თამარ მუკბანიანი
06.10.2018

 ტყიბულელ მეშახტეებს პირველი ოქტომბრიდან ხელფასი შეუწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც პროფკავშირები, ასევე "საქნახშირის" ხელმძღვანელი ჯამბულ ჯაყელიც. დასაქმებულები, რომლებიც მუშაობის გაგრძელებას უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო ვერ ახერხებენ, აქციებს გეგმავენ.

ტყიბულელი მეშახტეები 1-ლი ოქტომრიდან ხელფასის გარეშე რჩებიან და ამის გამო რამდენიმე დღეში გაფიცვას აანონსებენ. ივნისში მომხდარი ტრეგედიის შემდეგ შახტში დასაქმებულები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და მისი ყველა დანაპირების ოფიციალურად გაფორმებას მოითხოვდნენ. მეშახტეები ამბობდნენ, რომ დეტალურად უნდა გაიწეროს, შახტის დახურვის პირობებში, ვინ აუნაზღაურებს მათ თანხას და რამდენი ხნით ან რა ფორმით.

დანაპირები დრო უკვე გავიდა და ისინი იმდენად მწვავე პრობლემის წინაშე დგანან, რომ უხელფასოდ ცხოვრების გაგრძელებას სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობას ამჯობინებენ.

ტყიბულის მაღაროში დღეს არსებულ მდგომარეობაზე "კომერსანტი" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წრმომადგენლებსაც ესაუბრა. ორგანიზაციის წევრმა დავით დოლაბერიძემ დაადასტურა, რომ მეშახტეებს ხელფასები ნამდვილად აღარ ჩაერიცხებათ.

პარალელურად "საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა, რომ 15 ივნისის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ნახშირმოპოვება შეჩერებულია, ივლისისა და აგვისტოს ხელფასები გადაიხადა. ნახშირმოპოვება არ განახლებულა, ამიტომ კომპანია 1-ლი ოქტომბრიდან ხელფასებს ვეღარ გასცემს.

"მეშახტეებს უმუშევრობის შიში აქვთ და დასაქმებას ითხოვენ, რაც ბუნებრივია, რადგან ტყიბულში დასაქმების ალტერნატიული საშუალება არ არის. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფესიული კავშირი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება იმთავითვე ითხოვდნენ მხარეების მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტის შედგენას, როდესაც პრემიერმა 16 ივნისს ნახშირმოპოვებითი სამუშაოების გაჩერებისა და მეშახტეების იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე ანაზღაურების გაცემის ბრძანება გასცა.

მან მოთხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა, რის შესახებაც ჩვენ ბახტაძეს წერილობით შევახსენეთ, თუმცა მისი მხრიდან რეაგირება მაინც არ ყოფილა.

ტყიბულის კრიზისისადმი მთავრობის ამგვარი დამოკიდებულების გამო ტყიბულში იძულებითი შრომის გარემო შეიქმნა. მეშახტეები ითხოვენ მუშაობის განახლებას მიუხედავად იმისა, როგორი შრომის უსაფრთხოების გარემო იქნება. 7 სექტემბერს სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ შეარჩია გერმანული საექსპერტო კომპანია "ჯიემთი ჯგუფი" საფრთხეებისა და რისკის შეფასების მიზნით შახტების ინსპექტირებისთვის.

გერმანულ კომპანიას სამუშაოების ჩასატარებლად 5 კვირა დასჭირდება. შესაბამისად, ისიც გაურკვეველია, იძულებითი მოცდენის პერიოდს ვინ აანაზღაურებს, როცა "საქნახშირი" ამბობს, რომ მეტი შესაძლებლობა არ აქვს", - აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.

მეშახტე გიგა ისაკაძე ამბობს, რომ სიკვდილის შიშია გამეფებული ტყიბულში, მაგრამ ულუკმაპუროდ დარჩენის საფრთხეც იმდენად მაღალია, რომ მუშა-მოსამსახურეები ტრაგედიის ადგილზე მუშაობის გაგრძელებას ამჯობინებენ.

"არ ვიცით, რა ბედი გვეწევა. გაურკვევლად ვართ და თუ ამ დღეებში ისევ არაფერი გაირკვა, კვლავ ქუჩაში გასვლას ვაპირებთ. არავინ არაფერს გვეუბნება. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "საქნახშირს" ჰქონდა მოლაპარაკება მთავრობასთან, გარკვეულ ადგილებში (იქ, სადაც აფეთქება არ მომხდარა) სამუშაოები თუ არ აღდგებოდა, მაშინ 1-ლი ოქტომბრიდან ხელფასებს აღარ ჩაგვირიცხავდნენ.

მთავრობა დუმს. ფინანსური პრობლემები კი ჩვენთვის დღეს ყველაზე მტკივნეულია. ქალაქში სიკვდილის შიშია გამეფებული და ამას თავისი მიზეზი აქვს. ოჯახი და საახლობლო აღარ დარჩა, ერთი გარდაცვლილი რომ არ ჰყავდეს შახტში.

ჩვენც გვაწუხებს უსაფრთხოება და ყველას ეშინია ოჯახის წევრის დაკარგვისა, მაგრამ ყოველგვარი ანაზღაურებისა და ლუკმაპურის გარეშე ვრჩებით. ესეც სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ ორი ცუდი ვარიანტიდან ვირჩევთ სამუშაოს აღდგენას. სხვა რა გზა გვაქვს?", - აღნიშნა გაგა ისაკაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×