საკმაოდ გართულებულია საკითხი რუსებთან და ირანელებთან დაკავშირებით
თამარ მუკბანიანი
05.10.2018

 ტურისტების დიდი ნაწილი გაწეული სამედიცინო დახმარებისთვის გადასახადზე უარს ამბობს. ჯარიმებისაგან თავის აცილებას ცდილობენ ის მძღოლებიც, რომლებიც უცხოური სანომრე ნიშნით გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ვიზიტორები, საიდანაც თითქოს ქვეყანა დიდ შემოსავალს ელოდება, მომსახურებაში თანხის გადახდას თავს არიდებენ.

2017 წელს საქართველომ 7.9 მლნ საერთაშორისო მოგზაური მიიღო. ეს რიცხვი, მინიმუმ, ორჯერ აღემატება ქვეყნის მოსახლეობას. თითქოს ამით ქვეყანამ დიდი სარგებელი უნდა მიიღოს, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში უმეტესად ხელმომჭირნე ტურისტები შემოდიან. ასეთი კატეგორია კი გაწეული მომსახურებისათვის გადახდას თავს არიდებს. სფერო, რომელიც "ტურისტულ ნავთობად" იწოდება, როგორც ჩანს, კანონდარღვევის ველად გადაიქცა.

საქართველოში ჩამოსული ტურისტები სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით, თანხას კი არ იხდიან. ამას პირდაპირ ადასტურებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ნიკა ჭელიძე:

"კლინიკა ვალდებულია, მოემსახუროს პაციენტს, თუმცა თანხის ანაზღაურება არ ხდება. ძალიან ხშირად უცხოელი პაციენტი უარს ამბობს თანხის გადახდაზე. მათ არ გააჩნიათ სამოგზაურო დაზღვევა და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმები - სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გადაწყვეტილება რჩება აღუსრულებელი", - ამბობს სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი.

უშუალოდ მათ შემთხვევაში სასამართლო დავა ამჟამადაც მიმდინარეობს. საუბარია რუსეთის მოქალაქეზე, რომელსაც სამედიცინო ცენტრის მიმართ დავალიანება 15 ათას ლარამდე აქვს.

მსგავს ფაქტებს ადასტურებს "საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილიც. მისი თქმით, გადაუდებელი შემთხვევების დროს სახელმწიფო ვალდებულია, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ყველას (მათ შორის უცხოელსაც) უფასოდ მოემსახუროს. მათი ნაწილი კი შემდეგ თანხის გადახდას თავს არიდებს.

"ქვეყანაში შემოსვლისას დაზღვევას არავინ სთხოვს, თუმცა ვიზისთვის საჭირო ჩამონათვალში იგი ნახსენებია. რაც შეეხება ტურისტებს, რომელთაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, თავისთავად არავინ ეუბნება, რომ სამოგზაურო დაზღვევა იქონიონ. თვეში უცხოელების მიერ 2000 სასწრაფო დახმარების გამოძახება აღინუსხება. ისინი ამას თავად იხდიან, რადგან 50 ლარამდე ღირს. მათგან რაღაც ნაწილის კლინიკებში გადაყვანა ხდება, მაგრამ ნაწილი სტაციონარულ მომსახურებაში თანხას აღარ იხდის.

ნამდვილად ვიცით, რომ საკმაოდ გართულებულია პრობლემა ირანელებთან მიმართებით. ისინი თავის ქვეყანაში დაზღვევას ყიდულობენ, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, მაგრამ შემდეგ ირანულ სადაზღვევო კომპანიას აქ ფულის ჩარიცხვის პრობლემა აქვს. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რამდენი ასეთი შემთხვევაა და რა თანხაზე გავდივართ. ეს ფაქტები უდავოდ ხდება. ჩვენს კლინიკებს შემდეგ ნამდვილად აქვთ ფულის ამოღების პრობლემა", - განაცხადა "ბიზნეს მედიასთან" ხეჩინაშვილმა.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკო კვარაცხელია პრობლემას სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის არარსებობაში ხედავს. მსგავსი შემთხვევის შესახებ მასაც არაერთხელ სმენია, მიზეზი კი საზღვარზე დოკუმენტაციის წარდგენის იგნორირებაა.

"ყველა ქვეყანა ითხოვს, რომ ტურისტი იყოს დაზღვეული იმ კომპანიის მიერ, რომელსაც მიმღები ქვეყანა ცნობს. ეს საერთაშორისო ნორმაა და აუცილებელია, ასე ხდებოდეს ყველგან. საზღვარზე უნდა მოწმდებოდეს, აქვს თუ არა სადაზღვევო პოლისი, რომელიც ქართულია ან საერთაშორისოდ აღიარებული, რათა შემდეგ მსგავს პრობლემებს ყველა ფეხის ნაბიჯზე არ შევეჩეხოთ.

მეზობელ ქვეყნებში, რომ არაფერი ვთქვათ შენგენის ზონაზე, არსებობს საკანონმდებლო ბაზის 3-ტომეული, რომელიც ტურიზმის სფეროს არეგულირებს. ასე ჰქვია, ფაქტობრივად, ყველგან. საქართველოში კი სულ სამი ჩანაწერია ტურიზმის რეგულირების მხრივ კანონში.

პრობლემა რომ არსებობს და გადასაჭრელია, ეს უკვე ფაქტია. სახელმწიფოსთან ერთად ამაში უნდა ჩაერთოს ბიზნესიც. სადაზღვევო კომპანიებმა გადაჭრის გზები უნდა მონახონ. მაგალითად, თუკი ტურისტი საზღვარზე ვერ წარადგენს ჯანმრთელობის დაზღვევას, კომპანიებისაგან იქვე შეიძინონ პოლისი, რათა, ერთი მხრივ, პრობლემა არ შეექმნას ვიზიტორს შემოსვლაში, მეორე მხრივ კი - ქვეყანას", - განუცხდა "რეზონანსს" კვარაცხელიამ.

პრობლემა მხოლოდ სამედიცინო მომსახურებას არ ეხება. დიდი ხანია, ცნობილია, რომ ქვეყანაში უცხონომრიანი ავტომობილების მფლობელები თავს არიდებენ ჯარიმების გადახდას საგზაო წესების დარღვევისთვის.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ გზებზე კამერებითა და რადარებით უცხოური სანომრე ნიშნების მქონე მანქანების დაჯარიმების რეალური მექანიზმი არ არსებობს, რაც იციან ტურისტებმაც.

"უცხო სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების დაჯარიმება ქვეყანაში ნამდვილად ხდება, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა პატრული უშუალოდ აჩერებს მანქანას, ხოლო ვიდეოკამერებისა და რადარების მეშვეობით დაჯარიმებული ტურისტებისგან თანხის ამოღების მექანიზმი არ არსებობს. ეს იცის, პრაქტიკულად, ყველა შემომსვლელი ავტომობილის მძღოლმა.

ჩვენ შარშან ზაფხულში არაერთი ავტოკატასტროფის მომსწრენი გავხდით, სადაც ფიგურირებდნენ ტრაილერებიც უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნებით. შემთხვევების ნაწილი დასრულდა ფატალურადაც. ასე რომ, ეს საკითხი არის სასწრაფოდ დასარეგულირებელი. ამ ქვეყანაში კანონი ყველასათვის ერთნაირი უნდა იყოს - ადგილობრივი მოქალაქისთვისაც და უცხოელი ტურისტისთვისაც", - აცხადებს "რეზონანსთან" მესხიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×