როგორც "რეზონანსთან" ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებთან ვანო ჩხარტიშვილს შეხება არ ჰქონია. ეს დაადასტურა ლონდონის ორმა ცნობილმა ექსპერტიზის ბიურომაც, რაც იძლევა მყარ საფუძველს, რომ აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულია.
ზაზა ხატიაშვილი: ვანო ჩხა
რტიშვილი დამიკავშირდა და მე მას შევთავაზე, რომ ჩაგვეტარებინა ექსპერტიზა. მივმართე ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საექსპერტო ბიუროს, რომლის სანდოობა და ავტორიტეტი ცნობილია მთელ მსოფლიოში. გამოგვიყვეს ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტი, 30-წლიანი გამოცდილების მქონე პოლ ბეიკერი, რომლის მიერ ჩატარებული უამრავი ექსპერტიზა არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ.
ერთი კვირის შემდეგ მივიღე შოკისმომგვრელი დასკვნა, რაც ქართული სამართალდამცავი სისტემისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. კერძოდ, გამოყენებულია 7 საუბარი, საიდანაც 6 დამონტაჟებულია. დღეს მივიღე ახალი დასკვნა, რომელიც ჩატარებულია ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საექსპერტო ბიუროში, სადაც ექსპერტიზას ატარებენ სკოტლანდ იარდი, ინგლისის უზენაესი სასამართლო, ასევე, ამ საექსპერტო ბიუროს მომსახურებით სარგებლობს ინგლისის სამეფო ოჯახი.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ვანო ჩხარტიშვილს იმ ჩანაწერებთან, რომელიც ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელდა, შეხება არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 2017 წელს შეხვდა ზაზა ოქუაშვილს, მისივე თხოვნით, და ამ შეხვედრაზე ტელეკომპანია "იბერია" სერთოდ არ ხსენებულა.
ლონდონის საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნას ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსები ეჭვქვეშ ვერ აყენებენ, როგორც სამხარაულის ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნას. ოქუაშვილი აქამდე ამბობდა, ლონდონში ვიჩივლებო, ახლა კი სიმღერა შეცვალა და ამბობს, საფრანგეთში ვიჩივლებო. ბრძოლას გავაგრძელებ და წერტილი დაესმევა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მიმდინარე ბინძურ კამპანიას. მე მივმართე ტელკომპანია "იბერიას" და "რუსთავი 2"-ს, ბოდიში მოიხადონ, რატომ მიაწერეს ვანო ჩხარტიშვილის სახელი," - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.