„მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ უდიდესი მონაპოვარი სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის და სატირულ-იუმორისტულ გადაცემაზე ასეთი რეაქცია, რომ დაეხურათ, მართლაც გასაოცარი ამბავია. ვფიქრობ, თუკი ეს გადაცემა სწორედ ამ მიზეზით დაიხურება, ხმა უნდა ამოვიღოთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ, რადგან ეს ჩვენ ქვეყანაში სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია," - იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.
ვასიკო ოდიშვილის სატირულ-იუმორისტული გადაცემა „ვასმედია," რომელიც „იმედის" ეთერში გადიოდა, 30 სექტმებრის გადაცემის შემდეგ არ გასულა, სადაც ოდიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეზე, ირაკლი კობახიძეზე იხუმრა.
მუხაშავრიასთვის მაინცდამაინც რეალური არ გახლავთ აღნიშნული ფაქტი და აცხადებს, რომ საჭიროა ინფორმაციის სრულად გადამოწმდეს და შესაბამისი შეფასების გაკეთება.
„მაინცდამაინც ვერ დავიჯერებ, რომ ამ ამბის გამო მოხდა დახურვა. თუკი მართლაც ასეა, ძალიან სამწუხარო ფაქტი იქნება. სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაწყებულა და ვერ გაგვიგია," - განაცხადა უფლებადამცველმა.
გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერის, გვანცა გორდეზიანის თქმით კი, გუშინ, 7 სექტემბერს ფორმატთან დაკავშირებული ცვლილებების გამო არ გავიდა გადაცემა ეთერში, - აღნიშნულ ინფორმაციას „ლიბერალი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 16 სექტმბერს ოდიშვილის პირველი გადაცემა გავიდა ეთერში. რაც შეეხება გუშინდელ გადაცემას, რომელიც არ გასულა, 7 ოქტომბერს გასასვლელი გადაცემა პრომო ეთერში გადიოდა და ვიდეო ფეისბუქგვერდზეც იყო განთავსებული.
პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით შეკითხვა ბრიფინგზე დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოეპოვება.
„არა მგონია, რაიმე გადაცემა დახურულიყო, არანაირი ინფორმაცია გადაცემის დახურვაზე არ მაქვს,"- განაცხადა ბრიფინგზე კობახიძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვასიკო ოდიშვილის სატირულ-იუმორისტული შოუ „ვასმედია" ფეისბუკგვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ვასიკო ოდიშვილის გადაცემა 14 ოქტომბერს დაბრუნდება ეთერში.
„ძვირფასო ვასმედიას მაყურებლებო, ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ კვირას, 14 ოქტომბერს ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილას. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ! არაკეთიმოსურნეებს, გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა"- ნათქვამია განცხადებაში.