ეკატერინე ბასილაია
09.10.2018

 რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნება სანქციებისა და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ამჯერად ვერ შედგა. მოსკოვის დიდი მცდელობის მიუხედავად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, დიდი და მწვავე დებატების შემდეგ, რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციისთვის 4 წლის წინ დაწესებული სანქციის მოხსნას და დელეგაციისთვის ხმის უფლების დაბრუნებას გულისხმობდა, ჩავარდა და ასამბლეის სპეციალურ კომიტეტს გადაუგზავნეს დამატებით დასამუშავებლად.

რუსეთი ახლა უკვე 2019 წლის იანვარის ზამთრის სესიას ელოდება, როდესაც შესაძლოა ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგეს.  

საკითხის ჩავარდნაზე კი დიდი გავლენა სწორედ იმ მძაფრმა კრიტიკამ იქონია, რაც ასამბლეაზე მოხდა. საქართველო, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, უნგრეთი - ამ ქვეყნების დელეგაცია რუსეთის სასარგებლო საკითხის გატანას აპროტესტებდნენ. მათ შორის ყველაზე მწვავე კრიტიკით უკრაინა და დიდი ბრიტანეთი გამოირჩეოდა. მათი განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ აგრესია დეპუტატებს არ უნდა დაავიწყდეთ, ამიტომაც რუსეთისათვის ხმის უფლების დაბრუნება მიუღებელია მაშინ, როდესაც მოსკოვს არც ერთი დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებია. 

უფრო მეტიც, უკრაინის დელეგაცის ერთ-ერთი წევრი ასამბლეის სხდომაზე სადეზინფექციო ხელთათმანებით მივიდა იმის დემონსტრირებისათვის, რომ „რუსეთთან ურთიერთობა ტოქსიკურია“.

თუმცა, რუსებს ევროსაბჭოში მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რუსეთს ხმის უფლება უნდა დაუბრუნდეს. მხარდამჭერებს შორის იყვნენ ბელგიელი და გერმანელი დეპუტატები და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი. 

ცნობისათვის, დღეს განიხილებოდა რეზოლუციის პროექტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტში სანქციების დაწესების წესთან დაკავშირებით ცვლილების შეტანაზე. დღეს არსებული წესით, სანქციების დაწესებისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების ნახევარზე მეტი ხმაა საჭირო. ახალი პროექტით კი საუბარია იმაზე, რომ სანქციების დამტკიცება ხმათა 2/3-ით უნდა მოხდეს, ანუ სანქციის დადება ამა თუ იმ დელეგაციის წინააღმდეგ რთულდება. 

როგორც დიდი ბრიტანეთის და უკრაინის დელეგაციები თვლიან, რეგლამენტში ეს ცვლილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეუძლებელს ხდის, რადგან მოსკოვი მხარდამჭერ 1/3 ხმებს მარტივად მოაგროვებს იმ ქვეყნების დელეგაციების დახმარებით, რომლებიც რუსული გავლენის ქვეშაა, რათა მისი საწინააღმდეგო წინადადებები დაბლოკოს. ასეთ ქვეყნებად მიიჩნევიან, მაგალითად, სომხეთი და სერბეთი. 

საგულისხმოა ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იყო პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქცია შემოიღო და 2014 წლის გაზაფხულზე ასამბლეაზე რუსეთს ხმის უფლება ჩამოერთვა. ახლა კი, რუსეთის დიდი მცდელობის შემდეგ, ამ სანქციის გაუქმება დადგა დღის წესრიგში და ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ რუსეთს ორგანიზაციაში ქვეყნებისთვის დაწესებული შენატანი არ შეაქვს, რაც მილიონობით ევროა, ორგანიზაციას კი ფინანსური კრიზისი აქვს და ახლა რუსული ფული ძალიან სჭირდება. 

„ჩვენ არ გვსურს შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც ქვეყანა, რომელმაც უარყო ვალდებულებები და რომელსაც დაკისრებული აქვს შეზღუდვები ევროსაბჭოს მხრიდან, მიიღებს შემსუბუქებულ დამოკიდებულებას“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა კოლეგებს. 

მისი განცხადებით, საქართველოს დელეგაციას არ სურს, რომ ეს მოხსენება იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის პირობად, რომ მან არ შეასრულოს ვალდებულებები. ასევე არ სურს, რუსეთი გავიდეს ევროსაბჭოდან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს შანტაჟის, ფინანსური ზეწოლის გზით და ცალმხრივი კომპრომისით. 

„თუ ჩვენ პრობლემის ასეთ მოგვარებას დავუშვებთ, მაშინ ეს დაასუსტებს ჩვენს ორგანიზაციას და დააზიანებს ჩვენს რეპუტაციას... მოდით არ შევცვალოთ წესები, მოდით მოვძებნოთ ამ მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

„თუ რუსეთს კარიდან უშვებთ, შეამოწმეთ კარის სახელური. ხელთათმანებით მოვედი, რათა მეჩვენებინა რა მოხდება, თუ რუსეთი კვლავ გახდება ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი,“ - განაცხადა უკრაინული დელეეგაციის წევრმა ალექსეი გონჩარენკომ, რომელიც რეზინის ხელთათმანებით მივიდა ასამბლეაზე და ამ პერფორმანსით სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაზე გააკეთა აქცენტი.

ბრიტანეთის დელეგაციის წევრმა დონალდ ანდერსენმა განაცხადა, რომ ვერავინ უგულველყოფს რუსეთის მიერ ჩადენილ ქმედებებს, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის ინტერვენცია, როგორიცაა სოლსბერისში მოწამვლა. 

„ვიმედოვნებ, ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთის ქმედებები უმკაცრეს კრიტიკას იმსახურებს. უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც წევრ ქვეყნებს არ უნდა შეეძლოთ სანქციების გაუქმება. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ რუსეთის მიერ ჩადენილ ქმედებებს, როგორიცაა სოლსბერიში მოწამვლა, ნიდერლანდებში კიბერთავდასხმის ბოლო მცდელობები, წევრ სახელმწიფოებში, საქართველოსა და უკრაინაში ინტერვენცია, დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევა, ბალტიის ქვეყნებისთვის საფრთხის შექმნა. ამ ყველაფრის პასუხად ჩვენ უნდა მივიღოთ მათი შანტაჟი?“, - განაცხადა ანდერსონმა. 

თავის მხრივ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ არიევი ამბობს, რომ უკრაინის დელეგაცია სამართლიანობისთვის იბრძვის.

„საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი გადაწყვეტილება შემდეგი იქნება: დავრჩეთ ძლიერები და პრინციპულები, ან რუსეთის შანტაჟს დავექვემდებაროთ. ჩვენ გვაქვს დილემა - ფული სამართლიანობის წინააღმდეგ. უკრაინის დელეგაციისთვის არჩევანი აშკარაა: ჩვენ სამართლიანობისთვის ვიბრძვით. არ შეიძლება აგრესორს ვაპატიოთ“, - განაცხადა მან.

რუსეთის მხარდამჭერების ჯგუფში აღმოჩნდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი, რომელმაც რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას არასწორი ნაბიჯი უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას ემხრობა. 

ამ განცხადებამ დარბაზში, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა მხრიდან, უკმაყოფილება გამოიწვია. 

აღსანიშნავია, რომ გენერალური მდივანი ასამბლეის წევრი არ არის, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში მას სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს.

საბოლოოდ, ასამბლეის რეგლამენტში ცვლილების შეტანას კენჭი უყარეს, თუმცა საკმარისი 2/3 ხმა ვერ მოგროვდა და ცვლილებების შესახებ რეზოლუციის პროექტი ავტორმა, ბელგიელმა დეპუტატმა პეტრა დე სუტერამ პროექტი უკან, ისევ კომიტეტში, გაიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×