სად და ვისზე ყიდდნენ თავდაცვის სამინისტროდან მოპარულ შეიარაღებას - ეს ის მთავარი კითხვაა, რომელსაც უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსები "რეზონანსთან" თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ ატეხილ სკანდალზე სვამენ.
მათი თქმით, სასწრაფოდ უნდა ჩაებან გამოძიებაში საქართველოს სპეცსამსახურები და დადგინდეს, ამ რაოდენობის საბრძოლო მასალას ვინ და რატომ ყიდულობდა. მათი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ ამის უკან უფრო დიდი საფრთხე იდგეს და იარაღის კვალმა სხვა პრობლემების წინაშე დაგვაყენოს.
ანალიტიკოსების აზრით, ამ ამბის უკან ბატალიონის რიგითი ხელმძღვანელები ვერ იდგებიან. მით უმეტეს საუბარია ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე ქურდობაზე, როცა, ასევე, ხელყუმბარების გატანაც მოხდა. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანები იარაღს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყიდდნენ ან ისლამისტურ დაჯგუფებებზე. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ამის უკან პოლიტიკოსების ინტერესებიც იკვეთებოდეს.
სიტუაცია კი ასეთია - თავდაცვის სამინისტრო უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ ყიდდნენ. დაკავებულია შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში იარაღით უკანონოდ ვაჭრობდნენ.
სპეცოპერაცია სამხედროების დასაკავებლად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ თვენახევრის წინ ჩაატარა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ახლა გახდა ცნობილი. თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა, ამ ფაქტის შესახებ ღიად მას შემდეგ ესაუბრა, რაც ინფორმაციამ მედიაში გაჟონა.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თქმით, დაკავება აგვისტოში მოხდა. თავდაცვის სამინისტროს არ აქვს პასუხი, როგორ ხდებოდა ბაზიდან საბრძოლო მასალის გატანა. მათი ინფორმაციით, ამის დასადგენად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
"სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნება სამი პირი. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის, შენახვის განყოფილების საბრძოლო მასალის შენახვის სპეციალისტი გ.გ. დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა საავტომობილო ბაზის საშტატო ასეულის მეთაურის მოადგილე ზ.მ.-სთან, რომლებიც მოქალაქე ს.ბ.-ს დახმარებით შეიარაღების და ტექნიკის სარემონტო ბაზიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საბრძოლო ვაზნების უკანონო რეალიზაციას ახდენდნენ. ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები", - განაცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი ბაზარაშვილმა.
გენერალი, ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მსგავსი ცალკეული ფაქტები, შესაძლოა, ხდებოდეს, მაგრამ აქ საქმე გვაქვს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე ქურდობასთან - 100 ათასამდე ავტომატის ვაზნა და სხვა საბრძოლო მასალაა მოპარული.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს თემა, შესაძლოა, საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდეს, რადგანაც, პირველ რიგში, გასარკვევია, ვისთვის იყო გამიზნული ამ რაოდენობის ვაზნები. ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა გაეტანათ, თუ შიდა დანიშნულებისთვის ხდებოდა თავმოყრა, შესაძლოა, რეალიზებაც.
სალუქვაძე აცხადებს, რომ იმედია, ამ მინიშნებას სამართალდამცველები მიხვდებიან, რადგანაც ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი დაუშვებელია. გენერალი ფიქრობს, რომ გამოძიებაში სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
"აქ მციგე რაოდენობის შეიარაღების ქურდობასა და გაყიდვაზე არ არის საუბარი. შეიძლება ადამიანმა იქურდოს და ერთი ან ორი მჭიდის საყოფი ვაზნა მოიპაროს, რაც მაინც აღმოჩნდება პირველსავე შემოწმებისას, ამხელა არსენალის ქურდობა კი ამ პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია, ვერავინ შეამჩნიოს.
"როცა ასეთ ქურდობას ერთ ან რამდენიმე სამხედრო ნაწილში უკვე სისტემური სახე აქვს, რა თქმა უნდა, დამატებით კითხვები ჩნდება და სამ სამხედროზე ჯოხი ვეღარ გადატყდება. არ მინდა, ვინმე დავადანაშაულო ფაქტების გარეშე, მაგრამ, მინიმუმ, ძალიან მაღალი თანამდებობის პირების თანამდებობრივი პასუხისგება იკვეთება. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ აღრიცხვისა და კონტროლის სისტემა სამხედრო ბაზაში მთლიანად მოშლილი იყო. ასევე, გამშვებ-საკონტროლო რეჟიმის სრულ პარალიზებასთან გვაქვს საქმე.
"როგორ შეიძლება, სამხედრო ბაზიდან გამშვებ პუნქტზე ვიღაც ხელყუმბარებით ან ვაზნებით გადიოდეს და ვერავინ ამჩნევდეს? შედით ნებისმიერ ძალოვან უწყებაში მანქანით და გამოდით, ყველანაირად გაკონტროლებენ.
"100 ათასი ვაზნა ცოტა არ არის. მისი დანაკლისი აღრიცხვის დროს ხომ უნდა შეემჩნიათ? ეს არ არის სახუმარო საქმე, მით უმეტეს თუ რაიმე გაგრძელება გამოჩნდა. ხალხი დაკავებულია და სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, სად მიჰქონდათ ეს მასალები და ვინ ყიდულობდა", - აცხადებს სალუქვაძე "რეზონანსთან".
მისივე თქმით, შესაძლოა, ეს იყოს ცალკეული შემთხვევა, ან მსგავსი ფაქტები სხვაგანაც იყოს. გენერლის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაღაც რაოდენობა ვაზიანიდანაც არის გატანილი.
კონფლიქტოლოგი, კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა მთავარი კითხვაა, სად შეიძლება ამხელა შეიარაღება თავმოყრილი იყოს. იგი ფიქრობს, რომ ეს საბრძოლო მასალები უამრავ ადგილას შეიძლება იყოს გაბნეული, როგორც კონფლიქტურ ტერიტორიებზე, ასევე რეგიონებში, სადაც ისლამისტური ფაქტორი ძლიერია, ამიტომაც ორმაგად დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ.
კონფლიქტოლოგი აბობს, რომ ეს ერთი ან ორი შემთხვევა რომ ყოფილიყო, შესაძლოა, დაბალი რგოლის თანამდებობის პირებზე გვესაუბრა, თუმცა აქ უკვე უფრო მაღალი რანგის ჩინოსნებზე ჩნდება ეჭვი, რადგანაც საბრძოლო მასალების დიდი რაოდენობაა გატანილი, თანაც ერთი წლის განმავლობაში. მისი აზრით, წარმოუდგენელია, მსგავსი რამ შეუმჩნეველი დარჩეს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბავში უსაფრთხოების სამსახური უკვე ჩართული იქნება, რადგანაც სასწრაფოდ დასადგენია, ამ იარაღის კვალი სად მიდის. ეს ისეთი თემაა, რომ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციის საზღვრებს სცდება. რა თქმა უნდა, სხვა სამხედრო ბაზების სასწრაფო შემოწმება უნდა დაიწყოს. ამხელა რისკზე წავიდნენ, ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ამ ადამიანებს ან სერიოზული მფარველი ჰყავთ ან იმხელა ფულზეა საუბარი, რომ გარისკეს.
"ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღუნუსხავი იარაღი ტრიალებს. მთლიანად კავკასიაში ეს აღიარებული ფაქტია. ამ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პოლიციამ საქართველოდან გატანილი იარაღების ნიმუშები ამოიღო, ამერიკულ ავტომატებს ვგულისხმობ. რაც შეეხება სხვა იარაღებს, კრიმინალური ვითარება ისეთია, რომ ბოლო დროს ცეცხლსასროლი იარაღი ხშირად გამოიყენება. პრაქტიკულად, დღევანდელი სიტუაცია გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კავკასიაში ასეთი არალეგალური ბაზარი არსებობს და მათ შორის საქართველოშიც.
"აქ იმხელა თავხედობაზე და დაუსჯელობის სინდრომზეა საუბარი, რომ ამ ამბავში არა მხოლოდ სამხედროების, არამედ პოლიტიკური ფიგურების მონაწილეობასაც არ გამოვრიცხავ. მარტო ვაზნები რომ იყოს, კიდევ არა უშავს, აქ ხელყუმბარებზე და სხვა შეიარაღებაზეცაა საუბარი. საქმე შეიძლება გვქონდეს ისლამისტურ, პოლიტიკურ ან სეპარატისტულ ძალებთან", - აცხადებს არეშიძე "რეზონანსთან".