მსოფლიო ბანის პატა ბურჭულაძის ირგვლივ სკანდალი კვლავ გრძელდება და პროკურატურამ დაკითხვაზე ახლა მისი მეუღლე დაიბარა. უწყებაში აცხადებენ, რომ საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელობის მხრიდან ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება დასასრულს უახლოვდება.
პაატა ბურჭულაძის ფონდის ირგვლივ გამოძიება პროკურატურამ 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. უწყება ამ თემას შიგადაშიგ გარკვეულ დროს ააქტიურებს, რაც დროში ბურჭულაძის ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ემთხვევა. იურისტები ამბობენ, რომ მიუხედავად უწყების განცხადებისა, რომ გამოძიება დასკვნით ფაზაშია, მათ არ ჰყავთ გამოკვეთილი ბრალდებული პირი, რომელიც ფონდ „იავნანადან" თანხებს ფლანგავდა. ასევე უცნობია, გამოძიება რა კონკრეტული მიმართულებით მიდის. ამიტომ, მათთვის გაუგებარია გამოძიებამ რა გამოიკვლია და დაადგინა.
აღნიშნული გამოძიების დაწყებას კი საფუძვლად არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" წარმომადგენლების განცხადება დაედო, რომელშიც ისინი მიუთითებდნენ, რომ ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვა", რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, ფონდ „იავნანას" თანხების შესაძლო გაფლანგვის საქმე სამ ეპიზოდად იყოფა.
პირველი ეპიზოდი ეხება პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ფონდის კუთვნილი თანხებიდან. ლაპარაკია დაახლოებით 700 ათას ლარზე.
გამოძიების მტკიცებით, გაუგებარია ბურჭულაძის მეუღლის ანგელინა ვასილენკოს როლი ფონდის საქმიანობაში. თუმცა აქვე პროკურატურა აღნიშნავს, რომ ვასილენკო ფონდის ხარჯებით უცხოეთში იმყოფებოდა. მთლიანობაში მასზე ფონდიდან დახარჯულია 254 ათასი ლარი (ავიაბილეთები და სხვა ხარჯები), 25 ათასი ლარი სახელფასო ანაზღაურება, სხვა ხარჯებზე კი დაახლოებით 337 ათასი ლარი.
მეორე ეპიზოდი - თბილისში ბურჭულაძისთვის სასტუმრო მომსახურების ხარჯები, რომელიც დაახლოებით 40 ათასი ლარია.
გამოძიებისთვის გაუგებარია, თუ რატომ ცხოვრობდა ბურჭულაძე სასტუმროში, როდესაც მას თბილისში აქვს საცხოვრებელი ფართი, ხოლო ფონდს გააჩნია ოფისი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად.
კიდევ ერთი ეპიზოდი ეხება ფონდის ქონებას. საუბარია სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული, ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერთ-ერთი საწარმოსთვის იჯარით გადაცემაზე. მასში მრავალი წლის განმავლობაში რესტორანი ფუნქციონირებდა, იჯარიდან მიღებული შემოსავალი კი უნდა გამოყენებულიყო ფონდის საქველმოქმედო მიზნებისათვის.
პროკურატურამ დაადგინა, რომ საწარმო 6 წლის განმავლობაში ჯეროვნად არ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს - ფონდს სრულად არ უხდიდა იჯარის თანხას, თუმცა ფონდს საწარმოსთან ხელშეკრულება არ შეუწყვეტია. გამოძიების მტკიცებით, ფონდმა ამის გამო 500 ათას ლარზე მეტი ვერ მიიღო.
გარდა ამისა, ფონდის დოკუმენტაციის ანალიზის საფუძელზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2004-2017 წლებში შემოწირულობების მხოლოდ 30% ხმარდებოდა ქველმოქმედებას, დანარჩენი თანხები ხმარდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურებასა და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა" საოპერო ვარსკვლავმა პაატა ბურჭულაძემ 2004 წელს დააფუძნა. „იავნანა" პირველივე დღეებიდან მზრუნველობამოკლებულ მიუსაფარ და ობოლ ბავშვთა თავშესაფარი გახდა. ფონდის ეგიდით მრავალი საქველმოქმედო აქცია-კონცერტები გაიმართა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. როგორც ფონდის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მიღებული შემოსავალი მთლიანად ბავშვების დახმარებას ხმარდება.
გამოძიებამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოკითხა პაატა ბურჭულაძე, მისი მეუღლის გამოკითხვა კი 8 ოქტომბერს მოხდა. ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ გამოძიების გააქტიურება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ მან ღიად დაუჭირა მხარი ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მის მეუღლეს პროკურატურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს მისაწოდებელი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც ფიგურირებს. მისივე თქმით, ცდილობდნენ სიტუაცია ისე გამოეჩინათ, რომ ვიღაც ქვეყნიდან გაიქცა, რეალურად კი, როგორც ბურჭულაძე აცხადებს, მისი მეუღლე და გამომძიებელი შეთანხმდნენ, რომ დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით 8 ოქტომბერს მოხდებოდა.
„გუშინ მობრძანდა პროკურატურის გამომძიებელი გიორგი ლომთაძე. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მოსამართლის თანდასწრებითო და შეთანხმდნენ, რომ 8 რიცხვში მივიდოდნენ და დაკითხავდნენ. ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი, რაშიც სხვათა შორის ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი. ისინი თავს არიდებდნენ ამას. უნდათ შექმნან სურათი, თითქოს ვინმე გაიქცა ქვეყნიდან. ჩემი აზრით, გასაქცევად ბიძინა ივანიშვილი ემზადება. 2012 წელს მასაც ჰქონდა შეხვედრა ფონდ „იავნანას" პარიზში წასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ იქ გადაუხვიეს თემას და სხვა თემაზე ჰქონდა საუბარი. ამასაც მოუყვება მათ. ძალიან საინტერესო დაკითხვა იქნება", - განაცხადა ბურჭულაძემ.
მიუხედავად სისხლის სამართლის საქმისა, ფონდი "იავნანა" მოღვაწეობას აგრძელებს და 25 ოქტომბერს თბილისში საქველმოქმედო გალა-კონცერტის გამართვას გეგმავს.
იურისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფონდ „იავნანას" საქმე მთლიანადდ პოლიტიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული. ალაფიშვილი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის აქტიურობისთანავე გამოძიებაც მის წინააღმდეგ გააქტიურებას იწყებს.
იურისტი აცხადებს, რომ ეს საქმე პორკურატურისთვის გამოწვევაა და ობიექტური დამკვირვებლისთვის უწყების მოქმედებები, სწორედაც რომ საარჩევნო პროცესს უკავშირდება. ალაფიშვილი ამბობს, რომ ფონდ „იავნანას" საქმე რეპუტაციის შემლახველი შეიძლება გახდეს, როგორც პროკურატურისთვის, ასევე ხელისუფლებისთვისაც.
„ძნელია ახსნა ამდენი ხნის განმავლობაში გამოძიება რას აკეთებდა და დღეს კვლავ რატომ გააქტიურდა. ფაქტია, რომ 2016 წლის შემდეგ, პროკურატურა ახლა ერთი მიმართულებით გააქტიურდა და წინასაარჩევნოდ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ კვლავ ახალი კამპანია დაიწყო. კარგი იქნებოდა, რომ პროკურატურას მინიშნებით მაინც ეთქვა გამოძიება რა და ვისი მიმართულებით მიდის. ეს განცხადებები, რომელსაც პროკურატურა აკეთებს, მხოლოდ ვერსიებია და დოკუმენტის სახით, საბრალდებო აქტი, სადაც კონკრეტული პირის ბრალეულობა გამოიკვეთებოდა არ არსებობს.
"მითუმეტეს, ეს სამი ეპიზოდი, რომელსაც უწყება იკვლევს, ამდენი ხნის განმავლობაში რა ვერ გამოიკვლიეს. 700 ათასი ლარი არ მგონია ახლა ისეთი დიდი თანხა იყოს, რომ მისი პოვნა დოკუმენტაციით ვერ მომხდარიყო. რასაც ვუყურებ პროკურატურას, ამ ეტაპზე ფონდ „იავნანას" საქმეზე რაიმე მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ამბობენ ვიკვლევთ, მაგრამ საშველი ვერ დააყენეს. ეს საქმე პოლიტიკური სპეკულაციების საგანი რომ არ გახდეს, გამოძიებამ საზოგადოებას და სასამართლოს უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები წარუდგინოს, სჯობია",-აცხადებს ალაფიშვილი „რეზონანსთან".