რეზონანსი
10.10.2018

 ავღანეთში 9 ქართველმა სამხედრო მომსამსახურემ საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებული სავაჭრო ობიექტები გაქურდეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა მიმდინარე წლის 24 ივლისს მოხდა. უწყების ცნობით,  ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურებმა  საავიაციო ბაზა ბაგრამის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში სხვისი ნივთები მიისაკუთრეს. 

„სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის 5 სამხედრო მოსამსახურე თავისუფალ დროს შევიდა მათ საცხოვრებელ ყაზარმასთან ახლოს არსებულ ე.წ. „PX“-ს ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 2952.29 აშშ დოლარის ღირებულების ნივთებს. იმავე დღეს, აღნიშნული პირები იგივე ბატალიონის სხვა 4 თანამზრახველთან ერთად იმავე ქსელის სხვა მაღაზიაში ასევე ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 3599.60 აშშ დოლარის ნივთებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მაღაზიაში მოპარული ნივთები მფლობელს დაუბრუნდა. დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირებს მივლინება შეუწყვდ და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოში ვადაზე ადრე დააბრუნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე დღეს  იმსჯელა და 9-ვე სამხედრო მოსამსახურეს აღკვეთის ღონისძიებად 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

9 სამხედრო მოსამსახურისთვის წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებს მოიცავს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. გამოძიება კვლავ გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×