რეზონანსი
08.10.2018

 ახალგაზრდა მწერალი, ძალიან კარგი და უკეთილესი ადამიანი - ანა ლაშხელი ონიანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას კუჭის სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობის კურსს გადიოდა თურქეთში, სადაც რამდენიმე დღის წინ ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაიტარა. გთავაზობთ ანას უკანასკნელ მიმართვას, რომელიც იმედით იყო სავსე.

„არასოდეს არავინ თქვას არასოდეს... უკვე მჯერა, რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა, არც მიწა. . . და მით უმეტეს ადრინდელი ცხოვრება.

20 დღიანი შოკის, ელდის თუ ტანჯვის შემდეგ დღეს დიაგნოზი დამისვეს. არ ვიტყვი რა. იმიტომ, რომ არავისგან არაფერს ველოდები, არც სიბრალულს არც თანადგომას. ეს მე უნდა გავაკეთო. დღეიდან მე ვარ მთავარი ჩემი თავისვის, ჩემი ჯანმრთელობისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. დღეიდან ვიწყებ იმ წიგნის წერას, რომელიც ბევრი ადამიანისთვის სახელმძღვანელო გახდება და გპირდებით, ამ წიგნის პრეზენტაციას მეც დავესწრები. ეს გადამატანინებს რთულ გზას რომელიც წინ მელოდება. მე არაფრის მეშინია. პირიქით, ვიღებ ამ გამოწვევას ცხოვრებისგან, დავუმტკიცებ ყველას რომ ერთი გალეული გოგოს უკან, ძალიან ძლიერი ადამიანი იმალება. მოვრჩი წუწუნს.

მადლობა ღუდუშაურის შინაგან სნეულებათა მთელს განყოფილებას. ექიმებს, მედ პერსონალსაც კი, ამდენი სითბოსთვის და ყურადღებისთვის. თოდუას მთელ კოლექტივს, რომლებსაც მთელი გულით ვიყავი მინდობილი ეს დღეები. მე დღეს ვიცი რომ საქართველოში გაწირული არ ხარ, რომ ჩვენც გვყავს ნორმალური და ღირსეული ექიმები. მიუხედავად იმისა რომ მეც გერმანიაში ვაპირებ მკურნალობას, ქართველი ექიმების უზომოდ მადლიერი ვარ. ვიცი ბევრი კარგი ადამიანი შემხვდება ამ რთულ გზაზე, ბევრი გამომიწვდის სიკეთის ხელს და დამანახებს ღმერთს. მადლობა უფალს რომ მომცა შანსი ბრძოლის, იმედის. . .

მადლობა ჩემს ოქროს დაიკოს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და ჩემთან ერთად გადაიტანა ეს დღეები, რომელიც ჩემთან არის და სულ ჩემს გვერდით იქნება ვიცი.

მადლობა ყველას ვინც მწერთ და გულწრფელად გაინტერესებთ ჩემ ამბები, ამისთვის მოვიკრიბე ძალა და შემოვედი აქ, რომ თქვენთვის მეთქვა, მე არაფრის მეშინია. ყველაფერი არის და იქნება კარგად. მე დავწერ წიგნს - მე დავამარცხე კიბო" - ნათქვამია მწერლის ბოლო პოსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×