მარიამ კუპატაძე
08.10.2018

 გრიგორი კარასინი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ საერთაშორისო არენაზე რუსეთის მიმართ მტრული ქმედებები 2012 წელს დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს საფრთხის წინაშე აყენებს.ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

„სამწუხაროდ, პოლიტიკურ სფეროში პოზიტიური ტენდენცია არ შეინიშნება. თბილისი კვლავ არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, აგრძელებს მტრულ საქმიანობას საერთაშორისო პლატფორმებზე, ხალისით მონაწილეობს რუსეთის შეკავების ნატო-ს სტრატეგიაში. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ამგვარი ქმედება საფრთხეს უქმნის 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომლის შედეგებითაც დღეს ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, პერსპექტივაში მოსკოვმა და თბილისმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას შეიძლება მიაღწიონ. თუმცა მისი თქმით, ამას დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა უშლის ხელს.

„რაც შეეხება სავიზო ლიბერალიზაციას, როგორც იცით, ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი მნიშვნელოვნად გამარტივდა და, პრინციპში, დღეს ამ ქვეყნის ნებისმიერ მცხოვრებს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ვიზა რუსეთში ჩასასვლელად. პრინციპში, არ გამოვრიცხავთ პერსპექტივაში უვიზო რეჟიმის დაწესებას. სხვა საქმეა, რომ ამის პრაქტიკულად განხორციელება ჯერ რთულია. ამას ხელს უშლის ჩემს მიერ ნახსენები დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა. აისახება რთული სიტუაცია მსოფლიოშიც, რომელიც განპირობებულია ტერორისტული და სხვა საფრთხეების ზრდით, არალეგალური მიგრაციის პრობლემა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, არ გავითვალისწინოთ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.მისივე თქმით, საგარეო ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში პროგრესი აშკარაა.

„ორმხრივი საქონლის ბრუნვა განაგრძობს ზრდას. იანვარი-ივლისის პერიოდში 44%-ით გაიზარდა. ვფიქრობ, 2018 წელს ვაჭრობის მოცულობის რეკორდი გვექნება, რაც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს", - დასძინა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×