(რეზონანსი) ქართველი ემიგრანტი მანუჩარ პირველი (კაჭახიძე) ფეისბუქზე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დირექტორის იმ პოსტს ეხმაურება, სადაც ნიკა გვარამია პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ემუქრება.
"ასეთ განცხადებას რომ აკეთებ, იმის მეასედი მაინც უნდა გქონდეს გაკეთებული ცხოვრებაში, რაც თუნდაც მე, - რა თქმა უნდა, უფასოდ! სამშობლოს სიყვარულით! თორემ ათეულათასიანი ხელფასით, დავარცხნილ ტელევიზიას კი არა, სხვადასხვა ცხოველთა კონგლომერატ-ჯოგს ვუხელმძღვანელებ. არ ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ვარ! ჟურნალისტისაგან და რედაქტორისაგან ეს არც უნდა გესმოდეთ. მე იმ სიბინძურეზე ვსაუბრობ და ხმას ვიმაღლებ, რითაც წაილეკა ქართული მედია დღეს.
შემეძლო, სხვასავით წყალი ჩამეგუბებინა პირში, გავჩუმებულიყავი, თუმცა, სიტყვა „ღალატის" განსხვავებული განმარტება მაქვს მე, მუხრანისეული:
მოღალატის იარლიყი მიაწებეს ქალს, რომელიც რუსეთის გამო დაიბადა სამშობლოდან შორს და მისი დიპლომატიის შედეგით რუსულმა ჯარებმა დატოვეს ქვეყანა, რაზეც, მისი მზარდი რეიტინგის გამო, მოხსნით უპასუხეს.
შემდეგ ქილიკი დაიწყეს მის ქართულზე. საფრანგეთში, უცხო გარემოში ნასწავლ ქართულზე. ბანით ნათქვამ ქილიკზე: მოყოლით იცის ქართველობაო. ერთმა, ქალის მისამართით ისიც თქვა: „ულვაშმოპარსული ორჯონიკიძეაო". სასაცილოა!
მე ის ვიცი, სალომეს არჩევით ჩემი ქვეყანა იმ ცოდვას ჩამოირეცხს, რაც მისი წინაპრების თაობის სამშობლოდან განდევნაში გამოიხატა. ახლა მივცემთ საშუალებას მათ მონაგარს, იმ წერტილიდან გააგრძელონ, სადაც შეჩერდა მათი წინაპარი, მაშინ - ჭეშმარიტად ქართული და რუსეთთან დამარცხებული მთავრობა.
ვინც მას დაიცავს, მოღალატეაო ქვეყნისო, ყველგან წერენ. ამიტომაც, ამ წერილის ბოლოში ჩემი სახელ-გვარის წინ თავადვე მოვაწერ, მოღალატე მანუჩარ კაჭახიძე. ღმერთმა უმრავლოს ჩემს ტკივილამდე საყვარელ სამშობლოს ჩემნაირი მოღალატეები და მე თუნდაც მიწამ ჩამიკრას ხვალვე, - ოღონდაც, ქართულმა მიწამ!", - წერს მანუჩარ კაჭახიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე