სირიის შემდეგ რუსებმა ჯარების შეყვანა აფრიკის კონტინენტზე, ლიბიაშიც დაიწყეს კრემლის ფავორიტის, მეამბოხე ლიბიელი გენერლის ხალიფა ხაფტარის მხარდასაჭერად. დიდი ბრიტანეთი კი შიშობს, რომ რუსეთი ლიბიაში ყოფნას საკუთთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს და აფრიკიდან ევროპისაკენ დიდი მიგრაციული ნაკადების გამოშვებას დაიწყებს.
რუსული არმიის ნაწილების ლიბიაში შეყვანაზე ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა „სანი~ ავრცელებს. გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული სამხედრო კონტიგენტი უკვე გადასროლილია ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც ამბოხებული გენერალი აკონტროლებს და რუსი სამხედროების იქ გაგზავნა ბოლო თვეების განმავლობაში ეტაპობრივად ხდებოდა.
რუსეთმა აღმოსავლეთ ლიბიაში ასევე გადაისროლა სპეცრაზმის რამდენიმე ათეული ჯარისკაცი და გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს, გრუ-ს თანამშრომლები, -ბრიტანეთის ხელისუფლებიდან წყაროზე დაყრდნობით წერს „სანი".
გაზეთის ცნობით, რუსი სამხედროები მარშალ ხალიფა ხაფტარის არმიის მომზადებას ეწევიან, რომელსაც მოსკოვი ასევე მძიმე შეიარაღებასაც აწვდის.
ლიბიაში რუსეთმა უკვე შექმნა ორი სამხედრო ბაზა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ტობრუკისა და ბენგაზიში. ორივე ბაზაზე ოფიციალურად რუსული ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" დანაყოფებია განლაგებული.
ლიბიაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების ყოფნა რუსულ გამოცემა `ერბეკას~ ასევე დაუდასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყარომაც. მისი ინფორმაციით, ლიბიაში უკვე გადასროლილია მანამდე პოდმოსკოვიეში დისლოცირებული მედესანტეთა ელიტარული ნაწილები.
ლიბიის ხელისუფლებასთან დაახლოებული სხვა წყარო ადასტურებს რუსულ სამხედრო აქტივობას რეგიონში და ამბობს, რომ რუსეთის მოკავშირედ გამოდის ქვეყნის ეროვნული არმია, რომელსაც მარშალი ხაფტარი ხელმძღვანელობს და რუსეთის ყოფნა დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის ინტერესებთან.
გამოცემის ცნობით, ლიბიაში რუსეთის სავარაუდო აქტივობაზე მოსკოვს გაფრთხილება მისცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ. როგორც გამოცემასთან საუბარში ბრიტანელი ჩინოვნიკი ამბობს, თუ მოსკოვი კონტროლს აიღებს ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ის შეძლებს გააკონტროლოს აფრიკიდან ევროპის მიმართულებით მიგრაციის ნაკადების ინტენსივობა.
`ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ მიგრაციის ნაკადებისა და ნავთობის შოკებისაგან, რომლებიც ლიბიაში არსებულ სიტუაციაზეა დამოკიდებული", - დასძენს ბრიტანული გაზეთის წყარო.
ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მოსკოვის საქმიანობას `შემაშფოთებელი, მაგრამ მოსალოდნელი~ უწოდა.
`ისინი (რუსები) ეჭვგარეშე შეეცდებიან საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოიყენონ აფრიკიდან მიგრაციული მარშრუტების კონტროლი," - აცხადებს პარლამენტარი.
8 ოქტომბერს რიგმა გავლენიანმა დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს მკაცრი ზომები მიიღოს ლიბიაში „რუსული საფრთხის წინააღმდეგ", - წერს „სანი"
„ჩვენ ამის იგნორირება არ შეგვიძლია", - გამოცემასთან საუბარში განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა, მმართველი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯეიმს კლევერლიმ.