თამარ შუკვანი
08.10.2018

 "2012 წლიდან დღემდე საზოგადოებას მიაჩნიაა, რომ ქვეყანას ივანიშვილი მართავს მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობა უჭირავს მას - პირდაპირი, არაპირდაპირი, რეალური თუ არარეალური, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყანაში მომხდარი კარგიც და ცუდიც მას მიეწერება. სრულიად ლოგიკურია, რომ დღეს ყველა ივანიშვილისაკენ იშვერს ხელს," - აცხადებს "მთელ კვირასთან" ინტერვიუში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

"მთელი კვირა": პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ მისმა მეუღლემ პროკურატურას მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სახელი ფიგურირებს.

ვახტანგ ძაბირაძე: დღეს ივანიშვილის სახელს უკავშირდება ყველაფერი, ვისაც არ ეზარება, ყველა პრობლემას ივანიშვილს უკავშირებენ. თავადაა დამნაშავე - თუ პოლიტიკას ჩამოშორდა, ბოლომდე უნდა ჩამოშორებულიყო და თუკი დაბრუნდა, წესიერად უნდა დაბრუნებულიყო. მისი ქმედება იძლევა იმის საბაბს, რომ ყველაფერი, რაც კი ქვეყანაში ხდება, მას დააბრალონ. მას აქვს გავლენა და უნდა იფიქროს, რომ ასეთ ვითარებაში გამოძიება უნდა მოხდეს სწრაფად და ეფექტურად. როდესაც ეს საქმე ჭიანურდება, სხვას ვის შეიძლება დააბრალონ?!

ძალიან დიდი ხანია, რაც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ფონდ "იავნანაში" რაღაც თანხა არასწორად განაწილდა. რადგან არჩევნების წინ დაიწყო ამ თემის გააქტიურება, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რომელიც უკავშირდება პოლიტიკას. ხელისუფლებას უნდა ეყოს გონიერება, ასეთ რეზონანსულ საქმესთან მიმართებით ძალიან ფრთხილი, მოზომილი და, რაც მთავარია, ეფექტური იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხადია, ჩნდება სრულიად საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა სამართალთან, არამედ პოლიტიკასთან.

"მთელი კვირა": სამხარაულის ექსპერტიზამ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერები არაავთენტურად მიიჩნია.

ვ.ძ.: ექსპერტიზის დასკვნით, ჩანაწერებში გარკვეული ნაწილები დამონტაჟებულია. ყიფიანმა აღიარა, რომ ასეთი საუბარი შედგა. ამ ორ საკითხს შორის დიდი წინააღმდეგობა არ არის. მონტაჟი, რამდენადაც ვიცი, არის ის ნაწილი, რომელიც უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ექსპერტიზის ჩატარებას საზღვარგარეთ აპირებენ და უფრო სანდო და მისაღები იქნება, რას იტყვის ის ექსპერტიზა.

"მ.კ.": პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ლევან ყიფიანს ყოფილმა თანაგუნდელებმა "ზურგი აქციეს", რასაც მმართველი გუნდის კრიტიკა მოჰყვა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

ვ.ძ.: რა თქმა უნდა, მარგველაშვილის განცხადებას აუცილებლად კრიტიკა მოჰყვებოდა, რადგან ამ ფრაზაში რა იგულისხმა, ვერც მე მივხვდი. თუკი ყიფიანი დამნაშავეა, რას ნიშნავს ზურგის შექცევა?! თუ შეცდომა დაუშვა და დანაშაული ჩაიდინა, ჩვენი წევრია თუ სხვა გუნდის წევრი, პასუხი უნდა აგოს.

"მ.კ.": პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგზე რას იტყვით?

ვ.ძ.: ვაშაძის რეიტინგი იგივეა, რაც "ნაციონალური მოძრაობისა". მათ შორის შესაძლებელია ტოლობის ნიშნის დასმა. "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, ზურაბიშვილის რეიტინგი რომ საგრძნობლად დაეცა, ესეც ფაქტია.

დღეს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამორჩეული რეიტინგის მქონე არავინაა, მაგრამ თუ ქართულ საზოგადოებას არჩევანის უნარი შესწევს, გამორჩეული დავით უსუფაშვილია, რომელსაც შეიძლება დიდი რეიტინგი არ ჰქონდეს, მაგრამ ნამდვილად მთელი თავით მაღლა დგას დანარჩენ კანდიდატებზე.

"მ.კ.": მეორე ტური მოსალოდნელია?

ვ.ძ.: მეორე ტური ალბათ გარდაუვალია. გააჩნია, ვინ გავა მეორე ტურში და ვინ ვის დაუპირისპირდება. თუკი ზურაბიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გავლენ მეორე ტურში, ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. თუ სხვა გავა, მაშინ სხვაგვარი სურათი გვექნება - ბაქრაძე-ვაშაძის დაპირისპირების შემთხვევაში საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნება, მაგრამ ვაშაძეს მეტი შანსი ექნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×