შესაძლო დეკანოზ გიორგი მამალაძეს 12-13 ოქტომბერს დაგეგმილ სინოდის სხდომაზე სასულიერო პირის სასტუსი ჩამოართვან. საპატრიარქოს შიდა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხსენებულ სხდომაზე ერთ-ერთ მძიმე განსახილველ საკითხებს შორის ე.წ. ციანიდის საქმეც იქნება. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ყველა ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და საბოლოო განაჩენით დეკანოზ გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
თეოლოგები, დეკანოზის ოჯახი და ადვოკატებიც, დაგეგმილ სინოდის სხდომაზე მამა გიორგისთვის სასულიერო პირის სტატუსის შეჩერებაზე მსჯელობას არ გამორიცხავენ. მათი თქმით, ეს მოლოდინი მას შემდეგ კიდევ უფრო რეალური გახდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეკანოზი არ შეიწყალა. ისინი ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტზე გარკვეული სახის გავლენა იქონია საპატრიაქრომ და პირადა მეუფე შიომ, რომელიც მარგველაშვილის ახლო მეგობარია.
შეწყალების კომისიამ სულ 866 საქმე განიხილა, მათ შორის იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დეკანოზის საქმე განსაკუთრებული წესით განიხილეს, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი. აუცილებელი იყო, რომ სხდომას კომისიის წევრთა 3/4 დასწრებოდა და ყველა მათგანი ერთ პოზიციაზე შეთანხმებულიყო, თუმცა კონსენსუსი ვერ შედგა.
პრეზიდენტს კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გადაუგზავნა, რაც მან სრულად გაიზიარა.
მოხდება თუ არა წმინდა სინოდის სხდომაზე დეკანოზის საკითხზე მსჯელობა „რეზონანსი“ ამის გარკვევას საპატრიარქოში და მეუფეებთან შეეცადა, თუმცა არცერთმა ჩვენს ზარებზე სტატიის მომზადების პერიოდში არ გვიპასუხა. შესაძლოა დეკანოზ მამალაძის საკითხი საპატრიაქროში სასაულიერო პირების დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდეს.
თუმცა, სინოდის სხდომა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. როგორც თეოლოგები ამბობენ, სხდომა საკმაოდ დაძაბული და მძიმე იქნება, ამიტომაც უწმინდესი ამისთვის მზად უნდა იყოს. თუ მისი ჯანმრთელობა შესაბამისი არ იქნება, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ სხდომა ნოემბრის დასაწყისამდე გადაიდოს.
დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე „რეზონანსთაან“ აცხადებს, რომ თუ სინოდის სხდომა ობიექტურად წარიმართება, მაშინ მამა გიორგისთვის არა სასულიერო პირის სტატუსის ჩამორთმევა გახდება საჭირო, არამედ საპატრიაქრო მივა დასკვნამდე, რომ ის უდანაშაულოა.
„ვნახოთ და დაველოდოთ, გამორიცხული არაფერია. ამ სხდომაზე გაირკვევა წმინდა სინოდი არის თუ არა ჭეშმარიტებისკენ მიდრეკილი, თუ ბოროტი ძალების მსახურია. ფაქტი ერთია, რომ დეკანოზის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული ძალები იბრძვიან და ვნახეთ, რომ ამ ძალების ბრძოლა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეც აისახა.
„სინოდის წევრებისგან არაფერს გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, მათი განცხადებები იძლევა იმის ეჭვს, რომ შესაძლოა ბევრ მათგანს მამა გიორგისთვის სტატუსის ჩამორთმევა სურდეს“, - აცხადებს მამალაძე „რეზონანსთან“.
დეკანოზ მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მამა გიორგისთვის სასულიერო პირის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევაზე ინფორმაცია პატრიარქის ქორეპისკოპოსმა არაერთხელ გააჟღერა. ამიტომაც არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომ სინოდის სხდომაზე ამის განხილვა მოხდება.
რამიშვილი ამბობს, რომ ფაქტია დეკანოზის გარეთ ყოფნა საპატრიარქოში ძალიან გავლენიან სასულიერო პირებს არ სურთ და ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებიდანაც ცალსახად გამოჩნდა. ადვოკატი ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია, თუ როგორ ცდილობდნენ კონკრეტული სასულიერო და საერო პირები, რომ მარგველაშვილს დეკანოზი არ შეეწყალებინა.
„ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე შეწყალების კომიტეტის ერთ-ერთი წევრია. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მისი მეშვეობით საპატრიარქო პრეზიდენტთან კონტაქტობდა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილი თავის ბავშვობის მეგობართან, მეუფე შიოსთან, რომელიც უწმინდესის თანამოსაყდრეა კონტაქტობდა და რეკომენდაციებს იღებდა. დეტალურად ამ სიტუაციას საპატრიაქროდან ვინ მართავდა, ზუსტად არ ვიცი, თუმცა ფაქტია - პრეზიდენტზე მათ ზეგავენა მოახდინეს.
„დეკანოზის მიმართ სინოდის წევრების დიდი ნაწილი რომ უარყოფითად არის განწყობილი, ეს გამოძიების პირველივე დღეებიდან გამოჩნდა. მათ გააკეთეს განცხადებები და ვნახეთ რა პოზიციაც ჰქონდათ.
„ჩემთვის გასაკვირი ისაა, რომ ეს ადამიანები ხან ენდობიან გამოძიებას, ხან არ ენდობიან. მერე თქვეს, რომ წინააღმდეგები არ არიან პრეზიდენტმა შეიწყალოს, მაგრამ სჯობია, რომ ჩუმად იყოს“, - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, შემდეგ სასულიერო პირებმა ეს გადაწყვეტილება შეცვალეს, რადგანაც იფიქრეს, რომ დეკანოზი გამოსვლის შემდეგ არ გაჩუმდებოდა. ადვოკატის აზრით, პრეზიდენტმა ძალიან თამამად განაცხადა, რომ განცხადების შესვლის შემდეგ დეკანოზის შეწყალების საკითხს განიხილავდა და ის საკმაოდ პოზიტიურად იყო განწყობილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ზეგავლენის შედეგად მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა. ამიტომ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ სინოდის წევრებმა დეკანოზისთვის სასულიერო პირის სტატუსის შეჩერებაზე იმსჯელონ.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ დეკანოზისთვის სასულიერო პირის სტატუსის ჩამორთმევა გარდაუვალია, რადგან ბრალდება მძიმეა. თეოლოგის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ სინოდის წევრები პროკურატურას და გამოძიებას სრულად ენდობიან, დიდი ალბათობით ისინი სინოდის სხდომაზე სასამართლოს გადაწყვეტილებებს გაიზიარებენ.
ტიგინაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოს ადმინისტრაციის უმრავლესობას გამოუქვეყნებელი და საზოგადოებისთვის უცნობი ჩანაწერები აქვს ნანახი, რომელშიც, როგორც ამბობენ, გაცილებით უფრო დრამატული ფატებია. ამიტომ წმინდა სინოდის წევრები ამ ჩანაწერბიდანაც იხელმძღვანელებენ.
თეოლოგის აზრით, ეპისკოპოსები, საზოგადოებისგან განსხვავებით, პრივატული და შიდა წყაროებით დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ.
„პირადად ჩემი დამოკიდებულებაც ამ საქმის მიმართ არაერთგვაროვანია, რადგანაც გამოძიების ვერსიას და ფაქტებს შორის ლოგიკურ ბმას ვერ ვხედავ. არის ურთიერთწინააღმდეგობივი მომენტები, მაგრამ დაბეჯითებით ვერც დეკანოზის უდანაშაულობაზე ვისაუბრებ.
„ციანიდის საქმე ლაკმუსის ქაღალდი და პანდორას ყუთია, რომელმაც მთელი რიგი პრობლემები წარმოაჩინა. ამ საქმიდან ბევრი რამ გავიგეთ,სადაც დეკანოზის არაერთ ქმედებაზეა საუბარი. ზნეობრივი და ეთიკის თვალსაზრისით, სამწუხაროდ ჯერ კიდევ მის დაკავებამდე, მასზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს იმას, რომ ის დამნაშავეა და ვინმეს მოკვლას გეგმავდა. თუმცა, მეორე მხრივ, თუ პროკურატურა მას ბრალს უყენებს, მასზე ზემდგომი და თანამზრახველი ადამიანები უნდა გამოავლინოს“, - აცხადებს თეოლოგი „რეზონანსთან“.
ტიგინაშვილის აზრით, დეკანოზი ამ საქმეში მარტო არ მოქმედებდა. ამის ნათელი მაგალითი კი ის ჩანაწერებია, რომლის გასაჯაროებაც ბრალდების მხრიდან მოხდა. თეოლოგის თქმით, დეკანოზი ფარულადაა ჩაწერილი და იქ ამბობს, რომ „ჩემი დაწინაურება და უფრო მაღლა ასვლა სურთ“, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული კონსპირაციული ჯგუფი არსებობდა, რომელიც დეკანოზის მეშვეობით საპატრიარქოში გავლენების და რეგალიების მოპოვებას ცდილობდა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა, სავარუდოდ, ის ჩანაწერები ნახა, სადაც დეკანოზი უფრო მძიმე ბრალდებებშია მხილებული. ამიტომაც მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვერ აიღო. თეოლოგი ფიქრობს, რომ სინოდის წევრებს ჯერ მხოლოდ დეკანოზ მამალაძის ლექსიკის და ქცევის გამო აქვთ სრული უფლება, რომ მას სასულიერო პირის სტატუსი შეუჩერონ, რადგანაც დეკანოზისთვის მსგავსი საქციელი საეკლესიო დოგმებს ეწინააღმდეგება.