრების საბჭოს მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

„საქართველო მომავალ წელს გეგმავს, უმასპინძლოს ორ ამბიციურ სამხედრო სწავლებას. მარტში გაიმართება ნატო-საქართველოს სწავლება, ხოლო მეორე „მტკიცე სულის" (Aგილე შპირიტ) სწავლება ჩატარდება დასავლეთ საქართველოში და მასში მონაწილეობას მიიღებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ლევან იზორიამ და დასძინა, რომ ორივე სწავლება წარმოადგენს „განახლებული შეკავების პოლიტიკის" უმნიშვნელოვანეს კომპონენტს შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის.

მისი თქმით, "ეს იქნება კიდევ ერთი მკაფიო დემონსტრირება, რომ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმატები უფრო მასშტაბური ხდება".

გარდა ამისა, როგორც იზორია აცხადებს, შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტრომ ნატოს ინიციატივითაც მიმართა, რომ საქართველოში შეიქმნას ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრი, რომელიც იქნება უფრო ფართო სპექტრის და მისივე თქმით, ამ იდეას დიდი მხარდაჭერა მოჰყვა.

„დაინტერესება დიდია და შემდგომი წლები, განსაკუთრებით 2019-2020 წლები, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო დეტალურად, როგორც ნატოს ფორმატში, ისე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი მექანიზმები განვიხილოთ," - ამბობს იზორია.

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძის თქმით, ყველაფერი, რაც ეხება საბრძოლო მომზადებას, სწავლებებს, ნატოს მხრიდან ახალ ინიციატივებს, ეს ყოველთვის დადებითი და მისასალმებელია და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობებს. თუმცა მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის.

„ყველა ინიციატივა, რაც ეხება საბრძოლო მომზადებას, სწავლებებს, ეს ყოველთვის დადებითია, თუმცა ეს არ არის საკმარისი ნატოს სტანდარტებზე გადასასვლელად და ის ბოლო ინფორმაცია, რომელიც დღეს გააჟღერა თავდაცვის სამინისტრომ, ასეთ საკითხებსაც უნდა მიექცეს ძალიან დიდი ყურადღება და უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს. სხვაგვარად ჩვენ ნატოს სტანდარტებზე ვერ ვისაუბრებთ. დღეს ვიგებთ, რომ საუბარია იარაღს ვაჭრობის საკმაოდ დიდი მასშტაბებზე და მხოლოდ ნატოზე აქცენტირება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ნატოს დავუახლოვდეთ,"- ამბობს სალუქვაძე.

მისი თქმით, ძალიან კარგი ინფორმაციაა, რომ მომავალ წელს ორი მასშტაბური სწავლება იგეგმება,

„მთელი ეს სწავლებები და პლუს, ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობა ზუსტად გამიზნულია იქითკენ, რომ საქართველო ნატოს სტანდარტებზე სრულყოფილად გადავიდეს. ამიტომ თუ კარგად ვიმუშავებთ და მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხზე დარაზმული იქნება, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც შეგვიძლია გაწევრიანების ძალიან მოკლევადიანი გეგმა ავიღოთ და გავხდეთ ალიანსის წევრები. ამაში დარწმუნებული ვარ.

„ძალიან კარგი ინფორმაციაა, რომ მომავალ წელს ორი მასშტაბური სწავლება იქნება. რაც შეეხება ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნას, მხოლოდ სახელწოდება არაფერს მოიცავს და რა იგულისხმება ამ ცენტრში, რას მოიაზრებს, ამაზე დეტალური ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ უნდა მოგვაწოდოს, რომ ყველასთვის გასაგები გახდეს, ზუსტად რას აპირებს სამინისტრო. ჩემთვის გასაგებია, რომ ეს უნდა ემსახურებოდეს საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას, მაგრამა ამას უამრავი მიმართულება აქვს და კონკრეტულად რას გეგმავენ, ეს თავად უნდა განაცხადონ,"- დასძენს სალუქვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×