პირველ რიგში, საქართველოს მსგავსი ქვეყნები არ არის დაცული
მარიკა გოგოხია
09.10.2018

 დიდია რისკი, რომ ციფრული ვალუტის მფლობელები თაღლითებისაგან საქართველოშიც დაზარალდნენ. მსგავსი ფაქტები ხშირია ქვეყნებში, სადაც მეანაბრები სხვადასხვა მაქინაციის მსხვერპლნი ხდებიან. საფრანგეთში ბიტკოინის გამო მეანაბრეებმა წლის დასაწყისიდან უკვე 31 მილიონი ევრო იზარალეს, ბელგიაში - 100 მილიონი. მსგავსი საფრთხე სრულიად შესაძლებელია, ქართველ მეანაბრეებსაც შეექმნათ, რადგან ბაზარი ასეთი რისკისაგან დაცული არ არის.

როგორც ირკვევა, მიმდინარე წლიდან მოყოლებული, ფრანგმა მეანაბრეებმა 31 მილიონი ევროთი იზარალეს. საქმე ეხება მაქინაციებს, რომელთა შედეგად თაღლითები მათ ბიტკოინებში ფულის დაბანდებას ურჩევდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი პრესა საფრანგეთის ფინანსურ-მაკონტროლებელ კომისიაზე დაყრდნობით წერს. მაქინატორებისაგან 700-ზე მეტმა ადამიანმა იზარალა.

თაღლითები მოქმედებდნენ ტელეფონებით. ძალიან ბევრი მეანაბრისათვის ბიტკოინი სიახლე იყო, შესაბამისად, ისინი ნაკლებ ინფორმაციას ფლობდნენ ამ კრიპტოვალუტის შესახებ. ე.წ. ინვესტორები კი მანიპულირებენ რთული ტერმინოლოგიით, სთავაზობდნენ მათ მსხვილ შემოსავალს ბიტკოინებში ევროს ინვესტირებით. საბოლო ჯამში, მოქალაქეების მიერ გადარიცხული ფინანსები უბრალოდ ქრებოდა.

რადგანაც ევროპაში უკვე დაიწყო "ციფრული პრობლემები", გამორიცხული არ არის, იგივე განმეორდეს საქართველოშიც. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომელიმე მათგანს მაქინაციის გამო ზარალი განეცადა, თუმცა როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, ეს საფრთხე რეალურად არსებობს და საფუძველიც საკმაოდ მყარი აქვს.

"რასაკვირველია, შეიძლება, კურსის ცვლილებამ ბვერი დააზარალოს. ეს ბაზარზე ჩვეულებრივი მოვლენაა - კურსი ხან მაღლა მიდის, ხან - დაბლა. ცხადია, რომ, მოგებასთან ერთად, ბიტკოინს ზარალიც მოაქვს, გააჩნია, რა პოზიცია აქვს ბაზარზე. ეს რისკიანი პროცესია, როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაცია.

თუ რაღაც აქტივი გაფუჭდა, რასაც სხვა ქვეყნებშიც აქვს ადგილი, ცხადია, დანაკარგი გვექნება საქართველოშიც, მაგრამ რეალურად არის საფრთხე, რომ ზარალი გარკვეული მაქინაციებით გახდეს გამოწვეული. ვინაიდან ახალი ტექნოლოგიაა, თაღლითები ბაზარზე ყოველთვის არიან დადარაჯებული, რომ რაღაც სარგებელი მიიღონ და ხელი მოითბონ. ეს რისკი რეალურად არსებობს. ამისგან ბაზარი დაცული არ არის.

მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ვერ შეაფერხებს ციფრული ვალუტის განვითარების პროცესს. ვფიქრობ, რომ ბიტკოინს მომავალი აქვს, მაგრამ სანამ საბოლოოდ დამკვიდრდება და აღიარებული იქნება, რთული გზის გავლა მოუწევს, თუმცა მომავალი მაინც ციფრული ტექნოლოგიებისკენაა. ბევრი ხარჯის აღმოფხვრა იქნება შესაძლებელი ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მომავალში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თუთბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ თაღლითების გამო ბელგიელმა მეანაბრეებმაც იზარალეს. კრიპტოვალუტების ლეგალურ ბირჟა "კოინჰაუსის" ინფორმაციით, რომელიც ბელგიაში ფუნქციონირებს, თაღლითებმა საფრანგეთზე ადრე დაიწყეს მანიპულირება და უკვე აზარალეს ბელგიელები 100 მილიონი ევროთი. ექსპერტების განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთი ბელგიაზე ხუთჯერ დიდია, მომდევნო წლებში კრიპტოვალუტებში დაბანდებებით დაზარალებულთა ციფრი ბევრად მეტი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×