ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ასე ღიად არასდროს ყოფილა კონფრონტაციაში მედიასთან, ბიზნესთან და არასამთავრობო სექტორთან, რაც, მათი აზრით, ხელისუფლების იმიჯზე ნეგატიურად აისახება.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლებების გზას დაადგა, რომლებიც ასევე ღია კონფრონტაციაში შევიდნენ მედიასთან, ბიზნესთან და არასამთავრობო სექტორთან და როგორ დაასრულეს მმართველობა, ყველამ კარგად ვნახეთ.
„ყველა ხელისუფლებამ გაიარა იგივე გზა, რასაც დღეს „ოცნება“ დაადგა. გვახსოვს შევარდნაძის პერიოდის განცხადებები ბიზნესთან მიმართებაში - „აბა, ყველამ დაყაჭეთ ფულებიო“. სააკაშვილის ხელისუფლებას ხომ ერთიანად უნდოდა თავისუფალი მედიისა და თავისუფალი ბიზნენსის ხელში ჩაგდება. როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩა და თავისი წინამორბედების გზას დაადგა, მათი მმართველობა კი როგორ დასრულდა, ყველამ ვნახეთ.
„იმაში, რაც დღეს ხდება, მხოლოდ ხელისუფლებაა დამნაშავე. იგი შედეგს ებრძვის და არა ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს. თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა რეალობა იქნება, საერთოდ მშვიდობით თუ მივედით 2020 წლის არჩევნებამდე.
„ორი აზრი არ არის, რომ პროცესები გაღრმავდება და მიზერული შანსია იმისა, რომ „ოცნებამ“ რაიმე ისეთი გარდაქმნა მოახდინოს, რომ შეაჩეროს სიტუაციის ეს დაღმასვლა. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ პროცსები ქუჩაში გადავიდეს და პროტესტის სხვა ფორმა მიიღოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.