მარიკა გოგოხია
09.10.2018

 "თიბისი ბანკმა" "ომეგა ჯგუფის" საქმეზე საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიასთან ერთად საქმის დეტალები განიხილა.

"თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ ბრიფინგის გამართვის გადაწყვეტილება ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის 7 ოქტომბრის ინტერვიუს შემდეგ გადაწყდა, რადგან ოქუაშვილმა ბანკის კონკრეტული თანამშრომლები დაასახელა, რომლებიც თანხის გატანის პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ ოქუაშვილის ბრალდებებს ცრუ უწოდა და განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბანკისა და კონკრეტულად სამუშაო საათებთან დაკავშირებით ტყუილი ინფორმაცია ვრცელდება.

ბუცხირიკიძემ მედიასთან ბიზნესმენის მიერ გაჟღერებულ ტრანზაქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტრანზაქცია წესების სრული დაცვით განხორციელდა.

მისი ინფორმაციით, თანხის ჩარიცხვა განხორციელდა შვეიცარიიდან 20 აპრილს, ხოლო კომპანიის დირექტორის მიერ თანხის გატანა მოხდა 22 აპრილს: "ბოლო პერიოდის განმავლობაში უსამართლო ბრალდებები ხშირად გაისმის პირადად ჩემ მიმართ, ასევე - "თიბისი" ბანკის სახეების მიმართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და არასდროს ვრეაგირებთ ამ ბრალდებებზე.

მეორე მხრივ, ვიცავთ კონფიდენციალობას. "თიბისი ბანკის" ისტორიის ფარგლებში არ მახსენდება შემთხვევა და, ალბათ, გუშინ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა მოიხსენია ჩვენი თანამშრომლები. თითოეული თანამშრომლის რეპუტაციის დაცვა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყველამ მინდა იცოდეს, რომ ჩვენს თანამშრომელს ყოველთვის დავიცავთ, როგორც ვიცავდით გუშინ, ვიცავთ დღეს, ასე იქნება მომავალში", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და დასძინა, რომ კომპანია, რომელიც, ზაზა ოქუაშვილის სიტყვებით, დაფუძნდა "ოფშორულ" ზონაში, არის ქართული და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2016 წლის 19 აპრილს ყველა წესის დაცვით. იმავე დღეს არის გახსნილი საბანკო ანგარიში იუსტიციის სახლის ფილიალში. წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით "თიბისი ბანკს" იდენტიფიცირებული ჰყავს კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები.

რაც შეეხება ტყუილს სამუშაო საათებთან დაკავშირებით, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განმარტა, რომ მარჯანიშვილის ფილიალი გახსნის დღიდან დილის 09:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მუშაობს.

"მე ვარ გენერალური დირექტორი, ამ ორგანიზაციის ყველაზე უმაღლესი პირი და გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს ფილიალი ყოველთვის მუშაობს დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე, ამ განრიგში შედის იურიდიული განყოფილებაც. ტყუილია, რომ ამ ტრანზაქციის განხორციელებისათვის სპეციალურად მოხდა ფილიალის გახსნა.

კლიენტმა თანხა ჩარიცხა 2016 წლის 20 აპრილს შვეიცარიიდან. 21 აპრილს ტრანზაქცია დაწყებულია 19:22 საათზე, ხოლო დასრულებულია 19:43 საათზე. კომპანიის დირექტორის მოთხოვნით, შესაბამისი თანხა მოვამზადეთ და ჩვენი თანამშრომლები დაუკავშირდნენ კლიენტს, რომ თანხა მზად იყო გასაცემად. ეს იყო სატელეფონო კავშირის მიზეზი. რეალურად თანხა გაიცა 22 აპრილს 13:01 საათზე, ანუ ანგარიში გახსნილია და მომსახურება გაწეულია პროცედურების სრული დაცვით. სამწუხაროდ, ტყუილს აქვს ადგილი და ინტერპრეტაცია მოხდა სხვანაირად", - განაცხადა მან.

რაც შეეხება პირადად ვახტანგ ბუცხრიკიძის ნაცნობობას, ბანკის გენერალურმა დირექტორმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ის არ იცნობს ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი გახარია კი გაიცნო, როგორც ბიზნესომბუდსმენი.

მისი ინფორმაციით, სიცრუეა ასევე ოქუაშვილის განცხადება თანხის გატანამდე ლევან ყიფიანსა და ვახტანგ ბუცხრიკიძეს შორის სატელეფონო კავშირის შესახებაც.

"პირადად მე არ ვიცნობ ბატონ ფარცხალაძეს. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის მე გავიცანი, როგორც ბიზნესომბუდსმენი. ლევან ყიფიანს ვიცნობ, მაგრამ მასთან არ მაქვს მეგობრული ურთიერთობა. რაც შეეხება ბატონი ოქუაშვილის ბრალდებას სატელეფონო ზართან დაკავშირებით, მისგან განსხვავებით, მე არასდროს ვაწარმოებ ჩემი ბიზნესშეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების ჩაწერას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტრანზაქციას წინ არ უძღოდა არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია ლევან ყიფიანსა და ჩემ შორის. საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებთან. საბანკო პროცედურების სრული დაცვით არის ჩატარებული ტრანზაქცია და ამაზე ინფორმირებულია ფინანსური სამსახური", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

სპეციალურად მედიიასთვის გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ "თიბისი ბანკმა" შეიძლება, "ომეგა ჯგუფს" სასამართლოში უჩივლოს.

"ახლა ვაგროვებთ საბუთებს და, ვისაც მოეთხოვება პასუხი, სასამართლოში შევიტანთ", - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი 2016 წლის აპრილში "თიბისი ბანკში" განხორციელებულ უკანანო ტრანზაქციაზე საუბრობს, რომლის შედეგად, მისი კუთვნილი 4 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში გაცემა მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×