"ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ იგი ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად ემზადება" - ასე აფასებს ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს და რა სიახლეებითა და ახალი მესიჯებით შემოვიდნენ პოლიტიკურ ბაზარზე არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატები?
იგორ კვესელავა: პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიაში სიახლეს ვერ ვხედავ და არც ახალი მესიჯები მსმენია, თუ არ ჩავთვლით ოპოზიციის მესიჯებს 400 ლარით - პენსიისა და 1000 ლარით მასწავლებლების ხელფასის გაზრდაზე. ჩვენმა მოსახლეობამ კი ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, რომელსაც, კანსტიტუციის ახალი რედაქციით, უფლებები შეზღუდული აქვს, საიდან უნდა მოიტანოს ეს თანხა?
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანია ძირითადად "ოცნების" ხელისუფლების დამხობაზეა აგებული. "ნაცმოძარაობამ" ძალიან კარგად იცის, რომ მისი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. ამიტომ ახლა სხედან შტაბში და ემზადებიან, თუ როგორ შექმნან დაძაბული სიტუაცია 28 ოქტომბრამდე; 28 ოქტომბრის შემდეგ კი არჩევნების გაყალბების საბაბით ქვეყნის მასშტაბით დაიწყონ გამოსვლები და ქაოსური სიტუაცია შექმნან. ამ გეგმის ავტორიც ყველამ იცის.
"რ": თუ მიშა სააკაშვილს გულისხმობთ, იგი არც მალავს, რომ თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, იგი რევოლუციას მიიღებს.
ი.კ: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს იმის პოლიტიკური რესურსი, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყოს. რევოლუცია მხარდაჭერილი არ იქნება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.
შეიძლება სადღაც 20-30-კაციანი გამოსვლები იყოს, რაც საარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, "ნაცმოძრაობა" ვერ შეძლებს, ქვეყნის მასშტაბით შექმნას ქაოსი. ამას არც ხელისუფლება დაუშვებს.