7 ოქტომბერს ბულგარეთის ქალაქ რუსეში მოკლეს, ტელეკომპანია TVN-ის ადმინისტრაციული დირექტორი და ჟურნალისტი ვიქტორია მარინოვა. მისი ცხედარი სკვერში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მისი სიკვდილი თავში ჩარტყმამ და გაგუდვამ გამოიწვია. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი სიკვდილის წინ გააუპატიურეს.
პოლიციის ცნობით, დაკარგულია მისი მობილური ტელეფონი, გასაღები, სათვალე და ტანსაცმლის ნაწილი.
კრიმინალისტები მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ, მათ შორისაა ვერსია, რომ მკვლელობა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
ვიქტორია მარინოვა იყო გადაცემა „დეტექტივის" წამყვანი და მკვლელობამდე მან გადაცემა მიუძღვნა ევროკავშირის ფონდებიდან გამოყოფილი ფულის მოპარვის სკანდალს. საუბარია ევროკავშირის მიერ ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისთვის გამოყოფილ ასობით მილიონ ბულგარულ ლევზე, რომლითაც საკონსულტაციო ფირმებმა მილიონები იშოვეს.
გარდა ამისა, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ფინანსურ მაქინაციებში შესაძლოა მონაწილეობდნენ ბულგარეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებიც. მათ შორის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი. გამოძიებაში ასევე ფიგურირებს ლუკოილის ბულგარელი ხელმძღვანელის "ქალიშვილის" სახელი - ვალენტინ ზლატევა.
რეგიონული ტელეკომპანია TVN-ი ერთადერთი ბულგარული ტელეკომპანია იყო, რომელიც აღნიშნულ სკანდალს აშუქებდა. ჟურნალისტური გამოძიება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტის ფარგლებში, ბულგარეთსა და რუმინეთში ევროკავშირის ფინანსების გაყალბების თემაზე და იგეგმებოდა, რომ ამ გამოძიების შედეგები გადასცემოდა ევროკავშირის ოფისს
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ევროკავშირში გამომძიებელი-ჟურნალისტების უკვე მესამე მკვლელობაა. 2017 წლის ოქტომბერში მალტაზე მოკლეს ჟურნალისტი დაფნა კარუანა გალისია. 2018 წლის თებერვალში სლოვაკეთში მოკლეს იან კუციაკი და მისი საცოლე. ჟურნალისტის მკვლელობას სლოვაკეთში 1989 წლიდან მოყოლებული ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა და შედეგად მთავრობის გადადგომა გამოიწვია.