საწვავის ფასის არანორმალურმა ზრდამ მათ სხვა შანსი არ დაუტოვა
თამარ მუკბანიანი
06.10.2018

 ქვეყანაში საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირება იწყება. რუსთავი-თბილისის მიკრაოვტობუსების კომპანია ამ მოთხოვნით უკვე მართავს მოლაპარაკებას და ფასის 2 ლარამდე მომატებას აპირებს. გაძვირებაზე აქტიურად მსჯელობენ მარნეული-თბილისისა და მცხეთა-თბილისის სამარშრუტო კომპანიები და მძღოლები. მიზეზი საწვავის მზარდი ფასია, რომელმაც ისტორიულ მაქსიმუმს უკვე მიაღწია.

ნავთობის ტოტალური გაძვირების გამო ქვეყანაში ტრანსპორტის გაძვირების საფრთხე რეალური გახდა. ზოგიერთი კომპანია ამ მოთხოვნით უკვე მართავს მოლაპარაკებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ზოგი კი ჯერჯერობით კვლავ თავს იკავებს ტარიფის გაზრდისაგან, მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე.

"ინტერ ტრანსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფო ცერცვაძე ამბობს, რომ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე გაძვირების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის.

"პირველ ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც ესწრებოდნენ "ინტერ ტრანსის" დამფუძნებელი და დირექტორი ალექსანდრე ჯაფარიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და იმსჯელეს ფასის სავარაუდო გაზრდაზე", - განაცხადა სოფო ცერცვაძემ.

შეხვედრაზე კომპანია "ინტერ ტრანსის" ხელმძღვანელობამ წარადგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც წერია, რომ რუსთავიდან დედაქალაქში ერთი ადამიანის გადაყვანა 2,13 ლარი ჯდება, კომპანიას კი 1,50 ლარად გადაჰყავს.

"ფასის სავარაუდო ზრდა განპირობებულია იმითაც, რომ მოიმატა საწვავის, საწვავ-საპოხი მასალების ფასმა და, ზოგადად, კომპანიას აქვს ფინანსური კრიზისი", - აღნიშნა მან "ოლნიუსთან".

"ტრანსქველი", რომელსაც თბილისი-მარნეულის მარშრუტზე მგზავრები გადაჰყავს, ჯერჯერობით ფასის გაძვირებას არ გეგმავს, თუმცა ამბობენ, რომ ამაზე კომპანიის შიგნით საუბარი მიმდინარეობს, რადგან ამ ბიზნესს მოგება საერთოდ აღარ მოაქვს საწვავის სიძვირის გამო.

"გაუსაძლისი ვითარებაა, ბიზნესი მოგების გარეშე მუშაობს. ამის თქმა სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია. საწვავის ფასი ძალიან მაღალია და კიდევ იმატებს, რასაც ვუყურებთ. ჩვენ ერთმანეთში სულ ვსაუბრობთ, განვიხილავთ ამ თემას, მაგრამ ამჟამად, მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, გაძვირებას არ ვაპირებთ", - განუცხადეს "რეზონანსს" "ტრანსქველში".

საჯარო კომენტარისაგან თავს იკავებენ, თუმცა პირად საუბარში გაძვირების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ თბილისი-მცხეთის მიკროავტობუსის მძღოლებიც. ისინიც, "ტრანსქველის" მსგავსად, ფასის მატებას მუდმივად მზარდ საწვავის ღირებულებას უკავშირებენ.

ამ ეტაპზე ერთადერთი კომპანია, რომელიც გაძვირებას აბსოლუტურად გამორიცხავს, "თბილისის მიკროავტობუსია". ისინი ამტკიცებენ, რომ ფასის მატების საკითხი არც კი განიხილება.

"ორთაჭალის ავტოვაგზლის" კოპანიის წარმომადგენელი ტრისტან სულაძეც მიიჩნევს, რომ ფასის მატება აუცილებელია ბიზნესის გადასარჩენად, თუმცა მათ არაჯანსაღი კონკურენციაც უშლის ხელს, კერძოდ კი, არარეგისტრირებული ტაქსები.

"ნებისმიერ მძღოლს რომ ესაუბროთ, გეტყვიან, რომ მდგომარეობა მძიმეა და ფასის მომატებაც აუცილებელია. მით უფრო იმ პირობებში, როცა ყოველდღე მატულობს საწვავის ფასი და მოლოდინიც უარესია. ჩვენ შემთხვევაში ფასის შენარჩუნების მიზეზი არაჯანსაღი კონკურენციაა.

ტაქსები, რომლებიც დადიან კახეთის მიმართულებით, არ არიან რეგისტრირებული, თავს უფლებას აძლევენ, გაზზე მომუშავე მანქანებით გადაიყვანონ მგზავრები და არავითარი გადასახადის გადახდა მათ არ უწევთ. ამის გამო ისედაც ცუდ დღეში მყოფი "მარშრუტკის" მძღოლები ფასს ვერ მოუმატებენ. არაერთი წერილი დაიწერა და ყველა მძღოლმა მოაწერა ხელი, რომელიც კახეთის მიმართულებით მოძრაობს, რომ ეს სფერო დარეგულირდეს და მოწესრიგდეს, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი უშედეგოა", - ამბობს "რეზონანსთან" ტრისტან სულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×