ჩვენ უფრო იმას ვართ მიჩვეული, რომ ქვეყანაში გამოჩნდეს ადამიანი, ვინც გაფუჭებულს გამოასწორებს, დაკარგულს დააბრუნებს... მათ სახელებს ვინახავთ და ვუფრთხილდებით. ნაკლებად ცნობილნი არიან ისინი, ვინც საქმეს გაფუჭებამდე არ მიიყვანს და სამუზეუმო ექსპონატებს - ქვეყნიდან განიავებამდე. იმედია, იმათ დაფასებასაც ვისწავლით.
აყველაფერი დაიწყო 90-იან წლებში. გია ჯოხთაბერიძისა და მანანა შევარდნაძის ოჯახმა დაიწყო იმ ნახატების შეძენა, რომლებსაც საზღვარგარეთ გასატან-გასაყიდად ამზადებდნენ. ასე გადაურჩა ქვეყნიდან გატანას ქართველ მხატვართა ნამუშევრების სოლიდური ნაწილი. 20-წლიანი კოლექცია 80 წლის განმავლობაში მოღვაწე ქართველი მხატვრების 3500-ზე მეტ ტილოსა და სკულპტურას ითვლის.
ასეთ დასაწყისს, მინიმუმ, კარგი საცავი სჭირდებოდა, თუმცა იმ ადამიანისგან, რომლის დახმარებითაც ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ქართველ მხატვართა 20-მდე კატალოგი გამოიცა, ქვეყანამ გაცილებით მეტი მიიღო - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აშენებული ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი.
ამ ადგილზე მუზეუმს ალბათ "კერიაც ითხოვდა" - აქ ხომ მხატვრის სახლი იყო 1992 წლამდე, რომელიც 90-იანმა წლებმა შეიწირა. გია ჯოხთაბერიძემ 2012 წელს გამოისყიდა იმ დროისთვის უკვე გასხვისებული ტერიტორია და საქართველოში პირველად აშენდა ასეთი მასშტაბური შენობა მუზეუმისთვის. იგი ხუთსართულიანია და გათვლილია 9 ბალზე. 31 დარბაზსა და 3 კიბის უჯრედში გაშლილი საგამოფენო ფართი 7 ათასი კვადრატული მეტრია. არის კიდევ ერთი სივრცე დროებითი ექსპოზიციებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მუზეუმის საცავი, რაც ქართულ რეალობაში აქამდე მუზეუმების "აქილევსის ქუსლი" იყო. სახვითი ხელოვნების მუზეუმის საცავში გამზადებულ სტელაჟებზე 6 ათასი კვ მეტრი ფართის ფერწერული ტილოებისა და სხვა ნამუშევრების შენახვაა უზრუნველყოფილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც საცავში, ასევე მთლიანად შენობაში დაცულია მუზეუმისთვის სტანდარტებთან შესატყვისი საჭირო პირობები (კონდიცირება, ვენტილაცია, ტემპერატურული რეჟიმი, განათება).
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 2 ოქტომბრიდან ღიაა და მის სტუმრებს აქ ელოდებათ შეხვედრა ედმონდ კალანდაძის, რადიშ თორდიას, ირაკლი ფარჯიანის, აპოლონ ქუთათელაძის, თემო ჯაფარიძის, კორნელი სანაძის, გოგი ჩაგელიშვილის, ჯიბსონ ხუნდაძის, თენგიზ მირზაშვილის, სერგო ფარაჯანოვის, ლევ ბაიახჩევის, გივი თოიძის, კოკი მახარაძის, გაიანე ხაჩატურიანის, ზურაბ ნიჟარაძის, ნათელა იანქოშვილის, ელგუჯა ამაშუკელისა და სხვათა ნამუშევრებთან.
გათვალისწინებულია, რომ მუზეუმი თავისი ბილეთებით ამ შენობას ვერ შეინახავს. ამიტომ თავიდანვე განისაზღვრა კომერციული ფართების საჭიროება და შენობის ნაწილი დაეთმო არტ ჰაუსის კომპლექსს. იგი მოიცავს კაფეებს, რესტორნებს, საცურაო აუზს, საუნას, სავარჯიშო დარბაზსა და ბუტიკებს. აქ არის სივრცე დროებითი გამოფენებისთვის და საკონფერენციო დარბაზი. მოწყობილია მიწისქვეშა ავტოფარეხი 155 მანქანაზე. კომერციული ობიექტების შემოსავლით უზრუნველყოფილი იქნება მუზეუმის საჭიროებები.
როგორც ჯოხთაბერიძე აღნიშნავს, მისი და მანანას იდეა, შეეგროვებიათ ქართველ მხატვართა ნამუშევრები და მიზანი, რომ ეს კოლექცია შენარჩუნებულიყო საქართველოსთვის - მუზეუმში მოხვედრილიყო - განხორციელებულია. თუმცა სიცოცხლე გრძელდება და არსებულ კოლექციას, იმედია, ახალი ნამუშევრები მომავალშიც შეემატება.
ქართული სამუზეუმო სივრცის ასეთ გაფართოებას ორი დიდებული საღამო-კონცერტი მიეძღვნა. ფილარმონიაში ზეობდა ქართული ფოლკლორი, ხოლო ოპერაში ცეკვავდნენ და მღეროდნენ მსოფლიოში წარმატებული ქართველი შემსრულებლები.
მუზეუმი წაადგება ტურისტულ საქმიანობასაც და, შესაბამისად, ქართველ მხატვრებს მეტი საშუალება ექნებათ, თავი გააცნონ დანარჩენ მსოფლიოს.
(მოვლენა)