უპრეცედენტო საინფორმაცია თავდასხმა და პირდაპირი მუქარა რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებას რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის გამო. რატომ გააქტიურდა რუსეთი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლაბორატორიის წინააღმდეგ, რა მიზანს ემსახურება კრემლის დეზინფორმაცია და მსგავსი შეტევა რა საფრთხეების მატარებელია? ანალიტიკოსები რუსეთიდან წამოსულ მუქარაზე საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ არსებობს კიბერთავდასხმის საშიშროება, რასაც კრემლი ლაბორატორიის წინააღმდეგ გამოიყენებს.
საექსპერტო წრეებში რუსული დეზინფორმაციის გავრცელების მთავარ მიზნად სკრიპალის საქმეს უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ კრემლი ამ კუთხით საერთშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ლუგარის ლაბორატორიაზე ცდილობს. მთავარი სამიზნე კი ამერიკაა. უახლოეს წარსულში ლაბორატორიის წინააღმდეგ კამპანიის ახალი ტალღა მარტში სკრიპალების მოწამვლის პარალელურად გაჩნდა, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიანიშნა, რომ ნოვიჩოკი ბრიტანეთში სწორედ საქართველოდან მოხვდა.
უკვე რამდენიმე თვეა ლაბორაატორია რუსული მედიის და ხელისუფლების მხრიდან მორიგი შეტევის ობიექტი გახდა. ახლა ამ საქმეში უკვე რუსი გენერლები ჩაერთვნენ, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც საქართველო ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულეს.
სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გაჟონილი დოკუმენტები მოიპოვეს. დოკუმენტებზე დაყრდნობით მოსკოვი აცხადებს, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანისთვის საშიშ პათოგენებს ამუშავებენ და ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. კრემლის მტკიცებით, თბილისის ამერიკულ ლაბორატორიაში ცდებს ადამიანებზე ატარებენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავისი წყაროების გარდა, იგორ გიორგაძის განცხადებებსაც ეყრდნობა. დოკუმენტები პირველმა საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრმა გაასაჯაროვა. გიორგაძე აცხადებდა, რომ საიდუმლო მასალების მას საგანგებოდ ჩაუტანეს.
ლაბორატორიის ირგვლივ სკანდალი გასნახლდა 13 სექტემბერს. რუსულ ტელეარხებზე მომზადდა რეპორტაჟების სერია, რომელიც მოსკოვში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ექსმინისტრ იგორ გიორგაძის პრესკონფერენციას უკავშირდებოდა.
ყოფილი მინისტრი, ვინც საქართველო 20 წელზე მეტი ხნის წინ დატოვა, პრესკონფერენციაზე ამტკიცებდა, რომ მას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, რომლებიც აძლევს საშუალებას დაასკვნას, რომ აშშ-ის მხარდაჭერით აშენებულ ლაბორატორიაში საშიში ექსპერიმენტები ტარდება.
გიორგაძის თქმით, საუბარია ცე-ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს იმ მოქალაქეებზე ექსპერიმენტების ჩატარებაზე, რომლებიც ექსპერიმენტულ მკურნალობას დათანხმდნენ. მან ჟურნალისტებს წარუდგინა 30-კაციანი სია, რომლებიც ცე-ჰეპატიტზე მკურნალობას გადიოდნენ, საიდანაც 24 ერთ დღეს გარდაიცვალა.
ეს დოკუმენტი ინგლისურ ენაზეა შევსებული და მას ხელს ჯანდაცვის სამინიტროს ერთ-ერთი თანამშრომელი გიორგი ხატელიშვილი აწერს. დოკუმენტები 2015 წლით არის დათარიღებული.
გიორგაძე ითხოვს, რომ ეს დოკუმენტები და მასალები საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლონ. ლაბორატორია თავდაპირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ - შსს-ის, ხოლო 2012 წლის მერე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება, ხოლო მისი უშუალო განმკარგველი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძეა.
რუსი ჟურნალისტები და სამხედროები ამტკიცებენ, რომ ამერიკა საქართველოდან რუსეთზე ბიოშეტევის განხორციელებას გეგმავს.
საქართველოდან გასული დოკუმენტები პირველად ბულგარელი ჟურნალისტის გაიტრანჯიევას ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც არაერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველოში ბიოლოგიური იარაღს აწარმოებენ.
დავით სერგეენკოს უწყებაში დღეს ქვეყნის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებზე განმარტებები აღარ გაუკეთებიათ, გასულ კვირას კი მინისტრი აცხადებდა, რომ მისი უწყება კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა.
"ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ონიშონკოსა და გიორგაძის სპეკულაციებსა და ნაბოდვარს ნამდვილად არ ვუპასუხებდით, მაგრამ ეს თემა აიტაცეს რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა," - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში ამ საკითხზე პრესკონფერენციები გამართეს, ამიტომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საპასუხო განცხადების გაკეთება გადაწყვიტა.
„ყველა ის ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ოფიციალური თუ ჟურნალისტური წრეებისა და მასმედიის საშუალებებით ვრცელდება, არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს მიმართულია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესისა და ინოვაციების წინააღმდეგ.
"ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში, ის მიმართულია ადამიანთა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისკენ. ლაბორატორიას აქვს რეგიონული დატვირთვა, რამეთუ აქ ტარდება ზოგი ისეთი ექსკლუზიური კვლევა, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატორიისთვის არის ხელმისაწვდომი", - განაცხადა გამყრელიძემ.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ანტიკამპანიას აწარმოებს და საქართველოში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობების დანერგვას ცდილობს. როგორც ჟურნალისტებს შარაშენიძემ განუცხადა, წესით, რუსეთის მსგავსი ბოდვის არავის არ უნდა სჯეროდეს.
„მითუმეტეს რუსეთის დელეგაცია ლუგარის ლაბორატორიაში ბევრჯერ ყოფილა. ბოლო პერიოდში, რუსეთი ბევრ სკანდალში გაეხვა, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებისა და მოწამვლის სკანდალში, "სკრიპალის საქმეს" ვგულისხმობ. როგორც ჩანს, რუსეთი ამ ამბის გადაფარვას ცდილობს და სურს, ამერიკას შეედავოს, რომ საქართველოში ხალხს ქიმიური იარაღით ხოცავს. ალბათ იმის იმედი აქვს, რომ საქართველოში ზოგიერთი არაინფორმირებული ადამიანი ამას დაიჯერებს, მითუმეტეს, არჩევნების წინ.
ცდილობენ, ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობები დანერგონ. ამით რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი იხეირებს, კარგად ხვდებით. ასეც რომ არ იყოს, შიზოფრენიითა და შეთქმულების თეორიებით ანტიამერიკული განწყობების დათესვა ახალი არ არის და სამწუხაროდ, ხანდახან მუშაობს ხოლმე", - განაცხადა შარაშენიძემ.